თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში, რობოტების ახალგაზრდული მსოფლიო ოლიმპიადის რეგიონული ფინალი გაიმართება. რობოტების მსოფლიო ოლიმპიადა (WRO) გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას, გახდნენ მომავალი ინოვატორები.
რობოტების მსოფლიო ოლიმპიადა, რომლის თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები, 8-დან 19 წლამდე, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, დაეხმაროს მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, კრეატიული, გამომგონებლური, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება.
საქართველოში დაგეგმილი ოლიმპიადის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვას, ისეთი დისციპლინების განვითარებას როგორიცაა პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
მსურველთათვის კონკურსზე რეგისტრაცია 10 მაისამდე გრძელდება. რეგიონული ფინალი ჩატარდება თბილისში 12-13 ივნისს. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით გაემგზავრებიან WRO-ს საერთაშორისო ფინალზე. ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე https://wro.ge/
საქართველოში რობოტების მსოფლიო ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, Edutus University, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია.
გენერალური სპონსორები არიან თიბისი და საქართველოს უნივერსიტეტი.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.