ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო: ანა ბოკო
ფორბსის სხვადასხვა სიის არაერთგზის ლიდერი – მათ შორის, მსოფლიოს 50 ტოპ ქალი ტექნოლოგიებში 2018; ამერიკის 50 ტოპ ქალი ტექნოლოგიებში 2018 და ყველაზე გავლენიანი ქალები 2016 – ურსულა ბერნსი, პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელსაც ოდესმე უმართავს S&P 500 კომპანია.
2017 წელს ვიონის აღმასრულებელ თავმჯდომარედ წარადგინეს, შემდეგ გენერალური დირექტორი გახდა და დღეს უკვე ამ პოზიციიდან, კიდევ ერთხელ მასშტაბური კორპორატიული ევოლუციის პროცესს წარმართავს: გლობალურად, 210 მილიონი მომხმარებლისთვის, მათ შორის, საქართველოშიც კავშირგაბმულობისა და ციფრული სერვისების მსოფლიო კლასის პროვაიდერობის სტატუსის დასამკვიდრებლად იბრძვის.
აქ, საქართველოში, Veon-ის ჯგუფს ვიონი საქართველო (ბრენდი ბილაინი) წარმოადგენს. ვიონი საქართველოს მთავარი მიზანია, იყოს ციფრული სამყაროს ლიდერი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზების და მომხმარებელთა მაქსიმალური დახმარების გზით, იმისთვის, რომ მათ მუდმივად და სწრაფად განვითარებად სამყაროში ეფექტიანი ორიენტირება უკეთ შეძლონ. ვიონი საქართველოს მთავარი პრიორიტეტია, ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, რომელთა დახმარებითაც მომხმარებლები მარტივად გადაჭრიან ყოველდღიურ საჭიროებებს და ამით, საკუთარი მიზნების მიღწევის შანსს გაზრდიან.
ურსულა ბერნსის შეფასებით, „ვიონი საქართველო წარმატებით ოპერირებს და კარგი მიღწევები აქვს“. ეს არის მიზეზი, რატომაც Forbes Woman-მა ურსულა ბერნსთან ინტერვიუს ჩაწერა აქ – საქართველოში მოახერხა.
ერთმანეთს ვიონი საქართველოს ოფისში ვხვდებით. ადრე მივდივარ. თანამშრომლებს ხვდება: ყველა კითხვას ყურადღებით უსმენს და ცდილობს, რაც შეიძლება ზუსტად და დეტალურად გასცეს პასუხი.
რის მიყურადებაც შევძელი (ბოდიში, მაგრამ არ მრცხვენია) იქიდან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება: იმ ქალის კვალობაზე, რომელმაც საკმაოდ გრძელი და რთული გზა გამოიარა და შედეგად Fortune Magazine-ის მსოფლიო რეიტინგში ბიზნესში მეცხრე ყველაზე გავლენიან ქალად დაიმკვიდრა თავი, ურსულა ბერნსი ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელურია.
ჩემი ეს პირველი შთაბეჭდილება მთელი ინტერვიუს მანძილზე არ მეცვლება. ურსულა ბერნსი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. მოკლედ ასე აღვწერ: თამამი და პირდაპირი, დედამიწაზე ორივე ფეხით მყარად დგას.
ერთი რამ ცალსახაა: მისი სვლა მწვერვალისკენ ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. 1981 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სრულ განაკვეთზე Xerox-ში დასაქმდა. ჯერ ლაბორატორიაში ინჟინრად მუშაობდა. 2007 წელს Xerox-ის პრეზიდენტი გახდა. 2009 წელს გენერალური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა და ამ პოზიციიდან კომპანია, რომელსაც ერთ დროს მხოლოდ ქაღალდის ასლებით იცნობდნენ, მილიარდობით შემოსავლების მომგებიან ბიზნესად აქცია.
