10 მითი ფსიქოთერაპიის შესახებ – ფსიქიკური ჯანმრთელობა და სამსახური

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ უამრავი სტატია დაწერილა, ასევე თანამშრომლებთან ან დამსაქმებლებთან ფსიქიკური დაავადებების გაზიარების რისკებზეც, თუმცა, სექტემბერი სუიციდის პრევენციის ეროვნული თვეა და  მნიშვნელოვანი დროა იმ სამწუხარო, გავრცელებული სტიგმის გადასაჭრელად, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ფსიქიკისა და ფსიქოთერაპიის შესახებ ამერიკაში. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ყველა ადამიანი ორგანიზაციაში ჯანმრთელია და ბედნიერია,  ორგანიზაციაც უფრო წარმატებულია. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ფსიკიქურ ჯანმრთელობაზე და სუიციდის პრევენციაზე.

ზოგი ექსპერტი იმასაც კი გირჩევთ რომ ფრთხილად იყოთ რას გაუზიარებთ თქვენს უფროსს, რადგან შეიძლება სამსახური დაკარგოთ. მიუხედავად ამისა, რთული ემოციური კრიზისის დროს, დამსაქმებლის მხარდაჭერა და გაგება უზარმაზარი შვებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვეღარ მუშაობთ ისე, როგორც გჩვევიათ ხოლმე. 

კომპანიებს და თანამშრომლებს, ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ თუ რა ხდება ფსიქოთერაპევტის კაბინეტში. ეს მცდარი წარმოდგენა ძირითადად ლიტერატურადან  ან ტელევიზიიდან მოდის – ფსიქოთერაპევტებს ხშირად იხსენიებენ როგორც არაკომპეტენტურებს, რომლებიც პაციენტებზე უარეს მდგომარეობაში არიან. უამრავი მითი არსებობს ფსიქოთერაპიის შესახებ, რომლებიც ხან წერილობითი, ხან ეკრანით და ხან კი სამუშაო ადგილზე გადმოიცემა.

Camila Quintero Franco on Unsplash

ათი ყველაზე გავრცელებული მითი:

ადამიანები, ვინც ფსიქოთერაპიაზე დადიან, სუსტი, ფსიქიკურად დაავადებული ან გიჟები არიან. 

არა. დღესდღეობით, თუ მკურნალობა გესაჭიროებათ, ეს იმაზე მეტყველებს რომ ძლიერი ხართ და ინიციატივის აღება შეგიძლიათ. თერაპიის კლიენტი ებრძვის ბევრ იმ პრობლემას, რასაც ჩვენც ვებრძვით ყოველდღიურად: ურთიერთობები, საკუთარი თავის რწმენა, ნდობა, თვითშეფასება, სამსახურის/ცხოვრებისეული სტრესი, ცხოვრებისეული ცვლილებები, დეპრესია და შფოთვა. ადამიანები ვინც თერაპიაზე დადიან, არ არიან პაციენტები, არამედ არიან კლიენტები. 

თერაპევტები მაგიდასთან სხედან და იწერენ, კლიენტები კი დივანზე ისვენებენ.

ეს ძალიან იშვიათად ხდება. გაწვრთნილმა ექიმებმა იციან, რომ მათსა და კლიენტს შორის მანძილი და ჯდომა გადამწყვეტია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ფსიქოლოგიურმა ან ფიზიკურმა განცალკევებამ შეიძლება შექმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც კლიენტი არ საუბრობს დეტალურად ყველაფერზე და არ ამხელს ბოლომდე ინფორმაციას. ტიპიური თერაპიული გარემო გავს თქვენს მისაღებ ოთახს, სადაც ორივე მხარე ზის კომფორტულ სავარძელში, ბარიერების გარეშე. კარგი თერაპევტები ხშირად ეკითხებიან კლიენტებს არის  თუ არა მათ შორის მანძილი კომფორტული და თავს იკავებენ ჩანაწერების გაკეთებისგან კონსულტაციის დასრულებამდე. 

ფსიქოთერაპევტები და კლიენტები საუკეთესო მეგობრები ხდებიან. 

მითის, რომელიც ხშირად გხვდება ლიტერატურაში სადაც აღწერენ რომ კლიენტები ფულს იხდიან იმისთვის რომ ვიღაცამ მათზე იზრუნოს, არანაირი საფუძველი არ არსებობს. თერაპიული ურთიერთობა არის ფსიქოლოგიურად ინტიმური, მაგრამ მკაცრად პროფესიონალური. თერაპევტის აბსოლუტური ვალდებულებაა და ეთიკის და კანონის მოთხოვნაა, რომ ურთიერთობა შემოიფარგლოს საკონსულტაციო შეხვედრებით და საჭირო კომუნიკაციით – მეილით, ტელეფონით ან მესიჯით. ექიმები, რომლებიც არღვევენ საზღვარს პროფესიულ ურთიერთობასა და მეგობრობას შორის, შეიძლება დაკარგონ თავიანთი ლიცენზია. კლიენტის სახელი და მისი ამბავი მკაცრად კონფიდენციალურია. 

ფსიქოთერაპია ძირითადად ლაპარაკის თერაპიაა. 

