2020 წლის ფედერალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რესპუბლიკური პარტიის წევრი ქალი კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების გარდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ე.წ. „შუალედური“ არჩევნებიც იმართება. მოქალაქეები თანამდებობის პირებს ფედერალურ, შტატისა და ადგილობრივ დონეებზე ირჩევენ. „შუალედური“ არჩევნების დროს შეერთებული შტატების კონგრესის, ქვეყნის ფედერალური მთავრობის ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს, წარმომადგენელთა პალატა (ქვედა პალატა) და სენატიც (ზედა პალატა) აირჩევა. ქვედა პალატა 435 წევრისგან შედგება, ხოლო ზედა პალატა 100-წევრიან სენატს მოიცავს. 

სენატში თითოეულ შტატს ორი წარმომადგენელი ჰყავს, რომლებსაც როტაციულად ირჩევენ 6 წლის ვადით. შესაბამისად, ყოველ ორ წელიწადში არჩევნები სენატის ადგილების, დაახლოებით, ერთი მესამედის შესავსებად ტარდება. სენატორის საარჩევნო ოლქს მთელი მისი შტატი წარმოადგენს. 

სენატორებისგან განსხვავებით, წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2 წლის ვადით ირჩევენ და შტატებს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად წარმოადგენენ. წარმომადგენელთა პალატის წევრთა საარჩევნო ოლქების დასადგენად შტატის მოსახლეობა ერთმანეთის მოსაზღვრე იმდენ ოლქად იყოფა, რამდენი წარმომადგენლის ყოლაც კონგრესის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატაში შტატს განესაზღვრა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით.

117-ე მოწვევის კონგრესი, რომელიც 2019-2021 წლებისათვის დამტკიცდა, წარმომადგენელთა პალატაში 220 რესპუბლიკური პარტიისა და 211 დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ქვედა პალატაში ქალები მხოლოდ 27.2%-ით არიან წარმოდგენილი, რაც რიცხობრივად 123-ს შეადგენს. დემოკრატების პარტიიდან წარმომადგენელთა პალატაში 90 ქალია, ხოლო რესპუბლიკელების პარტიიდან მხოლოდ – 33. 

რაც შეეხება სენატს, 100 წევრიდან 50 რესპუბლიკელია, 48 დემოკრატი, 2 კი – დამოუკიდებელი კანდიდატი. 100 სენატორიდან 24 ქალია, რომელთაგან 16 დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 8 – რესპუბლიკურის. 

გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატი ქალების რაოდენობა ბევრად აღემატება რესპუბლიკელები ქალების რაოდენობას წარმომადგენელთა პალატასა თუ სენატში, რესპუბლიკელი ქალების უმრავლესობამ გამოაცხადა, რომ ისინი 2022 წლის 8 ნოემბერს გამართულ ფედერალურ არჩევნებში ქვედა პალატისთვის იყრიან კენჭს.

Wall Street Journal-ის თანახმად, გასული წლების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, წელს უფრო მეტმა რესპუბლიკელმა ქალმა გამოთქვა სურვილი 2022 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ამჟამინდელი მონაცემებით, 127-მა რესპუბლიკელმა ქალმა განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს წარმომადგენელთა პალატის ადგილისთვის, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება იმ 50 ქალს,  რომლებმაც თავიანთი კანდიდატურა 2020 წლის ამ დროისთვის წარადგინეს. 

127 ქალი კანდიდატი ყველაზე დიდი მაჩვენებელია რესპუბლიკელებისთვის მას შემდეგ, რაც მათ 2010 წელს 63 ადგილით ქვედა პალატა აიღეს. 2020 წელს რეკორდული შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჯამში 227 რესპუბლიკელი ქალი იბრძოდა წარმომადგენელთა პალატის ადგილებისთვის.

ელის სტეფანიკმა, აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქვედა პალატის წარმომადგენელმა, რომელიც 2014 წელს 30 წლის ასაკში იქნა არჩეული რესპუბლიკური პარტიის სახელით, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადა ქალ კანდიდატებს და განაცხადა, რომ 2020 წლის რეკორდი მხოლოდ დასაწყისია და ქალები მეტ აქტივობას 2022 წლის არჩევნებში აჩვენებენ.

წყარო: FORBES