28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, უკვე მეორედ, თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, წარმდგენი კი – თიბისი.
ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან.
ფესტივალის აქტივობები განაწილებული იქნება შემდეგ ზონებში:
• სპორტის ზონა – სპორტული აკადემიები, სპორტსკოლები, სპორტული წრეები;
• განათლების ზონა – კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;
• ჯანმრთელობის ზონა – ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, ფსიქოლოგები;
• გართობის ზონა – გასართობი ცენტრები, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები;
• საბავშვო სტარტაპების ზონა – საბავშვო მიმართულებით მომუშავე სტარტაპები.
ფესტივალის სტუმარ მშობლებსა და ბავშვებს საკუთარი ზონით დახვდება თიბისიც. მშობლებს შვილებისთვის მოსწავლის #1 ბარათის აღება უფასოდ შეეძლებათ.
„ბარათს აქვს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილებში. #1 ბარათის მისაღებად მშობლის პირადობა და ბავშვის დაბადების მოწმობაა საჭირო. პატარა მომხმარებლები, რომლებიც ბარათს აიღებენ, დავით კაკაბაძის თემატიკის საჩუქრებასაც მიიღებენ: ბლოკნოტებს, ფანქრებს, ცხრილებს, სანიშნეებსა და სტიკერებს“, – განმარტავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, სტუმრებს საბავშვო წიგნების შეძენის ექნებათ.
გარდა ამისა, მთაწმინდის პარკისგან საჩუქრად, საბავშვო ატრაქციონების ზონით სარგებლობა 17 ლარად ულიმიტოდ იქნება შესაძლებელი.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
წყარო: BMG