4710 | ცოტათი ახლოს, ცოტათი შორს

ექსპერიმენტები, რევოლუციები და თავისუფლება ‒ თბილისი, საკმაოდ ქაოტური, წარსულში, აწმყოსა და მომავალში დაკარგული ანარეკლების ერთობლიობაა, რომლებიც ჩვენს ქალაქს ეგზოტიკური ხელოვნების ნიმუშად აყალიბებენ. თუ ლოკალური ეკონომიკური, პოლიტიკური, სამოქალაქო და სახელოვნებო პარადოქსული დისკურსების აღმოჩენას მოისურვებთ, ვგონებ, კარგად გაცვეთილ რუკებზე დატანილი კულტურული ძეგლები ნაკლებად გამოგადგებათ. ისინი ატომური სიდინჯით, ქრონოლოგიურად მოგიყვებიან ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ წამიერი, გულწრფელი აღმაფრენის მემატიანეები უფრო ქართული, თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და არტ-გალერეები არიან, არატრადიციული მისალმების ფორმებითა და ველური თამაშებით.

ანა გაბელაიასა და ნინი დარჩიას მიერ შექმნილი თანამედროვე ხელოვნების საგალერეო სივრცეა, რომელიც გარდა გალერეის ტრადიციული ფუნქციებისა, ალტერნატიული საგამოფენო სივრცის დანიშნულებასაც ითავსებს. 4710-ის მთავარი მისია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების პოპულარიზაციაა და მიუხედავად კომერციული ნაწილისა, ეს ადგილი ყოველთვის ტოვებს სივრცეს ექსპერიმენტებისთვის.

რატომ ეს სახელი?

ანა გაბელაია: ეს რიცხვი ჩვენი საყვარელი მთის, უშბის უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა.

რატომ შექმენით 4710?

ნინი დარჩია: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელოვნებო სცენას ბოლო წლებში ბევრი გალერეა შეემატა, ვიფიქრეთ, რომ ის მიმართულება, რაც ჩვენს გალერეას გვინდა ჰქონდეს, ყველა არსებულისგან განსხვავდება და სწორედ ამიტომაცაა საჭირო მისი არსებობა.

რა არის 4710-ის მიზანი?

ნინი დარჩია: გვინდა მაქსიმალურად გახსნილები ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის ჩვენც და გალერეაც. მოგვწონს ყოველ მომდევნო გამოფენაზე მუშაობის ცოცხალი პროცესი, ვცდილობთ, არაფერში შევზღუდოთ ჩვენი თავი თუ ის არტისტები, ვისთანაც ვმუშაობთ.

რას ამბობს 4710, როცა ირგვლივ სიჩუმეა?

ანა გაბელაია: სიჩუმეს გააჩნია. ხანდახან სიჩუმის დარღვევა დანაშაულია, ხანდახან პირიქით.

სად არის თავისუფლება?

ანა გაბელაია: ხელოვნებაში ნამდვილად არის თავისუფლება. ისე კი, ყველაზე მეტად თავისუფლება ადამიანის გონებაშია.

როგორი წარმოგიდგენიათ ხელოვნების რევოლუცია?

ნინი დარჩია: როგორიც ბევრი გვინახავს ‒ გარდამტეხი და ეპოქის შემქმნელი.

რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ქართულ თანამედროვე ხელოვნებას განვითარებისთვის?

ნინი დარჩია: პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ხელშეწყობა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არსებობა, ფონდის არსებობა, რომელიც იმუშავებს თანამედროვე ხელოვნების არქივის შექმნაზე, ხელოვანების ექსპერიმენტები, თავისუფლება და აუდიტორია.

რატომ გახდა გალერეები გათავისუფლებისა და სიახლის სიმბოლო?

ანა გაბელაია: გალერეების გახსნა საჭირო გახდა. ქართული თანამედროვე ხელოვნების სცენას ბევრი სხვადასხვა თაობისა და ინტერესების მქონე ხელოვანი ჰყავს და მათ სჭირდებათ შესაბამისი სივრცეები. გალერიის მსგავსად ჩვენც ვცდილობთ, კურატორსა და გალერისტს შორის ვიპოვოთ ადგილი, სადაც კომფორტულად ვიგრძნობთ თავს.

 

ფოტო: ანა ბოკო