დღეს, Veon-ის ხელმძღვანელობასთან ერთად – სხვათა შორის, ეს ურსულა ბერნსის პირველი არა-ამერიკული კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს – ურსულა ბერნსი Change the Equation-ის დამფუძნებელ წევრადაც გვევლინება: ეს 2010 წელს ობამას ადმინისტრაციის მიერ დაარსებული არასამთავრობო პროგრამაა, რომელსაც წამყვანი კომპანიების გენერალური დირექტორები უძღვებიან და რომელიც ქვეყანაში STEM-მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ურსულა ბერნსი მრავალი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია – მაგალითად: Uber-ი; Nestle და Exxon Mobil-ი.
ამდენად, როცა ძალიან მოკლე ინტერვიუსთვის ვსხდებით, რომელიც საქართველოში ისედაც მოკლე და დატვირთული ვიზიტის ფარგლებში ძლივს ჩაეტია, ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებ: Forbes Woman-ის მკითხველმა ურსულა ბერნსი უნდა გაიცნოს არა მხოლოდ როგორც გამორჩეული ბიზნესლიდერი, არამედ როგორც პიროვნება. ჩემთვის არაფერი იმაზე ინტიმური არ შეიძლება იყოს, ვიდრე იმ კონტექსტის აღმოჩენა, რაც მისი ცნობილი გამონათქვამების მიღმა იმალება. სხვათა შორის, ამ გამონათქვამების წაკითხვას ნებისმიერ იმ ტიპის ონლაინ პლატფორმაზე შეძლებთ, რომელიც ჩვენს მოტივირებას და რეალური წარმატების ისტორიებით ინსპირირებას ისახავს მიზნად.
ვთანხმდებით: მე ვკითხულობ ციტატას. ბერნსი განმარტავს.
“აღფრთოვანება სულ სხვანაირად მძაფრდება, როცა აფასებ, რამდენად რთულია დღეს თანამედროვე ბიზნესის მართვა”
ურსულა ბერნსს მტკიცედ სჯერა, რომ გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია ყველაფერ კარგზე, რაც კომპანიაში ხდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – ყველაფერ ცუდზე. „ამ პასუხისმგებლობის სიმძიმე ბეჭებზე ძალიან რთული სატარებელია“, – აღიარებს ურსულა ბერნსი.
“ადამიანებისგან განსხვავებით, კომპანიები უფრო სიცოცხლისუნარიანები არიან, ვიდრე მათი დამფუძნებლები და ლიდერები”
ურსულა ბერნსი აცნობიერებს, რომ ცუდმა ლიდერმა შეიძლება კომპანია დაღუპოს, მაგრამ, ზოგადად, მისთვის კომპანიის სიძლიერე თუ სისუსტე მხოლოდ ერთი ადამიანის წონით არ განისაზღვრება – მთავარი გუნდია, ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ. „როცა Xerox-ის CEO გავხდი, პირველი და ერთადერთი აფრო-ამერიკელი ქალი ვიყავი, რომელსაც გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა. კარგია. მაგრამ მაინც – ერთი ინდივიდის მითი დიდხანს ვერ მუშაობს“, – ამბობს ბერნსი.
“ჩემს მსოფლმხედველობას განსაზღვრავს ნაწილობრივ ის, რომ მე ნიუ-იორკელი ფერადკანიანი ქალი ვარ, ნაწილობრივ ის რომ ინჟინერი ვარ. ვიცი, რომ ჭკვიანი ვარ და ჩემი მოსაზრებები საჯაროდ გახმოვანებას იმსახურებს”
„შინ და გარეთ ერთი ურსულა ვარ. ყველაფერი გქმნის შენ,“ – მეუბნება ბერნსი. მისთვის, ზოგადად, ქალები პრობლემებს კაცებისგან განსხვავებულად ჭრიან და ამის მიზეზი მათი შეხედულებების განსხვავებული სისტემაა. ამბობს, რომ ეს განსხვავება საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. იმასაც ამბობს, რომ რადგან კომპანია ქალს ასაქმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემების მიმართ სწორედ ამ განსხვავებულ მიდგომას ეძებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კაცს დაიქირავებდა. მისთვის, განსხვავებულობა მნიშვნელოვანი პიროვნული აქტივია და ამდენად, სჯერა, რომ ქალი თანამშრომელი კომპანიისთვის დიდი ღირებულებაა.
