ფემინისტური საკითხავი 2020–დან

ლამაზი გოგონას ოცნებები მიმზიდველ პრინცზე, ქალის შეზღუდული უფლებები, არანაირი განათლება, მიზანი ან ამბიცია, დაჩაგრული ყოფა და აუცილებელი ქორწილით დასრულებული ამბავი – ეს ის სიუჟეტია, რომელსაც ბევრ წიგნში შევხვდებით, თუმცა თავს არაფრით დაგვამახსოვრებს. სასიხარულოა, რომ ქალმა ავტორებმა და არა მარტო მათ, დიდი ხნის წინ მიივიწყეს ეს ნაკლებად საინტერესო და უკვე მრავალჯერ გადაწერილი ისტორია. ხოლო, მათი წიგნის პერსონაჟები ჭკვიანი, მიზანდასახული და დაუბრკოლებელი გოგონები გახდნენ.

„ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფული და ოთახი, თუ ის ლიტერატურის შექმნას აპირებს“ – წერდა ვირჯიანია ვულფი, ფემინისტური ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. ალბათ, ქალმა ავტორებმა გასულ წელს ნამდვილად დიდი დრო გაატარეს საკუთარ ოთახებში, რაზეც, მიუხედავად 2020 წლის სირთულეებისა, მათი უხვი ნამუშევრებიც მოწმობს.

მწერლობაში, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ სფეროში, ქალებს არ უჭირთ თავიანთი შემოქმედებით მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მუდმივად გვაწვდიან ახალ წიგნებს, ნოველებსა თუ ბლოგებს, რომლებიც ფემინიზმის იდეის გავრცელებასა და ქალებისათვის თანადგომას ითვალისწინებს. ქალი მწერლების ტექსტებში ხშირად ამოგვიკითხავს ინსპირაციული შეგონებები, გვინახავს ძლიერი, მეამბოხე და შეუპოვარი ქალი პერსონაჟები, ხოლო ავტორების თანადგომა მათი გოგონების მიმართ, ყოველთვის აშკარაა. 2020 წელს გამოქვეყნებული წიგნების საკმაო ნაწილი სწორედაც რომ ქალებს მიეძღვნათ. ისინი გამოირჩეოდნენ მათი გაძლიერების სურვილით, მოქმედებისაკენ მოწოდებითა და მხარდაჭერით. ქვემოთ კი 2020 წლიდან ხუთ ქალ ავტორსა და მათ ფემინისტურ წიგნებს წარმოგიდგენთ, რომელთა გაცნობა 2021 წელსაც გასიამოვნებთ.

HOOD FEMINISM: NOTES FROM THE WOMEN THAT A MOVEMENT FORGOT

„Hood Feminism“ მიკი ქენდალის გრაფიკული ნოველაა, რომელიც გასული წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა და New York Times-ის ბესტსელერიც გახდა. მიკი ქენდალი ამერიკელი მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი და კულტურის კრიტიკოსია. ამჟამად ავტორს სამი წიგნი აქვს გამოქვეყნებული და მისი წიგნები თუ ესეები ქალებისა და მათი უფლებების შესახებაა.

Photo Credits to Goodreads

ავტორის ბოლო წიგნი ქალების პრობლემებზე გვიამბობს, მათ განათლების შესაძლებლობაზე, თანასწორ გარემოში არსებობაზე, სექსუალურ შევიწროებაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა უამრავ საკითხზე, რომლებიც ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაშია.

წიგნში შევხვდებით პროტესტისაკენ მოწოდებას. ავტორის აზრით, ქალების პროტესტი არ არის საკმარისად შედეგიანი, რადგან ისინი არ იღებენ მასობრივად მონაწილეობას. თუ რაღაც ჩვენ არ გვაწუხებს, მეზობლად მცხოვრები ქალი მაინც უნდა გვახსოვდეს. „No woman has to be respectful to be valuable“, წერს მიკი ქენდალი თავის წიგნში.

THE VANISHING HALF

„The Vanishing Half“ ბრიტ ბენეტს, ახალგაზრდა ამერიკელ ავტორს ეკუთვნის. „The Mother“ მწერლის პირველი წიგნია, რომელიც 2016 წელს გამოაქვეყნა. 31 წლის ქალის ორივე წიგნი New York Times-ის ბესტსელერია.

