10 რჩევა სამუშაო სივრცეში ქალების გასაძლიერებლად

ალბათ, რა კარგი იქნებოდა, 21-ე საუკუნეში ქალების ერთ სივრცეში მუშაობის წარმოდგენისას ადამიანებს ნეგატიური სურათი არ წარმოუდგებოდეთ თვალწინ. რა კარგი იქნებოდა, რომ „ქალი ბოსის“ კონცეფცია ისეთივე ჩვეულებრივი იყოს, როგორიც კაცი უფროსის ყოლაა, თუმცა ფაქტია, რომ საძიებო სისტემებში ამ საკითხის ირგვლივ არსებული მასალები სულ სხვა რამეს გვიმტკიცებს.

თუ „ქალი ბოსის“ ტერმინს მოძებნით გუგლში, ნახავთ, რომ პირველ გვერდზე ნაჩვენები შედეგების უმეტესობა თითქმის ერთ აზრს აშუქებს, რომ ქალ უფროსებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია და მათ ხელში გადასარჩენად დასაქმებულებს ომის გავლა უწევთ. თუ მსგავსად, „კაც ბოსს“ დაგუგლავთ, ნახავთ, რომ სისტემა უფრო ნეიტრალურ შედეგებს გიჩვენებთ; პირველივე გვერდზე შეკითხვა „კაცი ბოსი გირჩევნიათ თუ ქალი?“ ძალიან ხშირად ფიგურირებს.

სამწუხაროდ, ქალებს შორის არსებული შუღლის შესახებ საუბარი ხალხს ძალიან უყვარს. ვერ უარვყოფთ იმას, რომ დასავლურ ცივილიზაციას მუდამ ჰქონდა ამ კონცეფციის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, ელისაბედ I-სა და მერი სტიუარტს შორის არსებული მტრობიდან დაწყებული, ბიონსესა და რიანას შორის ნავარაუდევი სიძულვილით დასრულებული – ხალხს არასდროს ბეზრდება ქალების ჩხუბის შესახებ ისტორიების მოსმენა.

აზრი, რომ თანამშრომელი ქალები ერთმანეთის კონკურენტებს წარმოადგენენ ძალიან არასწორია – არ აქვს მნიშვნელობა, რას შეიძლება გვიჩვენებდეს სტატისტიკური მონაცემები, ჩვენი თითოეულის წარმატებისათვის საკმარისი სივრცე მუდამ იარსებებს.

როგორც სარა სტოუნი, Female Success Network-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, საკუთარი თავის გასაძლიერებლად საუკეთესო გზა პირველ რიგში სხვების გაძლიერებაა: 

„მხარი დაუჭირეთ უფრო მასშტაბურ რამეს, ვიდრე საკუთარი წარმატებაა. ყოველთვის იყავით ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა გარემოების მიუხედავად, სხვების მნიშვნელოვნებას აღიარებს, რის შედეგადაც ყველა ადამიანი ერთად შეძლებთ გაბრწყინებას. სხვების გაძლიერება თავადაც ბუნებრივად გაგაძლიერებთ.“

ახლა კი გაგაცნობთ 10 საუკეთესო რჩევას სამუშაო სივრცეში ქალების გასაძლიერებლად. რჩევები Forbes-ის კონტრიბუტორმა, დიანა ბარატიმ ქალ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა.

ხაზი გაუსვით ერთმანეთის ძლიერ მხარეებს

ხშირად, კომუნიკაციის ინიცირება მენეჯერის ან თანამშრომლების მხრიდან მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც გაკრიტიკების ან რაღაცის მითითების საჭიროება არსებობს. კომუნიკაციის სურვილის მხოლოდ მაშინ გამოჩენის ნაცვლად, როდესაც ნეგატიური კონტექსტის ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო, ეცადეთ, რომ ესაუბროთ თქვენს ქალ თანამშრომლებს და გუნდის წევრებს მაშინაც, როდესაც შექებას იმსახურებენ. ხაზი გაუსვით მათ ძლიერ მხარეებსა და მიღწევებს. არსებობს არასწორი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ზრდასრულ ადამიანს შექება არანაირად აღარ ესაჭიროება, რომლის ჭეშმარიტებაც, დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკაში არავის დაუმტკიცებია. ძლიერი მხარეების ხაზგასმა მათ არა მხოლოდ თვითმარქვიას სინდრომის შებრძოლებაში დაეხმარებათ, არამედ ამ გზით თქვენ თავადაც კარგი თანამშრომლები შეგინარჩუნდებათ – Gallup-ის 2017 წლის ამერიკული სამუშაო სივრცეების ანგარიშის მიხედვით, „აღიარების ნაკლებობა“ არის ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ორგანიზაციებს ტოვებენ. დაეხმარეთ თქვენს ქალ თანამშრომლებს იმ სიძლიერეების დანახვაში, რაც მათ გააჩნიათ და მათი მიღწევებით მუდამ იზეიმეთ.

