როგორც წინა სტატიაშია აღნიშნული, შეუძლებელია ოდესმე დასრულდეს ძლიერი პერონაჟების ჩამონათვალი. ამ სტატიაში წარმოდგენილმა პერონაჟებმა არანაკლებ დიდი როლი შეასრულეს დრომორჭმულ ტრადიციებთან ბრძოლასა და მათ გადაფასებაში არამხოლოდ წინა საუკუნეში, არამედ თანამედროვეობაშიც.
ჯორჯ მარტინმა არა მხოლოდ დაუსრულებელი და საკულტო ნაწარმოებებით გაითქვა სახელი, არამედ დაუვიწყარი პერსონაჟებითაც. მათ შორის, რა თქმა უნდა, უამრავი ქალია, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სერსეი ლანისტერს უჭირავს. პერსონაჟი “სამეფო კარის თამაშების” შექმნასთან ერთად 1996 წელს მოევლინა სამყაროს. შემდგომში კი ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში არაჩვეულებრივმა ლენა ჰედიმ განასახიერა. მიუხედავად სერსეის პერსონაჟის ანტაგონიზებისა, მთელ მსოფლიოში უამრავი მკითხველისა თუ მაყურებლის საყვარელ პერსონაჟად იქცა. სიამაყე, შვილების სიყვარული და დაუვიწყარი შურისძიებები კი მისი ხელწერაა. პერსონაჟის მთავარ ძალას მისი შორსმჭვრეტელი გონება წარმოადგენს. სერიალის ფინალში მან მოახერხა, მიუხედავად გარდაცვალებისა, მისი მთავარი მოწინაღმდეგე დეინერის ტარგარიენისთვის სამოუდამოდ წაერთმია 7 სამეფოს უზურპატორისა და ტირანის იარლიყის გარეშე მართვის შესაძლებლობა.
ჯოან კეტლინ როულინგი თავადაც ერთ-ერთი უძლიერესი ქალია მსოფლიო ისტორიაში, მან მოახერხა და შექმნა საკულტო საგა, რომელმაც დიდებსა თუ პატარებს ერთნაირად შეაყვარა თავი. ჯორჯ მარტინის მსგავსად მასაც უამრავი ძლიერი ქალი პერსონაჟის სახე შეუქმნია, თუმცა მათ შორის გამორჩეულ ადგილს ლილი პოტერი იკავებს. მართალია, ფილმში მაყურებელმა საკმარისად ვერ იხილა ლილი პოტერის სიძლიერე. თუმცა ფაქტს, რომ ის ერთ-ერთი უძლიერესი ჯადოქარი იყო, ისიც ამტკიცებს, რომ სწორედ მისმა სიყვარულმა, ანტიკურმა მაგიამ მოახერხა და უკუაქცია შეუჩერებელი წყევლა ავადა კედავრა,თანაც ერთ-ერთი უძლიერესი ბნელი ჯადოქრის მიერ წარმოთქმული. ამას გარდა, პროფესორ სლაგჰორნის მოგონებები თუ მისი ფენიქსის ორდენში გაწევრიანებაც მის სიძლიერესა და ინტელექტზე მეტყველებს.
2002 წელს ჯოს ვიდონიმ სამყაროს არაჩვეულებრივი სერიალი “ციცინათელა” აჩუქა. სერიალში მოქმედება ძირითადად 9 პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სხვადასხვა მიზეზების გამო 1-ლი სეზონის შემდეგ გაუქმდა, მაყურებლისთვის დღემდე ერთ-ერთ უსაყვარლეს შოუდ რჩება. სერიალში სხვადასხვაგვარად ძლიერი ქალები გვხვდებიან. მაგალითად რივერი და ქეილი, როგორც ინტელექტუალები. ინარა, როგორც გამბედავი, საზოგადოების აზრზე მაღლა მდგომი კომპანიონი თუ სრულყოფილად დაბალანსებული ზოი ვაშბერნი, რომელსაც არაჩვეულებრივი ჯინა ტორესი ასახიერებს. კაპრალი ზოი, კაპიტანი მალის მარჯვენა ხელი, თანამებრძოლი და უერთგულესი მეგობარია. მისი თავგანწირვა, ამტანობა, ინტელექტი, სიმამაცე დაბალანსებულია,რაც პერსონაჟს რეალურობას მატებს.
