მსოფლიოს 10 უმდიდრესი თვითშემდგარი მილიარდერი ქალი | Forbes-ის რეიტინგი

ცოტა ხნის წინ Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში საერთო ჯამში 2,668 ადამიანი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მხოლოდ 327 ქალია, რომელთა ქონებაც საერთო ჯამში 1.56 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ფოტო: Forbes

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შემავალი ქალების უმეტესობამ, 226-მა მათგანმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. თუმცა Forbes-ის რეიტინგში წარმოდგენილმა 101-მა ქალმა სიმდიდრის დაგროვება საკუთარი ძალისხმევით შეძლო. აღსანიშნავია, რომ აქედან 11 მათგანი საკუთარ ქონებას მეუღლეს უზიარებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ქალების ქონება, რომლებმაც სიმდიდრე საკუთარი ძალისხმევით დააგროვეს, საერთო ჯამში 331 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, Forbes-ის რეიტინგში თვითშემდგარი მილიარდერი ქალების რიცხვი გასულ წელთან შედარებით შვიდით ნაკლებია.

ჩამონათვალში ყველაზე მეტი, 47 თვითშემდგარი მილიარდერი ქალი ჩინეთიდან არის წარმოდგენილი (გასულ წელს მათი რიცხვი 57-ს შეადგენდა). აქედან სამი „ახალბედაა“. ამ ქალების დიდმა ნაწილმა ქონების 50%-ითა და მეტით გაზრდა შეძლო საფონდო ბირჟებზე მათი კომპანიების აქციების ფასების ზრდის შედეგად.

Forbes-ის რეიტინგში შესული თვითშემდგარი მილიარდერი ქალების რაოდენობით მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანაში 27 მილიარდერი ქალია, რომელთაც ქონება საკუთარი ძალისხმევით დააგროვეს. აღსანიშნავია, რომ წელს, აშშ-ში მცხოვრები თურქი ემიგრანტი, ერენ ოზმენი მილიარდ აშშ დოლარზე მეტით გამდიდრდა, კიმ კარდაშიანმა კი ქონებას 800 მილიონი აშშ დოლარი შემატა, მას შემდეგ, რაც მისი კომპანიის, Skims-ის ღირებულებამ 3.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება Forbes-ის სიის „ახალბედა“ თვითშემდგარ მილიარდერებს, მათ შორის არიან: ბარბადოსელი მომღერალი რიანა, რომლის ქონებაც ამჟამად 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს; დიზაინის სტარტაპ Canva-ს თანადამფუძნებელი, 34 წლის მელანი პერკინსი; კვების ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანია Monde Nissin-ის დამფუძნებელი ბეტი ანგი და სხვები.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 უმდიდრეს ქალს, რომლებმაც ქონება საკუთარი ძალისხმევით დააგროვეს:

ფან ჰონგვეი

ქონება: $18.2 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: პეტროქიმიური ნივთიერებები

ქვეყანა: ჩინეთი

რაფაელა აფონტე

ქონება: $16.8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ტვირთსაზიდი კონტეინერები

ქვეყანა: შვეიცარია

ვუ იაჯუნი

ქონება: $15.3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონება

ქვეყანა: ჩინეთი

დაიან ჰენდრიკსი

ქონება: $10.7 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: მშენებლობა

ქვეყანა: აშშ

ჯუდი ლავი

ქონება: $9.7 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: საცალო ვაჭრობა და გაზი

ქვეყანა: აშშ

ვანგ ლაიჩუნი

ქონება: $9.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ელექტრონული ნაწილები

ქვეყანა: ჩინეთი

ჟონ ჰუიჯუანი

ქონება: $8.1 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ფარმაცევტული პროდუქტები

ქვეყანა: ჩინეთი

ლინდა რესნიკი

ქონება: $8

სიმდიდრის წყარო: სოფლის მეურნეობა და წყალი

ქვეყანა: აშშ

ჟოუ კუნფეი

ქონება: $7.1 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: სმარტფონების ეკრანები

ქვეყანა: ჩინეთი, ჰონგ-კონგი

ჯუდი ფოლკნერი

ქონება: $7 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ჯანდაცვა IT

ქვეყანა: აშშ