დააკავშირეთ ისინი სწორ ადამიანებთან

„მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“. ვფიქრობ, რომ ეს ფრაზა პროფესიულ ურთიერთობებსაც კარგად ერგება – რაც უფრო მეტ პროფესიონალ ადამიანთან გექნებათ ურთიერთობა, რომლებთაც თქვენი მხარდაჭერა და მენტორობა შეუძლიათ, მით უფრო უკეთესი სპეციალისტი გახდებით თქვენც. გააძლიერეთ თქვენი ქალი თანამშრომლები მათი სწორ ადამიანებთან წარდგენით, რომლებიც მათი ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებისა და ცოდნის გაზიარებას შეძლებენ – ეს ადამიანები სწორედ  ისინი არიან, რომლებიც ამ ქალების შთაგონებას მოახერხებენ იმ პირობებში, სადაც დაუფასებლები, დამცირებულები და ხშირად დაჩაგრულებიც არიან.

შეხვედრებზე ერთმანეთს გვერდში დაუდექით

რამდენადაცაა წარმატება კომპეტენციაზე დამოკიდებული, იმდენად, ან უფრო მეტადაც კი, თავდაჯერებულობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შეხვედრებზე საუბარი არც ისე დიდ სირთულეს წარმოადგენს და ისიც შესაძლოა, რომ თითოეულ ქალს არ აწუხებდეს ეს პრობლემა, თუმცა როდესაც შეხვედრა კაცებით არის დომინირებული, ზოგიერთი ქალისათვის შეიძლება საუბარიც კი სირთულეს წარმოადგენდეს. დელოიტის 2017 წლის კვლევაზე დაყრდნობით, გუნდის შეკრებისას 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 არის ქალი. ეს იმას ნიშნავს, რომ 10 ადამიანის შეკრებისას, ჯამში 2 დამსწრე ქალიც კი არ იქნება. თუ „საკმარისად იღბლიანები“ იქნებით იმისათვის, რომ თქვენთან ერთად სხვა ქალიც ესწრებოდეს შეკრებას, მხარში დაუდექით ერთმანეთის იდეებს, მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით კონკრეტულ აზრს, პატივი ეცით მას და მიეცით ერთმანეთს ღიად ლაპარაკის საშუალება.

პროექტებისათვის მხარი ნაკლებად გამოცდილ ქალებს დაუჭირეთ 

როდესაც ახალ პროექტზე გაქვთ სამუშაო, თუ არის თქვენს გუნდში ისეთი ქალი, რომელზეც ფიქრობთ, რომ მის შესრულებას კარგად გაართმევს თავს, მიეცით მას საშუალება გამოავლინოს საკუთარი თავი, და თუ შესაბამის პოზიციაზე არ იმყოფებით, რეკომენდაციის გაწევა მაინც შეგიძლიათ. ჩვეულებრივ, ასეთი პროექტებისა და როლებისთვის კაცებს მათში არსებულ პოტენციალზე დაყრდნობით ირჩევენ, მაშინ, როდესაც ქალებს ძირითადად მათი გამოცდილებიდან გამომდინარე ასაქმებენ. მიეცით მათ შანსი, რომ დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები, მაშინაც კი, თუ ჯერაც არ ჰქონიათ საქმისთვის საჭირო გამოცდილება წარსულში.

