ქალები დღეს შეუჩერებელნი არიან და მათი ძალა და გავლენა დღითიდღე იზრდება. ისინი სულ უფრო მეტად ითხოვენ ახალ საზოგადოებას. საზოგადოებას, რომელიც მათ არჩევანის საშუალებას მისცემს – მათ შეუძლიათ აარჩიონ თუ რისი გაკეთება სურთ, იყვნენ ყველაფერი, რაც სურთ და შედეგად აგებენ სისტემას, რომელიც მათ ამის შესაძლებლობას აძლევს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ქალები წარმოადგენენ თავიანთ სფეროებში ძალაუფლების ცენტრს და შთააგონებენ არა მხოლოდ მათ თანამშრომლებსა და გარშემო მყოფ ადამიანებს, არამედ სხვა ქალებსა და ლიდერების მომავალ თაობას.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, ქალს არ სჭირდება ბიზნეს-ტიტული, რომ იყოს ლიდერი. ნამდვილი ლიდერი ჩნდება თავის საზოგადოებაში ცვლილებებისთვისა და დადებითი გავლენის მოხდენისთვის. და ამას ქალები მთელს მსოფლიოში ყოველდღე აკეთებენ, მიუხედავად მათი სამუშაო ტიტულისა თუ პოზიციისა.
კამალა ჰარისი – ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი
კამალა ჰარისი ჯერ კიდევ იქამდე არღვევდა ბარიერებს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა. როგორც შემდგარი იურისტი და სენატორი, ჰარისი ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე სიტუაციებში, სადაც მისი მსგავსი სხვა არავინ იყო. რთული პერიოდშიც კი ის ინარჩუნებს უკეთესი მომავლის იმედს, ცდილობს სამყაროს გაუმჯობესებას და მომავალი ლიდერებისთვის მოტივაციის ამაღლებას. ჰარისი ყველა ასაკის ქალსა თუ გოგოს უჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ ოცნებებს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, წარმოუდგენლად შთამაგონებელია გახდე მომსწრე, როგორ იკავებს ქალი ადგილს თეთრ სახლში.
სინტია მარშალი – Dallas Mavericks–ის აღმასრულებელი დირექტორი
როდესაც ის სულ რაღაც სამი თვის იყო, სინტია მარშალის მშობლები ალაბამიდან კალიფორნიაში გადავიდნენ, რათა Jim Crow South-სთვის თავი დაეღწიათ. სანამ იზრდებოდა, სინტია თავის გარშემო ვერ ხედავდა ბევრ შავკანიან ქალსა თუ გოგონას ლიდერულ პოზიციებზე. მან ეს შეცვალა, ჯერ იმით, რომ გახდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი. მარშალმა მთელი ცხოვრების განმავლობაში არაერთი ბარიერი დაამსხვრია, ეს კი ოჯახური ძალადობის, შვილის გარდაცვალებისა და კიბოს დიაგნოზის ფონზე. დღეს მარშალი არის Dallas Mavericks-ის აღმასრულებელი დირექტორი და პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც მუშაობდა როგორც ბიზნეს-ლიდერი NBA გუნდისთვის. Mavericks-თან მუშაობის პერიოდში მარშალმა გარდაქმნა მანამდე არსებული ტოქსიკური და ქალთმოძულე კულტურა და შექმნა ინკლუზიური გარემო, სადაც ყველას შეუძლია ხმის ამოღება და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.
კეტრინ იანსენი – ვაქცინების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი Pfizer-ში
გასულ წელს, ალბათ, არცერთ სხვა ქალს არ ჰქონია ისეთი გლობალური გავლენა, როგორც კეტრინ იანსენს. როგორც Pfizer-ის ვაქცინების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელს, იანსენს თითქმის შეუძლებელი ამოცანა დაეკისრა: წელიწადზე ნაკლებ დროში შეექმნა და გამოეცადა COVID-19-ის საწინააღმდეგო სიცოცხლისუნარიანი ვაქცინა. პანდემიის განმავლობაში, იანსენი ხელმძღვანელობდა 650 ექსპერტისგან შემდგარ გუნდს, რომელმაც შემქნა კორონავირუსის პირველი წარმატებული ვაქცინა. მაგრამ ამ ეტაპამდე მისვლა საჭიროებდა მრავალი სარისკო ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის დაუმტკიცებელი mRNA ტექნოლოგიის გამოყენებით. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იანსენი უკან არ იხევდა და დგამდა სარისკო ნაბიჯებს, რამაც ხშირ შემთხვევაში გამოიწვია მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები, მათ შორის მსოფლიოს ორი ყველაზე გაყიდვადი ვაქცინა ადამიანის პაპილომავირუსისა და პნევმოკოკის წინააღმდეგ. მისმა თამამმა ხელმძღვანელობამ შეცვალა მეცნიერების სახე და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
უიტნი ვულფ ჰერდი – Bumble- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
სექსუალურ შევიწროვებას ვიტნი ვულფი არ შეუჩერებია, პირიქით, ის მას წინ აღუდგა და გადაწყვიტა ქალები გაეძლიერებინა. ვულფმა სექსუალური შევიწროვებისა და დისკრიმინაციის სარჩელის გამო დატოვა Tinder-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და წამოიწყო Bumble, გაცნობის აპლიკაცია, სადაც პირველ ნაბიჯს ქალები დგამენ და სადაც შევიწროვება მკაცრად მოწმდება. ახლა Bumble მეორე ყველაზე პოპულარული ონლაინ გაცნობის აპლიკაციაა და მისი ღირებულება მილიარდობით დოლარია. 2021 წელს Bumble-ის აქციები საჯაროდ ივაჭრება, შედეგად ვულფი ჰერდი იქცა ყველაზე ახალგაზრდა ქალად, რომელმაც კომპანია საჯარო გახადა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ქალად, რომელმაც მილიარდი საკუთარი შრომით გამოიმუშავა. ჰერდი ხშირად ესაუბრება და ასწავლის სხვა ანტერპრენერ ქალებს.