შემდეგი ქალი პერსონაჟი, რომლისთვისაც გვერდის ავლა წარმოუდგენელია შარლიზ თერონის მიერ 2005 წელს განსახიერებული პერსონაჟი ჯოსი ემესია ფილმიდან “ჩრდილოეთის ქვეყანა”. ჯოსის პერსონაჟი ლოის ჯენსენის პროტოტიპია. ფილმი 80-იანი წლების ამერიკის პრობლემაზე მოგვითხრობს, სადაც ამერიკა ჯერ კიდევ არ არის მზად გენდერული თანასწორობისათვის. ქალებს კი ძალადობის, შევიწროების, უპატივცემულობის, შეურაცხყოფისა თუ სხვა საშინელებების ატანა უწევთ. თუმცა ჯოსი ამ ყველაფრის მიუხედავად ახერხებს გაიმარჯვოს იქ, სადაც ჯერ არავის გაუმარჯვვია და ამტკიცებს, რომ მოძალადეებს სულაც არ სჭირდებათ თავისი ავხორცი მიზნების განსახორციელებლად მიზეზები, ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რასაც მათი გადაგვარებული მორალი სულაც არ თვლის არასწორ ქმედებად. ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება, მისი ყურების შემდგე კი წარმოუდგენელია არ იგრძნო ზიზღი იმ სოციუმის მიმართ, რომელიც ქალებს დოგმებითა და სტერეოტიპებით ცხოვრებას აიძულებს.
სიაში შემდეგ ადგილს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ გამორჩეული იზაბელ ლაითვუდი იკავებს. ის კასანდრა კლერის მიერ შექმნილი პერსონაჟია და მაყურებელმა ორი მსახიობის შესრულებით იხილა. პირველად 2013 წელს გადაღებულ ფილმში “ძვლების ქალაქი”, შემდგომ კი 2016 წლის სერიალში “ლანდმონადირეები” გრაციოზულმა ემეროდი ტუბიამ შეასრულა. შესაძლოა მისი სიძლიერე ნეფილიმების არსთან გავაიგივოთ. თუმცა, ფაქტია, რომ იზაბელ ლაითვუდს მისი ფიზიკური თუ გონებრივი ძალა, მშვენიერება, შარმი და გალანტურობა ერთ-ერთ გამორჩეულ ქალ პერსონაჟად აქცევს. მისი ნებისყოფა და უტეხი სული კი უდაოდ დასაფასებელია.
ლიზა ჯენოვას წიგნი “ჯერ კიდევ ელისი” მკითხველმა 2007 წელს გაიცნო. 2014 წელს კი მასზე რიჩარდ გლეტზერიმ და უოში ვესტმორლენდიმ ფილმიც გადაიღეს. ფილმში ელისის როლი, ოსკაროსანმა ჯულიანა მურიმ შეასრულა, რომელმაც ოსკარი სწორედ ელისის როლისთვის მიიღო. პერსონაჟი ფენომენალური გონების პატრონი პროფესორია, რომელსაც ალცაიმერის დაავადება ართმევს თავის გენიალურობასა და სიძლიერეს. სევდიანი სანახავია უყურო ამდენად ნათელი გონების ასეთ ნელ და მტკივნეულ დეგრადაციას. ფილმი თავისი არსით ბრწყინვალების დაკარგვაზე მოგვითხრობს, თუმცა სიმბოლურად ის იმ პოტენციალისა და ნიჭის გაქრობას შეგვიძლია დავუკავშიროთ, რომელსაც უთანასწორობით სავსე სამყაროში ვხვდებით. ფილმი უდაოდ სავსეა ემოციებითა და პროტესტით, იმ პროტესტით რომელიც უსამართლობას მოყვება. მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ ამდენი ხნის შემდეგაც ფილმის სიუჟეტი და პრობლემატიკა ჯერ კიდევ აქტუალურია და 2020 წელს ემერალდ ფენილიმ მას ბევრად რადიკალური, თუმცა არანაკლებ ფასეული, ფილმი, “იმედის მომცემი ახალგაზრდა ქალი” მიუძღვნა.