იყავით ხელმისაწვდომი და მუდმივ მზადყოფნაში სხვისთვის დახმარების გასაწევად

დასაწყისში ნახსენებ ქალურ კონკურენციას რომ მივუბრუნდეთ, ეს შეხედულება ხშირად იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ქალებს ამის გაუთვითცნობიერებლად, ან გათვითცნობიერებულად სჯერათ, რომ მათთვის საკმარისი შესაძლებლობები არ არსებობს, რის გამოც პოტენციურ კონკურენტთან ქიშპობა უწევთ. თავისთავად, ზოგიერთი კაციცაა ამ შეხედულების გავლენის ქვეშ, თუმცა უფრო მეტი ქალი განიცდის მის ზემოქმედებას. არ არის გასაკვირი, რომ გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით ქალების მხოლოდ 24% დაინიშნა უფროსის თანამდებობებზე. ამ რიცხვის გაზრდა ერთმანეთის არა დამცირებით, არამედ დახმარებითაა შესაძლებელი. ქალებისთვის მენტორობის, ან ნებისმიერი სხვა დახმარების შეთავაზებით თქვენ ამ დისბალანსის გამოსწორებაში თქვენს წვლილს შეიტანთ.

მუშაობაში დახარჯული დრო უნდა შეფასდეს ხარისხით და არა რაოდენობით

21-ე საუკუნეში სულ უფრო და უფრო მეტ დასაქმებულს აქვს მოქნილი სამუშაო გრაფიკის ფუფუნება; მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისათვის ეს ტაბუდადებული თემაა – მიუხედავად იმისა, რომ ასე მუშაობის ნება დართულია, ხშირად დასაქმებულები ამის გამო ერთმანეთს ჰკიცხავენ კიდეც.

გულწრფელად რომ ვთქვათ, მაგიდასთან ყოველდღიურად 8 საათით ჯდომა მუშაობის ხარისხს ან პროდუქტიულობას ვერ განსაზღვრავს, თუმცა მას კვლავაც ხშირად იყენებენ ამის გასაზომად, თითქოს კომპანიები დასაქმებულებს მოუსვენარ ბავშვებად აღიქვამდნენ, რომელთაც მუშაობის შესრულება ზედამხედველობის გარეშე არ შეუძლიათ.

ქალებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზება უამრავი კუთხითაა ხელსაყრელი. პირველ რიგში, ყველაზე ცხადი მიზეზი შვილებს ყოლაა; დასაქმებული დედები მოქნილი სამუშაო გრაფიკით განსაკუთრებულ სარგებელს იღებენ. იმის შესაძლებლობა, რომ თავად გაანაწილონ თავიანთი სამუშაო საათები, მათ საშუალებას აძლევთ, რომ ეფექტურად მოახერხონ სამუშაოზე კონცენტრაცია, მაშინ, როდესაც მასზე მთელი ყურადღების დათმობა შეუძლიათ. მეორე, ნებისმიერი ადამიანი, არა მხოლოდ დასაქმებული დედები ან ქალები, ნახულობს ამ მოქნილობის განსაკუთრებულ სარგებელს. ეს მათ მენტალურ ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ისევე, როგორც ამცირებს დასაქმებულების სამსახურის დატოვების ტენდენციას და უწყობს ხელს მათ პროდუქტიულობას.

გახსნილები იყავით თქვენს გრძნობებსა და წარუმატებლობასთან დაკავშირებით

ალბათ ძალიან ხშირად მოგისმენიათ, თუ როგორი აღტაცებით საუბრობდა თქვენი ქალი მეგობარი სხვა, პატივსაცემი წარმატებული ქალის შესახებ, მხოლოდ იმის სათქმელად, რომ საბოლოოდ „მე მის ადგილზე ვერასოდეს ვიქნებოდი…“ ეთქვა. რატომ ფიქრობენ ქალები ასე? ჩემი თეორია ასეთია: კაცებთან შედარებით იმდენად ნაკლებადაა ქალების წარმატება აფიშირებული, რომ ჩვენთვის ეს წარმატებული ქალები განსაკუთრებულები და სხვანაირები არიან. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად მათ რაღაც გასაოცარი მახასიათებელი ჰქონდათ, რომ ისინი ერთეულებს წარმოადგენენ და მათ წარმატებაში რაღაც ისეთი მაგია დევს, რაზეც ჩვენ, სხვა ქალებს ხელი არ მიგვიწვდება.