“მოუთმენლობა ფასდება”
ბიზნესში ხშირად ჯიუტი პრობლემები იჩენს თავს. ყოველთვის ხდება. ურსულა ბერნსმა გამოცდილებით ისწავლა, რომ მენეჯერები ხშირად დიდხანს და დიდი მოთმინებით ეკიდებიან ასეთ პრობლემებს და მათი გადაჭრის არაეფექტური, ნელი გზების არჩევანს. „და შემდეგ ეს პრობლემა კომპანიის ბოჭკოში ჯდება,“ – ასე მიხსნის და იქვე დასძენს: „ყურადღება უნდა მიაქციო და მალე იმოქმედო“.
“მჯერა ცვლილებების და ყოველთვის მზად ვარ, ერთი-ორი სარკე დავამტვრიო, თუ ეს საჭიროა”
ურსულა ბერნსის დაკვირვებით, ბიზნესის ხმა, როგორც წესი, საკმარისად თამამად არ ისმის ხოლმე: „მიაჩნიათ, რომ გუნდურად არ თამაშობენ. ჩემი აზრით, ყველაზე გუნდურია მიდგომაა, როცა ღიად ამბობ, რა აფუჭებს საქმეს“. ეს ასე ვთქვათ ბერნსის კორპორატიული ფილოსოფიაა – სხვებსაც უნდა მოუსმინო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ შენ, არა მხოლოდ როგორც მენეჯერი, არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანიც. „მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვისაც და მათთვისაც, ვინც მისმენდა, გაცილებით უფრო დამაჯერებელი ვიყავი მაშინ, როცა იმას ვამბობდი, რასაც ვფიქრობდი და არა იმას, რის მოსმენაც ჩემგან უნდოდათ.“
ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ურსულა ბერნსისთვის. აღიარებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ როლურ მოდელებს გულმოდგინედ ბაძავდა. მათი უმრავლესობა კაცი იყო – უფრო ხშირად, თეთრკანიანი კაცები, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობდნენ. ურსულა იმეორებდა იმას, რასაც და როგორც ეს როლური მოდელები ამბობდნენ, იქცეოდა ისე, როგორც ისინი. მაგრამ მალე შეამჩნია, რომ როცა იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა და არ ფიქრობდა იმაზე, თუ რა და როგორ უნდოდათ მისგან სხვებს მოესმინათ – გზავნილი ადრესატამდე უფრო ადვილად მიჰქონდა: „თუ ჭკვიანი ხარ – და საკმაოდ ჭკვიანი ვიყავი; თუ ბევრს შრომობ – და ნამდვილად, ძალიან ბევრს ვშრომობდი და თუ ამ ფონზე ამბობ იმას, რასაც ფიქრობ, მაშინ აუცილებლად გააგონებ შენს ხმას“. ბერნსი აღიარებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა სარისკოა, მაგრამ რთული არ არის. მას სჯერა, რომ ასე მოქცევა იმაზე ბევრად ბუნებრივია, ვიდრე ჩვენ გვგონია. სირთულეს მისთვის ის წარმოადგენს, რომ თავიდან თავდაჯერების პოვნა ძნელია: „ეს ჩემი ისტორიაა. ჩემი გამოცდილების პირდაპირ განზოგადება ალბათ არასწორია, მაგრამ ორიენტირად მაინც გამოდგება: კარგად უნდა ფლობდე რაიმე საკითხს. ყოველთვის იმაზე ვსაუბრობდი, რაც კარგად მესმოდა. ვისწავლე იმ თემებზე დამაჯერებლად აზრის გამოთქმა, რაც კარგად ვიცოდი,“ – ამბობს ბერნსი.