Photo Credits to NY Times

წიგნი ტყუპი დების ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ქალაქ მალარდში იზრდებოდნენ. გოგონებს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება, მიუხედავად დედის წარმომავლობისა. თუმცა, ისინი მალარდიდან წასვლას გადაწყვეტენ და ერთად დაიწყებენ ცხოვრებას, რომლის მსგავსი აქამდე არც წარმოედგინათ. წიგნის მთავარი იდეაა, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ და ეს ძალა სწორედაც ერთმანეთისთვის უნდა გამოიყენონ.

ბრიტ ბენეტის წიგნი 2020 წლის 2 ივნისს გამოიცა და სათანადო ინტერესიც დაიმსახურა. დების ისტორიაზე კი HBO მინისერიალი გადაღებას გეგმავს.

WEIRD, BUT NORMAL: ESSAYS

მია მერკადო, ახალგაზრდა ქალი ავტორი, დიდად აქტიურია სოციალურ ქსელებში და საკუთარ ბლოგსაც წერს. 2020 წლის 19 მაისს კი მან თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი – Weird, But Normal –  წარუდგინა საზოგადოებას.

Photo via miamercado.com

მია მერკადოს ტექსტები ფემინიზმსა და იდენტობის პოლიტიკაზეა ორიენტირებული. არც ავტორის პირველი წიგნია გამონაკლისი. იგი იუმორისტული ესეების კრებულია, რომელშიც  უხერხული, არასასიამოვნო თან უცნაური და თანაც ჩვეულებრივი ისტორიებია მოთხრობილი ქალებზე.

THE GIRL WITH LOUDING VOICE

„The Girl With Louding Voice“ ები დერის სადებიუტო რომანია. ები, პროფესიით იურისტი, ნიგერიელი მწერალია, რომელიც ამჟამად ინგლისში ცხოვრობს. მისი წიგნის მთავარი გმირი, ასევე ნიგერიელი თინეიჯერი გოგონაა. ადუნი საკუთარი თავისა და ადგილის პოვნას ცდილობს მსოფლიოში. მიუხედავად ასაკის სიმცირისა, მას სიღარიბისა და შეზღუდული განათლების დაძლევა უწევს. თუმცა, თინეიჯერის სიმამაცე გვაფიქრებინებს, რომ მისი ხმის მთელი მსოფლიოსათვის გაგონების პერსპექტივა რეალურია.

Photo Credits to NY Times

ები დერის ნოველა The Guardian-მა 2020 წელს გამოქვეყნებულ ათ საუკეთესო სადებიუტო წიგნს შორის შეიტანა.

I KNOW YOU RIDER

რას განიცდიან ქალები ორსულობისას და აბორტის შემდეგ, რეპროდუქციული გადაწყვეტილებები, რა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემის წინაშე დგებიან ისინი და სად ეძებენ გამოსავალს – ეს საკითხები ილუსტრატორმა, ლესლი სტეინმა თავის კომიქსში დაგვანახა. ავტორი 144 გვერდიან კომიქსში ზოგჯერ სახალისო, სევდიან, ზოგჯერ კი ძალიან რთულ ამბებს იუმორითა და დიდი თანადგომით გვიხატავს. კომიქსის მთავარ ხაზში ვხვდებით ქალს და ვეცნობით მის ცხოვრებას აბორტამდე და მის შემდეგ.

Photo Credits to Goodreads

ლესლი სტეინის კომიქსი კითხვაზე „არის თუ არა ქალისათვის აუცილებელი შვილის ყოლა ?“, პასუხის ძიებას ეთმობა.

„თავისუფლება, თანასწორობა, დობა“ – ეს ის დევიზია, რომლებიც დღეს მწერალმა ქალებმა ტრანსპარანტებიდან ლიტერატურაში გადაიტანეს და ცვლილების სურვილით დაუღალავად გვიყვებიან ქალების ამბებს. სამწუხაროა, რომ მსგავსი ძალიან ბევრი წიგნის ქართული თარგმანი ჯერ არ მოგვეპოვება. იმედია, 2021 წელი ამ მიმართულებით მეტად წარმატებული იქნება.