2008 წელს სამყარომ კიდევ ერთი გამორჩეული ქალი იხილა. “ზღვარი” ჯეი ჯეი აბრამსის, რობერტო ორჩისა და ალექს კურტზმანის ოქროს სამეულის სერიალია. მართალია სერიალი სექსიზმსა და გენდერული უთანასწორობის პრობლემას არ ეხება, თუმცა მთავარ სათქმელი, რომ სქესი ადამიანის ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შესაძლებლობას არ განსაზღვრავს, კარგად იკვეთება ანა ტორვის პერსონაჟ ოლივია დანემში. თავიდან მას როგორც FBI-ს სპეციალურ აგენტს ისე ვეცნობით. შემდგომში კი ის ზღვარს მიღმა განყოფილების წამყვანი დეტექტივია. მხოლოდ მისი მენტალური ძალა, აღიქვას და ირწმუნოს წარმოუდგენელი, საპატიო ადგილს ანიჭებს ამ სიაში, თუმცა ამას გარდა მისი ინტელექტი,რომელიც ტოლს არ უდებს გენიოსის IQ-ს მქონე ვოლტერსა და პიტერს, მისი მტკიცე ხასიათი, სამართლიანობა და თვისება არასოდეს დანებდეს წარმოუდგენელსა თუ რეალურს, შეუფასებელი და გასაოცარია.
შემდეგი მეიმ ბიალიკის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ემი ფერა ფაულერია სიტკომიდან “დიდი აფეთქების თეორია”. აღსანიშნავია ისიც, რომ მეიმს თავადაც აქვს დოქტორის ხარისხი ნეირომეცნიერების დარგში. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მოქმედება გენიოსი შელდონ ლი კუპერის ირგვლივ ვითარდება, ემი არც შელდონს უდებს ინტელექტში ტოლს და არც შელდონის მეგობარ სხვა ინტელექტუალებს. გარდა ინტელექტისა, ემის გამორჩეულ სახედ აქცევს მისი უნარი თითქმის “რობოტი” და “უცხოპლანეტელი” შელდონი ჩვეულებრივ, შეყვარებულ კაცად გარდაქმნას. სადაოა სერიალში ვინ არის ყველაზე ძლიერი ქალი – პენი, რომელმაც მოახერხა და წარუმატებელი მსახიობისგან წარმატებულ გაყიდვების აგენტად იქცა; ბერნადეთის მიმტანობიდან წამყვან მიკრობიოლოგობამდე განვითარება თუ თავად ემი, მაგრამ ნობელის პრემია, თუნდაც მხოლოდ სიტკომში, თავის სათქმელს ამბობს.
Shield-maiden-ები ლეგენდარული მებრძოლი ქალები არიან სკანდინავიური ფოლკლორიდან, არსებობს ვერსია რომ მითიური ვალკირიები,რომელთაც შემდგომში ვაგნერმა ნაწარმოებიც მიუძღნა, სწორედ Shield-maiden-ებისგან წარმოიშვნენ. 2013 წლამდე მათ შესახებ ბევრს არ სმენოდა, თუმცა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის “ვიკინგების” წყალობით მათ შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ამის მიზეზი კი ქეთრინ უინიკის პერსონაჟი ლაგერტა გახდა. მას თავიდანვე გამოარჩევდა თავისი ხასიათი, მებრძოლი სული და ნებისმიერისთვის შესაშური სიმტკიცე. მას პატივს იმდენად ბრუტალური მებრძოლიც კი სცემს, როგორიც როლოა და თუ მათ შორის შემდგარი დიალოგით ვიმსჯელებთ, როლოსა და ლაგერტას შორის შემდგარ დუელში ლაგერტამ სძლია მასზე ფიზიკურად ბევრად ძლიერ მეტოქეს. “ვიკინგების” ერთ-ერთ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ სხვა სატელევიზიო შოუებისგან განსხვავებით, პროტაგონისტების იდეალიზებას არ ახდენს. ლაგერტას შემთხვევაშიც მსგავსად მოხდა და ამ იდეალური ქალის პერსონაჟის უარყოფითი მხარე მისი ოსლუგის მოკვლით ვიხილეთ, თუმცა ეს ფაქტი მისი, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის სახეს არ აკნინებს.
იშვიათია სერიალი, რომელიც თინეიჯერ მაყურებელთან ერთად იზრდება და სერიოზულდება. თუმცა ერთ-ერთ ასეთ სერიალს “ასეული” წარმოადგენს. შოუ, რომელიც თინეიჯერულ და არასერიოზულ სერიალად დაიწყო სეზონების განმავლობაში თავის მაყურებელთან ერთად გაიზარდა. სწორედ ამ სერიალში ვხვდებით მარიე ავგეროპულოს გარდასახვას ნაზი, უწყინარი ოქტავია ბლეიქიდან რაციონალურ თუმცა უმოწყალო სკაირიპამდე (ციდან მოვლენილ სიკვდილამდე) შემდგომში კი ბლადრეინამდე (წითელ დედოფლამდე). პერსონაჟის გაუტეხელი სული სერიალის საწყის სეზონებშივე ჩანს. მის ამ თვისებას ინდრას მიერ გაწვრთნასაც თუ დავამატებთ პირველ “წითელსისხლიან” მმართველს მივიღებთ, რომელმაც მოახერხა შიმშილისაგან ეხსნა 13 ერთმანეთს გადამტერებული ტომი და 6 წლის განმავლობაში შეაჩერა ერთმანეთის დახოცვისაგან, მართალია ბრუტალური და სასტიკი მეთოდებით, მაგრამ საბოლოოდ მათი უმრავლესობა ცოცხალი გადაურჩა ბუნკერს.
