2020 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის აგვისტოს წინასწარი ეკონომიკური შეფასება გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა, თითქმის ყველა სექტორში კლების ტენდენცია გამოვლინდა.

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.3% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.6 პროცენტია.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.8 პროცენტით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.9 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით, ორივე მაჩვენებელი უცვლელია.

წინასწარი ეკონომიკური შეფასება, ასევე, შეეხო 2020 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდის საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლებს. ამ შემთხვევაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ექსპორტი, ასევე, იმპორტია შემცირებული.

კერძოდ, გასული 8 თვის განმავლობაში, საქონლის ექსპორტმა (FOB) 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტით ნაკლებია. საქონლის იმპორტის (CIF) მაჩვენებელი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარია და ამ შემთხვევაში კლებამ 17.5% შეადგინა. ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7 022.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 16.7 პროცენტიანი კლებაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამასთან, აღსანიშნია, რომ 2020 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, საქონლის იმპორტის ჯამური ღირებულება (მლნ. აშშ დოლარი) მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდა ექსპორტისას.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება სამეწარმეო სფეროს სტატისტიკურ მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა აგვისტოში 3 183 ერთეული იყო და ეს მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 4.4 პროცენტითაა შემცირებული. ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ აგვისტოში 6 906.6 მლნ. ლარი შეადგინა და მისი ზრდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, -7.4 პროცენტია.

ამასთან, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2020 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში დადებითი იყო, თუმცა იკლებდა. მისი უკიდურესი მინიმუმი აპრილში დაფიქსირდა, რამაც 32.8 პროცენტიანი კლება შეადგინა.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წინასწარი ეკონომიკური შეფასება შეეხო სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებსაც. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში აღრიცხული სახელმწიფოს ჯამური ხარჯი შემოსავალს აღემატებოდა.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური