ტიმ კუკის ქონების ღირებულებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

Photo Credits to Getty Images

კომპანია „ეფლის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის, ქონების ღირებულებამ მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამასთანავე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის საბაზრო ღირებულება ხუთი პროცენტით გაიზარდა და ორ ტრილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

„ეფლის“ აღმასრულებელ ხელმძღვანელად ტომ კუკი 2011 წლის აგვისტოში დაინიშნა, მას მერე, რაც კომპანიის დამაარსებელი, სტივ ჯობსი, თანამდებობიდან გადადგა. ამ თანამდებობამდე ტიმ კუკი კომპანიის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. 2011 წლის ოქტომბერში სტივ ჯობსი გარდაიცვალა. იმ დროს „ეფლის“ საბაზრო ღირებულება სამასორმოცდაათ მილიონ დოლარს უდრიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში „ეფლს“ არ შეუქმნია ისეთი მასშტაბების რევოლუციური პროდუქტი, როგორიც, მაგალითად, iPhone გახლდათ, ტიმ კუკს დიდი წვლილი მიუძღვის iPhone X-ისა, Apple Watch-ის და Apple Music-ის შექმნასა და მიმდინარე კვლევებში დამატებითი რეალობისა და ავტონომიური მანქანების თაობაზე.