შობის დადგომამდე ცოტაღა რჩება და სადღესასწაულო განწყობა სულ უფრო მეტად ღვივდება. ჩვენი აზრით, საშობაო არდადეგებზე ფილმების ყურება საყვარელ ადამიანებთან ერთად ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. თანაც, ვინ იცის, იქნებ ამ ფილმების ნახვამ გართობის გარდა ბევრ რამეზეც დაგაფიქროთ.
გთავაზობთ 2019 წელს გამოსულ 5 გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ეკრანიზაციას საშობაო ისტორიებზე:
Klaus – კლაუსი
ესპანელი რეჟისორის, სერხიო პაბლოსის გულისამაჩუყებელი ანიმაციური ფილმი, „კლაუსი“ ოსტატურად აღწერს ომის საშინელებითა და სადღესასწაულო გზნებებით აღსავსე ქალაქის მაცხოვრებლებს. ახალბედა ფოსტალიონ ჯასპერს უკიდურეს ჩრდილოეთ ქალაქ სმირენსბურგში აგზავნიან, სადაც წელიწადში 6000-ზე მეტი წერილის გაგზავნა ევალება. ადგილზე ჩასვლისთანავე იგი საომარ ზონაში აღმოჩნდება – ოჯახურ კლანებს უკვე საუკუნეებია სასტიკი მტრობა აქვთ გაჩაღებული. სამწუხაროდ, იქ წერილების გასაცვლელად აღარავის სცალია, თუმცა სასოწარკვეთილი ჯასპერი თოჯინების შემქმნელ, წვერებიან კლაუსს გაიცნობს და მათი საუცხოო მეგობრობა ბევრ ადამიანს დაუბრუნებს დიდი ხნის დაკარგულ რწმენასა და ბედნიერი მომავლის ჩამქრალ იმედს.
Last Christmas – გასულ შობას
რეჟისორ პოლ ჰიგის სათავგადასავლო კომედია ცნობილი მომღერლის, ჯორჯ მაიკლის ჰიტ Last Christmas-ის შთაგონებით გადაიღეს. ფილმში მთავარ როლს „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, ემილია კლარკი, ასევე, ჰენრი გოლფინგი და ემა ტომპსონი ასრულებენ. ეკრანიზაცია გვიამბობს ისტორიას ლონდონში მცხოვრებ გოგონაზე, რომელიც შობას მაღაზიაში სანტას დამხმარეა. მთავარი გმირი, ქეითი, ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრს შეცდომას უშვებს და პირად ურთიერთობებშიც უპასუხისმგებლოდ იქცევა. მიუხედავად ამისა, ცხოვრება მას სასიამოვნო სიურპრიზს მოუწყობს და ახვედრებს მამაკაცს, რომელიც მისთვის კიდევ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სიყვარული.
Noelle – ნოელი
რეჟისორ მარკ ლოურენსის მიერ გადაღებული სათავგადასავლო-ფანტასტიკური ჟანრის საშობაო ფილმი „ნოელი“ მაყურებელმა პირველად 11 ნოემბერს იხილა. მასში ყველასათვის საყვარელი ანა ქენდრიკი სანტას ქალიშვილის როლს ასრულებს. იგი ენთუზიაზმით სავსე, შობის დღესასწაულით აღტაცებული გოგონაა, თუმცა განგებამ მას ძნელი თავსატეხი გაუჩინა – იპოვოს და უკან დააბრუნოს მოულოდნელად გაუჩინარებული ძმა, ნიკი, რომელმაც სანტას მემკვიდრეობისგან გაქცევა მოისურვა და დღესასწაულს საფრთხე შეუქმნა. ნოელი თავის ერთგულ ელფთან ერთად ამაზონიდან ჩრდილოეთ პოლუსისკენ გაეშურება, სადაც ნამდვილი და ამაღელვებელი სასწაულებით მოქარგული გრძელი გზა ელოდება.
Cinderella Story: Christmas Wish – კონკიას საშობაო სურვილი
მაიკლ ჯონსტონის საშობაო მიუზიკლი ახალგაზრდა და შრომისმოყვარე ქეით ემესონის შესახებ გვიამბობს. იგი ნამდვილად კეთილშობილი და თავმდაბალი გოგონაა, თუმცა, ამპარტავანი დედინაცვლისა და ანგარებიანი ნახევარდების „წყალობით“ მუდამ პრობლემებში ეხვევა. უკიდურესი დამცირებისა და სიღატაკის თავიდან ასაცილებლად ქეითს ქალაქის ცენტრში ელფის განსახიერება და ქუჩაში სიმღერა უწევს. საბედნიეროდ, მის ცხოვრებაში საშობაო სასწაულიც ხდება და იგი ახალ თანამშრომელს, ნიკის გაიცნობს. მათ ურთიერთობას წინ ჩახლართული დაბრკოლებები ელის, თუმცა, გულწრფელი სიყვარულისა და ჯადოსნური მელოდიების დახმარებით, იგი საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლას დაისახავს მიზნად.
A Christmas Prince: The Royal Baby – შობას მოვლენილი პრინცი
ამერიკელი რეჟისორი ჯონ შულცი ალდოვიაში დატრიალებულ საშობაო მღელვარებას აღგვიწერს. დედოფალი ამბერი და მეფე რიჩარდი პატარა უფლისწულს ელიან და ტრადიციული დატვირთვით თავს ვერ ართმევენ საშობაო სამზადისს. თუმცა, ისინი გვერდს ვერ აუვლიან სამეფო პასუხისმგებლობებს, მათ პენგლიის მეფეს, ტაის და დედოფალ მინგს უნდა უმასპინძლონ, რათა 600 წლის წინათ დადებული სამშვიდობო ზავი განაახლონ. შობისწინა ღამით ხელშეკრულების გაუჩინარებით ყველაფერი თავდაყირა დგება და უძველესი წყევლაც კი შესაძლოა მათი უბედურების მიზეზი გახდეს. დედოფალ ამბერს თავისი ოჯახისა და სამეფოს გადასარჩენად ისღა დარჩენია სასწრაფოდ გაარკვიოს ვინ არის ქურდი, მანამ სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს.