სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის, საქართველოში უმუშევრობის დონე რეკორდულად მცირეა და 11.6 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 1.1 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს.
უმუშევრობის დონე გამოიანგარიშება უმუშევარი ადამიანების რაოდენობის შეფარდებით ეკონომიკად აქტიური მოსახლეობის რიცხვთან. საქსტატის კრიტერიუმით, უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელსაც 15 წელზე მეტისაა და არ უმუშავია ერთი საათიც კი წინა 7 დღის განმავლობაში, მაგრამ ეძებდა სამუაოს 4 კვირის განმავლობაში.
თუ დავაკვირდებით საქსტატის მონაცემებს, დავინახავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეინიშნება უმუშევრობის დონის კლება. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია უმუშევარი ადამიანები რაოდენობის შემცირებით და, მეორე მხრივ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით. 2019 წელს მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიურობის დონე 1%-ით შემცირდა და 62.9% შეადგინა.
მცირედით შემცირდა დასაქმების დონე და 2019 წელს 55.7% შეადგინა. საქართველოში დასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, თუკი ის 15 წლის და უფროსი ასაკისაა და საანგარიშო პერიოდში ასრულებს განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების მიღების მიზნით. ასევე, პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, დროებით არ მუშაობს.
როდესაც საუბარია უმუშევრობის დონეზე, საინტერესო უმუშევრობის განხილვა სქესობრივი ნიშნითაც. ბოლო მონაცემებით, უმუშევრობა უფრო მაღალია მამაკაცებში და შეადგენს 12.8 პროცენტს, თუმცა შეინიშნება შემცირება წინა წელთან შედარებით. მსგავსად მამაკაცებისა, ქალებშიც უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 10.1%. ამ მონაცემების საფუძველზე ზოგიერთმა, შესაძლოა, მიიჩნიოს, რომ უფრო მეტი ქალია დასაქმებული ვიდრე მამაკაცი, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში მამაკაცების წილი გაცილებით დიდია ქალებთან შედარებით, რაც თავისთავად იწვევს უმუშევრობის უფრო მაღალ დონეს. ქალებში ეკონომიკურად აქტიურობის უფრო დაბალი დონე გამოწვეულია სოციო-კულტურული რეალობით. ქალების დიდი ნაწილი დიასახლისობას ამჯობინებს, შესაბამისად, ისინი არ არიან ჩართული შრომით პროცესებში.
კვლავაც გრძელდება ტენდენცია, რომ ქალაქში უმუშევრობის დონე რამდენჯერმე აღემატება სოფლად არსებულ უმუშევრობის დონეს. 2019 წელს უმუშევრობის დონე ქალაქში 17.4%-ის ტოლია, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში კი – 5.5%-ის. შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის ეს ფაქტი ცოტა უცნაურად გამოიყურებოდეს, თუმცა ამას აქვს გარკვეული ახსნა. მიზეზად ის შეიძლება მივიჩნოთ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანი ითვლება თვითდასაქმებულად. ანუ ადამიანი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და თუნდაც პატარა მიწის ნაკვეთს ამუშავებს, მიიჩნევა დასაქმებულად, რაც ავტომატურად ამცირებს უმუშევრობის დონეს სოფელში.
საქსტატის მონაცემებით, თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში კვლავაც მაღალია და 49.7 პროცენტს შეადგენს. ანუ საქართველოში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი თვითდასაქმებულია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თვითდასაქმებულების დიდი უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.