13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ნებადართული ხდება

photo – mostafa meraji

კორონავირუსის გამო სახელოვნებო სფეროსთვის დაწესებული შეზღუდვები, ეპიდსიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად, ეტაპობრივად იხსნება. 20 ივნისიდან მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და საგამოფენო სივრცეებმა, ივლისის დასაწყისში გარკვეულ შემთხვევებში ნებადართული გახდა თეატრალური წარმოდგენების ღია ცისქვეშ მოწყობა, 13 ივლისიდან კი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა სრულად მოიხსნება.

ასევე, ნებადართული გახდება ის საქმიანობები, რომელთაც უშუალოდ კულტურული დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ღია ცისქვეშ ტარდებოდა, მაგალითად: კინოლოგთა მიერ ორგანიზებული გამოფენები და სხვ. შიდა ტურიზმის გააქტიურების პერიოდში კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას და გამართვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობების ჩატარება საქართველოში მარტის დასასრულს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად, აიკრძალა.