რაც უფრო მეტი ქალი ისაუბრებს საკუთარი წარმატების და მარცხის შემთხვევების შესახებ, რომლებმაც ისინი აქამდე მოიყვანეს, მით უფრო უკეთესი იქნება. წარსულის წარუმატებლობის, უკან დახევის, და დაუცველობის შეგრძნების აღიარება მათ მარცხს არ გამოიწვევს. პირიქით, ეს სხვა ქალებს გზას გაუკვალავს და თავდაჯერებულობას შემატებს, რადგან ვიღაცის გაკიცხვა, უარით გასტუმრება ან ჩაფლავება მათი არსებობის წარმატებულობის საკითხს ვერანაირად განსაზღვრავს. კაცებს არასოდეს დასჭირვებიათ მათი უნაკლობის დამტკიცება ისე, როგორც ქალებს ხვდათ წილად. მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო ქალებს ისევ კაცების ლინზით აკვირდება, ნებისმიერი ნაკლი ჩვენ არარელევანტურს გვხდის. ეს იდეა ზედმეტად აბსურდულია, სწორედ ამიტომაა საჭირო მაგალითების მოყვანა, რომ ქალებმა სიმართლის დანახვა შეძლონ.

ანაზღაურებაზე ღიად ისაუბრეთ

ამ საკითხზე ღიად საუბარი აუცილებელია გენდერებს შორის არსებული ანაზღაურების დისბალანსის გამოსასწორებლად. დღემდე უამრავი კომპანია აქტიურად უწევს ამ ქცევას ანტი-პიარს, რადგან მას არაპროფესიონალურად და შეუსაბამოდ თვლიან. ქალთა პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით, 2017 წელს კერძო კომპანიების მხოლოდ 17% სთავაზობდა დასაქმებულებს გადახდის გამჭირვალობას, მაშინ, როცა 25% მკაცრად კრძალავდა ამის ღიად გაშუქებას. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამის მიზეზი მხოლოდ ერთადერთია: ისინი სამართლიან ანაზღაურებას თავიანთ დასაქმებულებს არ სთავაზობენ.

იმის გამო, რომ ეს თემა ასეთი ტაბუდადებულია, უამრავი ქალი არაა საკმარისად თავდაჯერებული იმისათვის, რომ ხელფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისათვის მზად იყოს. ერთადერთი გზა ამის გამოსასწორებლად ისევ და ისევ ამაზე საუბარია. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ თქვენ თავად გაქვთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით დამსაქმებელთან წარმატებით მოლაპარაკების გამოცდილება და ამის შესახებ სხვა ქალებსაც მოუყვებით.

შესაბამის პოზიციაში ყოფნის შემთხვევაში, დაადგინეთ სამართლიანი დეკრეტული შვებულების პოლიტიკა

ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია სამუშაო სივრცეში გენდერული თანასწორობის დასამყარებლად, რათა ახალბედა დედებსა და მამებს ჰქონდეთ ჯანსაღი ბალანსის დამყარების უნარი პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ მშობელს არ დააკისრებს ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. დღევანდელ დღეს დასაქმებულებს არ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება წარმატებულ კარიერასა და მშობლობას შორის. დეკრეტული შვებულების სამართლიანი პოლიტიკა დასაქმებულებს დაარწმუნებს, რომ მათ პატივისცემით ოჯახის შექმნის შემთხვევაშიც მოეპყრობიან.

იზეიმეთ ერთმანეთის ინდივიდუალურობა

საბოლოოდ, მიიღეთ ის აზრი, რომ ყველა ქალი ერთმანეთს არ ჰგავს. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ისედაც ცხადია, თუმცა ყოველდღიურად იმდენ გენდერულ სტერეოტიპს ვხვდებით, რომ ხალხმა გარკვეული მახასიათებლები ჩამოაყალიბა, რომლებზეც ფიქრობენ, რომ ქალებს უნდა ახასიათებდეთ. იზეიმეთ თქვენს გუნდში მყოფი ქალების ინდივიდუალურობა – ნუ გექნებათ წარმოდგენა, რომ ისინი დამკვიდრებულ სტერეოტიპულ შეხედულებებს მოერგებიან და თუ კი ასეც მოიქცევიან, ნურასოდეს შეუშლით ხელს.

 

სტატიის თავდაპირველი, ორიგინალი ვერსია ხელმისაწვდომია Forbes-ის ვებ-გვერდზე.