“მინდა შევწყვიტო ტრანსფორმირება და უბრალოდ – ვიყო”
ეს Xerox-ში მუშაობის კონკრეტულ მომენტს ეხება. „იცით, კომპანიები მუდმივად განიცდიან ტრანსფორმაციას. ეს კომპანიის ბუნებრივი მდგომარეობაა. ჩვენ ყოველთვის ვიცვლებით და ვვითარდებით“, – მეუბნება ურსულა ბერნსი და ამატებს, რომ ბიზნესში ადამიანები ამ უწყვეტ პროცესს არ აფასებენ, როგორც უბრალოდ – ყოფნას. მისი ახსნა ასეთია: ყოფნას ადამიანები, როგორც სტატიკას ისე აღიქვამენ, რაც მისთვის არასწორია, რადგან ყოფნა პროგრესის, განგრძობითობის, მოქმედების გარეშე არ არსებობს.
“სად ხარ არ განსაზღვრავს, ვინ ხარ”
ურსულა ბერნსი ძალიან ღარიბ გარემოში გაიზარდა. ეს იყო ფიზიკურად, ფინანსურად ძალიან ღარიბი გარემო. მარტოხელა დედამ გაზარდა. „სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, იფიქრებდით, რომ არ გვქონდა არანაირი იმედი, არანაირი შანსი სულ მცირე წარმატებისთვისაც კი მიგვეღწია“, – იხსენებს ქალი, რომელიც დღეს Forbes-ის რამდენიმე სიაშია. მაგრამ მაშინ საზოგადოებისთვის ის ერთი შავკანიანი გოგო იყო. აი, მაშინ დედა სულ უმეორებდა – სად ხარ, არ განსაზღვრავს, ვინ ხარ – რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ფაქტი, რომ დიდი ფული არ ჰქონდათ არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ იმედიც უნდა გამქრალიყო. დედა იმასაც ეუბნებოდა, რომ ეს ფრაზა შინაარსს არ დაკარგავდა არც მაშინ, როცა ურსულა მდიდარი და ცნობილი იქნებოდა.
ანუ ისეთი – როგორიც დღესაა.
ჩვენი ინტერვიუ ან უფრო სწორად, ურსულა ბერნსის დიალოგი საკუთარ შინაგან მე-სთან, Forbes Woman-ის მოდერაციით, დასასრულს უახლოვდება. ვთხოვ, ერთი ციტატა ინსპირაციისთვის ჩვენც დაგვიტოვოს.
უცებ აკავშირებს ერთმანეთთან Veon-ის ადგილობრივ წარმომადგენლობასა და საქართველოს და მეუბნება: „პატარა ზომა ყოველთვის ნაკლი არ არის და ამიტომ ეს ზომა, როგორც მნიშვნელოვანი აქტივი, ისე უნდა გამოიყენოთ. პატარა და საუკეთესო – ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ახალი მოდელები დანერგოთ, რადგან მასშტაბის გათვალისწინებით, ეს ცოტა უფრო ადვილია. თუ ნამდვილად კარგი ხარ და თან, პატარა – შეგიძლია ბევრად უფრო სერიოზული გავლენა მოახდინო, ვიდრე როცა უბრალოდ დიდი ხარ“.
ხელს ვართმევ და თან ჩემთვის ვფიქრობ: რა არის შემდეგი საფეხური ურსულა ბერნსისთვის? და შემდეგ ვაცნობიერებ: საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა საქმეს მოჰკიდებს ხელს მომავალში, მას უკვე გარანტირებული აქვს ადგილი შეერთებული შტატების ისტორიაში.
…და ჩემი და ჩემი მკითხველების საბედნიეროდ – Forbes Woman Georgia-ს ფურცლებზეც…