10 ფეხბურთელი ქალი, რომელთაც 2022 წელს თვალი უნდა ვადევნოთ

ქალთა ფეხბურთი ყოველწლიურად უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება. ასპარეზზე ჩნდებიან ახალი ტალანტები, რომლებიც კონკურენციას საფეხბურთო სამყაროში უკვე დამკვიდრებულ ვარსკვლავებს უწევენ. ევროპული ფეხბურთის ასოციაციათა კავშირის, UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ ფეხბურთელი ქალების ათეული გამოაქვეყნა, რომელთაც, ორგანიზაციის რჩევით, 2022 წელს თვალი უნდა მივადევნოთ.

 

ჯულ ბრანდი

19 წლის გერმანელი ფეხბურთელი მშობლიური ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში, ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბ „ჰოფენჰაიმის“ ღირსებას იცავს. ის ძირითადად გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა შეუძლია, მცველის ფუნქციაც შეითავსოს. ჯულ ბრანდი „ჰოფენჰაიმის“ პირველ გუნდში გასულ სეზონში გადავიდა და მასთან ერთად UEFA-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. გერმანული კლუბი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლო შეხვედრაში „არსენალს“ 4:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მატჩის 22-ე წუთზე ლონდონელებს გოლი სწორედ ჯულ ბრანდმა გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ ბრანდი 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მას გერმანიის ძირითად საფეხბურთო ნაკრებში დებიუტი გასულ წელს ჰქონდა და გუნდის ფორმით ათ შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი.

 

ნაომი ფელერი

ფრანგი ფეხბურთელი მშობლიური ქვეყნის ქალთა ნაკრებსა და კლუბ „რეიმსში“ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. მას 2019 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული. ნაომი ფელერი 2020 წელს „ლიონში“ იყო განათხოვრებული, თუმცა 2021 წლის ზაფხულში კვლავ „რეიმსში“ დაბრუნდა. 2021/2022 წლების სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა შეძლო.

ცნობისთვის, 20 წლის ფელერს საფრანგეთის ქალთა ძირითად საფეხბურთო ნაკრებში დებიუტი გასული წლის ოქტომბერში, ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა, რომელშიც ფრანგებმა მეტოქეს 11 უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

მაია იელჩიჩი

17 წლის ფებურთელი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაშია დაბადებული, სარაევოს SFK 2000-ის რიგებში ირიცხება. მაია იელჩიჩს ქვეყნის ძირითად ნაკრებში დებიუტი 2020 წლის მარტში ჰქონდა, როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იელჩიჩი 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის პირველი რაუნდის ბომბარდირი გახდა შვიდი გატანილი გოლით. ის ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორისაა.

 

რომე ლოიხტერი

21 წლის ნიდერლანდელი, რომელსაც გოლების გატანა შესანიშნავად ეხერხება, მშობლიური ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, ერედივიზიონში მოასპარეზე კლუბ „აიაქსში“ თამაშობს. უნდა ითქვას, რომ რომე ლოიხტერმა კლუბის მაისურით ოთხ შეხვედრაში შვიდი გოლის გატანა შეძლო. მათ შორის თავი ორჯერ გამოიჩინა „პსვ ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ, რომელიც მან გასული წლის ზაფხულში დატოვა.

2021/2022 წლების სეზონში ლოიხტერს „აიაქსის“ რიგებში საერთო ჯამში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. ნიდერლანდელის ანგარიშზე 11 გოლია.

 

მაია ლე ტისიერი

ბრიტანელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბ „ბრაიტონის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მას თამაში როგორც ცენტრალური, ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუძლია. აღსანიშნავია, რომ 19 წლის მაია ლე ტისიერს „ბრაიტონის“ მაისურით 46 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბრიტანელმა ფეხბურთელმა სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე კლუბის რიგებში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა თავი მცველისათვის აუცილებელი მონაცემებით გამოიჩინა.

 

მისა როდრიგესი

1999 წელს დაბადებული ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ მეკარის პოზიციაზე თამაშობს. აღსანიშნავია, რომ მისა როდრიგესმა 2020/21 წლების სეზონში ცნობილი ესპანელი მეკარის, რიკარდო სამორას სახელობის თასი მოიგო. მან 32 შეხვედრაში 30 გოლი გაუშვა. ახალგაზრდა გოლკიპერი წარმატებული თამაშების შემდეგ ქვეყნის ძირითად ნაკრებში მიიწვიეს, სადაც უკვე ოთხი მატჩი ჩაატარა.

ცნობისთვის, მისა როდრიგესი „რეალში“ გადასვლამდე – „დეპორტივოს“, მანამდე კი მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.

 

ემა სნერლი

20 წლის დანიელი შემტევი ახლახან ინგლისურ კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ გადავიდა. აქამდე ის იერინგის „ფორტუნას“ ღირსებას იცავდა, სადაც თამაში 16 წლის ასაკიდან დაიწყო. ემა სნერლი დანიის ქალთა ძირითად ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს. მის რიგებში 18 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2022 წელს დანიელ ფეხბურთელს აქვს პოტენციალი UEFA-ს ქალთა ევროპის ჩემპიონატის ვარსკვლავი გახდეს.

 

ელიზაბეთ ტერლანდი

ნორვეგიელი ფეხბურთელი, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, 2021 წელს „კლეპიდან“ „სანდვიკენში“ გადავიდა და ამ უკანასკნელს ეროვნული ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. მან კლუბის სახელით უკვე 23 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ელიზაბეთ ტერლანდი ნორვეგიის ძირითად საფეხბურთო ნაკრებში გასული წლიდან ირიცხება, რომლის მაისურითაც ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.

 

ჯარნ ტეულინგი

20 წლის ბელგიელი ტალანტი ნიდერლანდური კლუბის, „ტვენტეს“ ღირსებას იცავს. აღსანიშნავია, რომ ჯარნ ტეულინგმა გასული სეზონი მშობლიური ქვეყნის კლუბ „ანდერლეხტში“ გაატარა, რომლის რიგებშიც მას UEFA-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე 2020 წლის ნოემბერში დებიუტი ჰქონდა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი ბელგიის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში 2020 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდიდან დღემდე ტეულინგმა ნაკრების მაისურით ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

კატია ვინეროითერი

ავსტრიელი ფეხბურთელი ციურიხის „გრასჰოფერში“ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. მანამდე ის გრაცის „შტურმის“ ღირსებას იცავდა. მშობლიური ქვეყნის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში კატია ვინეროითერმა სადებიუტო გოლი გასული წლის სექტემბერში, ლატვიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „გრასჰოფერის“ 19 წლის თავდამსხმელმა ამ შეხვედრაში, დაახლოებით 10-წუთიან მონაკვეთში, დუბლი გაიფორმა.

 

ფოტოები: Getty Images