103 წლის შვედი ქალი, რუტ ლარსონი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, რომელმაც პარაშუტით ტანდემში ნახტომი შეასრულა. მას რეკორდის დამყარებაში პარაშუტისტი იოაკიმ იოჰანსონი დაეხმარა.
„შესანიშნავი იყო, ამაზე დიდ ხანს ვფიქრობდი… ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო“, – განაცხადა რეკორდის დამყარების შემდეგ რუტ ლარსონმა. „კარგად ვეღარ ვხედავ, თუმცა თავს მშვენივრად ვგრძნობდი“, – უპასუხა მან შეკითხვას, თუ რა დაინახა ნახტომის დროს.
რუტს აეროდრომზე, სადაც ის ნახტომის შემდეგ დაეშვა, ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებოდნენ. ნახტომის ჩასაწერად იქ გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ლარსონამდე ეს რეკორდი მასზე 78 დღით უმცროს ალფრედ ბლაშკეს ეკუთვნოდა. მან პარაშუტით ნახტომი ტანდემში 2017 წელს შეასრულა.