თერაპია არ არის პასიური. სცენები რომანებსა და სატელევიზიო შოუებში, სადაც თერაპევტები უბრალოდ უსმენენ კლიენტებს, თანხმობის ნიშნად თავს აქნევენ და იმავე სიტყვების სარკისებურად იმეორებენ – სტერეოტიპია.  დღევანდელი თერაპიებით, ფსიქოთერაპევტები გადიან ტრენინგებს, რომლებიც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ინტერაქციას ანიჭებს. პროცესის მიზანია რომ თანამშრომლობის, დიალოგის საფუძველზე და ამავედროულად, კლიენტის აქტიური ჩართულობით, პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად იპოვონ. ფსიქოთერაპევტები და კლიენტები ერთად განსაზღვრავენ პრობლემებს, ადგენენ მიზნებს და ზოგჯერ აკვირდებიან პროგრესს საშინაო დავალებებით.

ფსიქოთერაპევტებს აქვთ მზა პასუხები ცხოვრების ყველა პრობლემაზე 

კარგი თერაპევტი სამკურნალო კონსულტაციებს კლიენტების საჭიროებებს არგებს და კლიენტს მზა ფორმულებს არ აძლევს. მსგავსი მიდგომით, თერაპევტები უსმენენ არა მხოლოდ ისტორიას, არამედ სიღრმისეულად იკვლევენ კონტექსტს, საქციელებს, ჩვევებს და ა.შ.  ეს საშუალებას აძლევს პროფესიონალ თერაპევტს დააფიქსიროს კავშირი ჩვევებსა და საქციელებს შორის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ცვლილებას და გამოსავალის პოვნას. 

ფსიქოთერაპევტები ყველა პრობლემას კლიენტის აღზრდას უკავშირებენ.

კარგად მომზადებული თერაპევტი არ ადანაშაულებს კლიენტს ან არ არცხვენს მას. ისინი არ ადანაშაულებენ კლიენტებს ან მათ მშობლებს. მას აქვს ობიექტური ხედვა და სურვილი დაეხმაროს კლიენტებს დაინახონ რეალობა, რათა მათ თავიანთ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღონ . პროფესიონალი თერაპევტები კლიენტებს არასდროს ადანაშაულებენ, არცხვენენ ან აძალებენ ცვლილებას. 

Sharon McCutcheon on Unsplash

ფსიქოთერაპევტები ნიშნავენ წამლებს. 

ეს ძალიან გავრცელებული მითია. ფსიქოთერაპევტი ფართო ტერმინია, რომელიც მოიცავს როგორც ლიცენზირებულ სოციალურ მუშაკებს, ლიცენზირებული ოჯახის თერაპევტებს, ლიცენზირებულ პრაქტიკოსებს ლიცენზირებულ ფსიქოლოგებს.  ფსიქოთერაპევტი სპეციალისტები მომზადებულები არიან დაეხმარონ კლიენტებს პრობლემების მოგვარებაში. ფსიქიატრები არიან ექიმები, რომლებიც ნიშნავენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და თანამშრომლობენ ფსიქოთერაპევტებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ თერაპიას.

ფსიქოთერაპია პრობლემებს ერთ ან ორ კონსულტაციაში აგვარებს.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალებში და სატელევიზიო შოუებში პრაქტიკულია რომ კლიენტი ერთ ან ორ კონსულტაცაში გამოჯანმრთელდეს, რეალურ ცხოვრებაში ეს ესე არ არის. საშუალო კონსულტაცია 50-60 წუთამდეა, ხოლო პირველი კონსულტაცია ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებს. პრობლემის წყაროს მისაგნებად დრო და ბევრი კონსულტაცია სჭირდება. 

ფსიქოთერაპევტის აზრით, პიროვნება 5 წლის ასაკში ყალიბდება.

რომანში თუ შეგხვდათ პასაჟი სადაც თერაპევტი ამბობს პიროვნება ხუთი წლის ასაკში ყალიბდება – ეს სასაცილოა და ამბავი კარგავს სანდოობას. ნეირომეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინი მუდმივად ვითარდება და იცვლება, ხოლო ახალი MRI-ს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ეს ცვლილება. ფსიქოთერაპიის უახლესი ტექნიკა იყენებს მკურნალობას, რომელიც დაფუძნებულია ნეიროპლასტიკურობაზე – თავის ტვინში ახალი ნერვული ბილიკების შექმნაზე. ამრიგად,  შესაძლებელია ახალი რწმენების და ქცევების შეძენა მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

ფსიქოთერაპევტები კლიენტებს პირველი კონსულტაციის მერე, კარგად ხდიან. 

ეს სცენარი შეიძლება მარტივი იყოს, მაგრამ ძალიან შორსაა სიმართლისგან. კლიენტები არ არიან რობოტები და თერაპევტები არ არიან მექანიკოსები. კლიენტები აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, თერაპევტები კი ეხმარებიან იპოვონ ის რა აწუხებთ. ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს და თავიდან, შეიძლება ემოციურად რთული და მტკივნეული იყოს. ხშირად, სანამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ცუდად უნდა იყოს – ასე აღწერენ თერაპიასაც. თუმცა, გამოცდილი თერაპევტებმა იციან როგორ მივიდეთ ქაოსიდან სიმშვიდემდე.

წყარო: US FORBES