ალბათ მკითხველთა უმრავლესობას სმენია ანიმაციურ სერიალზე “ბოჯეკ ჰორსმენი”, მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სულაც არ ისახავს მიზნად რომელიმე პერსონაჟის გამოკვეთას, სერიალის “ქასთში” გამორჩეული, ძლიერი ქალის სახედ მაინც პრინცეს ქეროლინი გვხვდება. მართალია, ტექნიკურად პრინცეს ქეროლინი ადამიანი არ არის, უბრალო ანიმაციაა, თანაც კატის, მაგრამ მისი პერსონაჟი აშკარად წარმატებული საქმიანი ქალია. აგენტი, რომელიც ახერხებდა ბოჯეკისთვის ნებისმიერი როლი მოეპოვებინა, გამუდმებით გამოესწორებინა ბოჯეკის მიერ გაფუჭებული საქმე და ამასთან ერთად სერიალის ბოლოს შეექმნა ბედნიერი ოჯახი და ამ ფრონტზეც მიეღწია წარმატებისთვის.
2019-მა წელმა მაყურებელს ორი მთავარი სატელევიზიო შოუთი დაამახსოვრა თავი, პირველი “სამეფო კარის თამაშების” ფინალი იყო, მეორე კი “ჩერნობილი” – მინი სერიალი, რომელმაც სამყაროში მითქმა-მოთქმა გამოიწვია და წარსულის ტრაგედია შეახსენა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში ვერ შეხვდებით ბევრ ქალ პერსონაჟს, ულანა ხომიუკით ყველაფერია ნათქვამი. პერსონაჟი წარმოადგენს სახეს უამრავი მეცნიერისა, რომლებმაც საკუთარი დრო, რესურსი და სიცოცხლეც კი ჩერნობილის ტრაგედიას მიუძღვნა, იმის გამოძიებას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. სერიალში იგი თავს წინდახედულებით, ინტელექტითა და მიზანდასახულობით გვამახსოვრებს, რაც ყველა ძლიერი პერონაჟის ქვა-კუთხედს წარმოადგენს.
მიუხდავად იმისა, რომ ამ სიის გაგრძლება უსასრულოდ შეიძლება , ბოლო მაგრამ არა უკანაკნელ სახელს მივადექით. Netflix-ის “თოვლისმჭრელი”, მასში კი მელანი კავილის პერსონაჟი. მელანი კავილის როლს არაჩვეულებრივი ჯენიფერ კონელი ასრულებს. სერიალში ის გენიოსი ინჟინრის როლშია, რომელმაც მოახერხა და კაცობრიობა გამყინვარების შემდგომ გადაშენებისგან იხსნა. თუმცა, ამ ყველაფრის გამო მას არაფერი მიუღია – არც დიდება, არც პატივისცემა თუ მატერიალური სარგებელი. მან საკუთარი შვილიც კი გასწირა, რათა კაცობრიობას შესძლებოდა ოდესმე კვლავ დაებრუნებინა დედამიწა. ის “ბორტგამცილებლის” ამპლუადან აკვირდება და ხელმძღვანელობს თოვლისმჭრელს, 1001 ვაგონიან მატარებელს, რომელიც კაცობრიობის უკანასკნელი იმედია, მიუხედავად სოციალისტების მიერ მისი ანტაგონიზებისა, მისი თითოეული ქმედება მათემატიკურად გათვლილია და კაცობრიობის გადარჩენას ემსახურება. კაცობრიობისთვის საკუთარი შვილის, მორალისა თუ “ადამიანობის” გაწირვის გამო იგი აუცილებლად იმსახურებდა ადგილს ამ სიაში. წარმოუდგენელია ამხელა მსხვერპლის არა ეგოისტური, არამედ საყოველათეო კეთილდღეობისთვის გაღება.