2020 წელი, სხვა ბევრთან ერთად, ფილმებითაც დასმახსოვრბელი იყო. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულ ადგილს ბრიტანელი რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის, ემირალდ ფენილის, ფილმი “იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალია”. ემერალდ ფენილს უკვე არაერთი პოპულარული ფილმი თუ სერიალი აქვს შექმნილი, მათ შორის: “დანიელი გოგონა”, “გვირგვინი” და “გამოიძახეთ მეანი ქალი”.
ფილმში „იმედისმომცემ ახალგაზრდა გოგონა“ მოქმედება ერთ ჩვეულებრივ კლუბში იწყება, სადაც მაყურებელი არაჩვეულებრივი კერი მალიგანის პერსონაჟ კესის პირველად ხვდება.
ფილმი თავიდან ბოლომდე იმაზეა აგებული, თუ რამდენად რთულია იყო ქალი/გოგონა, თუნდაც ამერიკაში. მხოლოდ ერთი ფოტოა საკმარისი, სადაც ქალი ნასვამია ან უბრალოდ საზოგადოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამის გამო მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა შეიძლება სიცრუედ იქნას შერაცხული. რთულია თქმა, ვინ არის ფილმში ყველაზე უარყოფით პერსონაჟი, მაგრამ მედისონი და დეკანი უიოქერი მაინც გამორჩეულ ადგილს იკავებენ. ისინი არ არიან მძარცველები და მკვლელები, თუმცა ყველაზე მძიმე დანაშაული სწორედ მათი გულგრილობაა. მათ არ აინტერესებთ უდანაშაულო ადამიანის ბედი. სიუჟეტში წარმოჩენილ სიბნელეში არსებობს ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც კვლავ ეძებს სამართალს მომხდარისთვის და მისი სახელია კესი.
კესის ქმედებაც ყოველ პარასკევ საღამოს კლუბში წასვლა და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრებაც იმის სიმბოლოა, რომ კვლავ ცდილობს, იწამოს კარგის არსებობა, რომ სამყარო მოძალადეებითა და მჩაგვრელებით არ არის სავსე. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ნათელი წერტილის პოვნას ვერ ახერხებს.
რეჟისორის ამდენად რადიკალური დასასრული, შესაძლოა, მაყურებელმა გენიალურ ლარს ფონ ტრიერის შემოქმედებას შეადაროს, სადაც რეჟისორის სამყაროში ყველანაირი იმედი გამქრალია, სადაც კაცობრიობა უკვე “გადაგვარებულია” და მისი თითოეული ცოდვის საშინელებას ფილმის მაყურებელი ცხადად შეიგრძნობს.
კინოსურათმა მოიპოვა Los Angeles Film Critics Association Awards საუკეთესო სცენარისთვის და, ასევე, იმედისმომცემი კინორეჟისურისთვის Milos Stehlik ჯილდო.
რეჟისორის ხედვა საკმაოდ რადიკალისტურია. იშვიათია შემთხვევა, როცა რაიმე ნიშნით ადამიანთა დაყოფის შემდეგ, ერთ ჯგუფში მხოლოდ მონსტრებმა მოიყარონ თავი, თუმცა ამგვარი ჰიპერბოლიზებული გადაწყვეტაც სათქმელის საჭირო ემოციით მოტანის გზაა. რეჟისორს სურს, მაყურებელმა მეტი იფიქროს ორმაგ სტანდარტებზე, გაუჩნდეს ზიზღი ძალადობისა და სექსიზმის მიმართ. Სწორედ ამის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს ფენიქსთან გაიგივებული კესიც, ვისი სინათლის გაგრძელებაც, სავარაუდოდ, მაყურებელმა უნიჭიერესი ლავერნე კოქსის პერსონაჟ გალისში უნდა ეძიოს.
ფილმის სათაური კი ერთგვარი სინონიმია იმ ქალებისა, რომლებიც ორმაგი სტანდარტებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გამო მხოლოდ იმედისმომცემებადღა დარჩნენ და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება ვერასდროს შეძლეს. ფილმი ერთგვარ მიმართვადაც რჩება, რომელიც თითოეული ქალს მოუწოდებს, არ შეეპუოს და არ დანებდეს ორმაგ სტანდარტებს, ებრძოლოს უსამართლობას და საკუთარი სიმართლის დასაცავად უკან არაფერზე დაიხიონ.