Forbes-მა ამერიკის ყველაზე წარმატებული ქალებისა და მეწარმეების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. გამომცემლობამ ქვეყნის წამყვანი ლიდერები ამოარჩია, რომლებიც კაპიტალს საკუთარი შრომით აგროვებენ.
100 მეწარმის ქონების ჯამურმა ღირებულებამ წელს $118 მილიარდი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა. ექსპერტები ამ მატებას საფონდო ბაზარზე ფასების ცვლილებას უკავშირებენ. სიაში რეკორდული რაოდენობით მილიარდელები შევიდნენ, როგორებიც არიან პოპ-ვარსკვლავი რიანა და 23andMe-ს დამფუძნებელი ენ ვოჩისკი. ასეულის წევრების ორი მესამედი კომპანიის თანადამფუძნებელია, 26 კი – აღმასრულებელი დირექტორი. მათ შორისაა Epic System-ის დამფუძნებელი და ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ჯუდი ფოლკნერი და ციფრული გიგანტის, Oracle-ს აღმასრულებელი დირექტორი საფრა კაცი. ყველაზე წარმატებული ქალების ასეულში მოსახვედრად გასულ წელს მინიმალური ზღვარი $150 მილიონი იყო, წელს კი – $225 მილიონია.
ზედიზედ მეოთხე წელია პირველობას არ თმობს დაიენ ჰენდრიქსი, რომელმაც ქმართან, კენთან ერთად დააფუძნა ფირმა ABC Supply. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო მასალებით ამარაგებს. ფირმის ღირებულება წელს $11 მილიარდამდე გაიზარდა. ჰენდრიქსი პირველი თვითშემდგარი ქალია ამერიკის ისტორიაში, რომლის ქონების წმინდა ღირებულებამაც $10 მილიარდს გადააჭარბა.
პოპ-ვარსკვლავი რიანა სიაში მე-16 ადგილს იკავებს და უკვე მილიარდელია. მომღერალი Fenty Beauty-ს 50%-ს ფლობს და შემოსავლის ნაწილს ამ კომპანიიდან იღებს. მილიარდელების სიაშია ახალია უიტნი ვულფ ჰერდი, რომელმაც აპლიკაცია Bumble შექმნა. წარმატებული ქალების ასეულში მოხვდნენ ფინანსური ტექნოლოგიების ლიდერი ჯენი ჯასტი და სადაზღვეო კომპანიის დამფუძნებელი, რობინ ჯონსიც. სიის წევრია რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიან-ვესტი, რომელიც კოსმეტიკური პროდუქტების კომპანიას ფლობს – Skims-ის ღირებულების ზრდასთან ერთად მისი შემოსავალიც გაიზარდა.
სიის 15 ახალწვეულიდან ყველაზე ცნობილი დოლი პარტონია. ამერიკელმა მომღერალმა მშობლიური ტენესის შტატში Dollywood-ის თემატური პარკი შექმნა. გონებამახვილი ინვესტიციებისა და მრავალფეროვანი მუსიკალური კატალოგის წყალობით 75 წლის არტისტმა სიაში სხვა მეწარმეების გვერდით დაიკავა ადგილი. საგულისხმოა, რომ პარტონმა მილიონდოლარიანი დონაცია გადასცა Vanderbilt-ს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კვლევების ჩასატარებლად და მოდერნას ვაქცინის დასამზადებლად.
სიაში მოხვდა სამყაროს ყველაზე მდიდარი სუპერმოდელი სინდი კროუფორდიც ($225 მილიონი). ის კომპანია Meaningful Beauty-ს მფლობელია, რომელიც კანის მოვლის საშუალებებს ქმნის. კროუფორდმა ბრენდი 2004 წელს დაარსა, მაშინ, როცა ცნობილი ადამიანები საკუთარ სახელთან დაკავშირებულ ფირმებს იშვიათად ქმნიდნენ. „მიხარია როცა აეროპორტში ან მაღაზიაში ყოფნის დროს ქალები მოდიან და მეუბნებიან, რომ Meaningful Beauty-ს პროდუქტები ძალიან უყვართ.“ – ამბობს კროუფორდი.
ყველაზე უმცროსი ქალი სიაში 23 წლის კაილი ჯენერია, ყველაზე უფროსი კი – 95 წლის ელის შვარცი. სიის წევრები 22 სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, წარმატებული ქალებიდან 46 კალიფორნიის მკვიდრია.
მეწარმე ქალების ასეულში თითქმის ყველა ინდუსტრიას ვხვდებით, მათ შორის მზის ენერგიისა (ლინ ჯურიჩი SunRun-იდან, 95-ე ადგილზე) და ონლაინ განათლების სექტორებსაც (რეიჩელ კარლსონი Guild Education-იდან, 61-ე ადგილზე). მიუხედავად ამისა, ზოგი სფერო განსაკუთრებით ლიდერობს.
დღევანდელ ეკონომიკაში ტექნოლოგიური სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია დამწყები მეწარმეებისთვის. Forbes-ის სიაში 28 ქალი სწორედ ამ ინდუსტრიაში მუშაობს. ჯამური $37 მილიარდიანი ქონებით, ამ პიონერებმა დააფუძნეს და განავითარეს ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა ნეჰა ნეკარჰედეს Confluent-ი. ზოგი ქალი თავდაპირველად ფირმის უბრალო თანამშრომელი იყო, შემდეგ კი მმართველ პოზიციაზე დაწინაურდა. მაგალითად, შერილ სენდბერგი Facebook-იდან და მეგ უიტმენი eBay-იდან.
მეორე ყველაზე ფართო შემოსავლის წყარო ამერიკის უმდიდრესი ქალებისთვის მოდის ინდუსტრიაა. სიიდან 20 ქალი, კოლექტიური $19.5 მილიარდით ამ სექტორში მუშაობს. მათ შორის არიან ჯუდ ლავი ($5.2 მილიარდი) რომელმაც 84 წლის ასაკში შეძლო მე-4 ადგილის დაკავება მოდისა და გაყიდვების კატეგორიაში. ოკლაჰომაში მცხოვრებმა მეწარმემ ქსელი Love’s Travel Stops & Country 1964 წელს დაარსა.
გასართობი და მედია ინდუსტრია მესამე ადგილს იკავებს. ამ სფეროში მოღვაწე 12-მა თვითშემდგარმა ქალმა ჯამურად $7.16 მილიარდის სიმდიდრე დააგროვა. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ოპრა უინფრი ამ კატეგორიაში დაწინაურდა. სიის წევრები არიან Black Entertainment Television-ის თანადამფუძნებელი შეილა ჯონსონი ($750 მილიონი), მომღერალი ტეილორ სვიფტი ($550 მილიონი) და ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ($370 მილიონი).
მეოთხე ადგილს ფინანსური სექტორი იკავებს. წარმატებულ ქალებს ვხვდებით ჯანდაცვის, კვების, სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიებშიც.
რეიტინგის შედგენისას ქალების შემოსავლები 2021 წლის 2 ივლისს გამოითვალეს კომპანიების საბაზრო ღირებულებების მიხედვით – ამ პროცესის პარალელურად რიზ უიზერსპუნის Hello Sunshine-ს Blackstone-მა შეიძინა. ამის გამო ყველაზე მდიდარი მსახიობი ქალი, რომლის შემოსავალიც ახლა $400 მილიონს აღწევს, სიაში არ არის. ცხადია, შემოსავლები მუდმივად იცვლება – მაგალითად, ენ ვოჩისკის ქონების წმინდა ღირებულება ივლისის დასაწყისში $1.1 მილიარდი იყო, ახლა კი $800 მილიონამდე დაეცა.