მარია ეიტელი – Nike Foundation-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
სანამ Nike-ის კომპანიას შეუერთდებოდა, როგორც კორპორატიული პასუხისმგებლობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მარია ეიტელი კარიერის დასაწყისში მუშაობდა თეთრ სახლსა და Microsoft-ში. 2004 წელს მან დააარსა Nike Foundation და შექმნა The Girl The Effect–ის თეორია – იდეა, რომ მოზარდ გოგონებს აქვთ უნიკალური უნარი შეაჩერონ სიღარიბე მის დაწყებამდე. ეიტელი ასევე არის ორგანიზაცია Girl Effect-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომლის მიზანია დაეხმაროს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 250 მილიონ ახალგაზრდა გოგონას ოთხი ძირითადი მიმართულებით: ადრეული ქორწინებისა და ფეხმძიმობის დასრულება, გოგონების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, საშუალო სკოლის დასრულების მაჩვენებლის გაზრდა და ეკონომიკურ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მსოფლიოს მასშტაბით ის უკვე მილიონობით გოგონას დაეხმარა, არადა მისი საქმიანობა ახლახან დაიწყო.
ჯესინდა არდერნი – ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი
ქვეყნის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულია. 2017 წელს, 37 წლის ასაკში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს ჯესინდა არდერნი. სწორედ ასე გახდა ის მსოფლიოში სახელმწიფოს ყველაზე ახალგაზრდა მეთაური ქალი. მისი არჩევიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც მას გოგონა შეეძინა. მას შემდეგ არდერნის არაერთი მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლა ვიხილეთ ქალიშვილით კალთაში. არდერნმა მოახერხა მიეღწია ერთიანობისა და სოციალური ცვლილებისთვის. ამავდროულად, მან სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებები განახორციელა იარაღით ძალადობის წინააღმდეგ. მისი ძლიერი ხელმძღვანელობის შედეგია, რომ პანდემიის დაწყებიდან ახალ ზელანდიაში კორონავირუსით მხოლოდ 26 მოქალაქე დაიღუპა.
მელანი პერკინსი – Canva-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
მელანი პერკინსმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო იყო, როდესაც მიხვდა, რომ გრაფიკული დიზაინის შესასწავლად კოლეჯის მთლიანი სემესტრი იყო საჭირო. ჯერ კიდევ 19 წლისამ დაიწყო იდეის ჩამოყალიბება Canva-ს შესახებ, ონლაინ პლატფორმისა, რომელიც შესაძლებელს ხდის სწრაფად და უფასოდ შეიქმნას პროფესიონალური დონის დიზაინები. პერკინსი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალი ტექ-აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც მხოლოდ ექვსი წლის განმავლობაში საკუთარი კომპანიის ღირებულება 1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. Fortune 500-ის კომპანიების გასაოცარი რაოდენობა, 85% იყენებს Canva-ს, ხოლო პერკინსი განაგრძობს კომპანიის კიდევ უფრო გაზრდის მისიას. დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით Canva-ს 800 თანამშრომელი ჰყავს.
კატრინა ლეიქი – Stitch Fix-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
მოდისა და ტექნოლოგიის შერწყმით, კატრინა ლეიქმა Stich Fix აქცია საკუთარი ბინის გარეთ ოპერირებადი სტარტაპიდან მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიად. Stitch Fix-ის ლეიქისეული ხედვა გულისხმობდა მონაცემების შერწყმას ნამდვილ სტილისტებთან, რასაც დაკავებული ქალებისთვის უნდა გაემარტივებინა იმ ტანსაცმლის მოძიება, რომელიც უყვართ. მას სჯერა, რომ მომხმარებლები, განსაკუთრებით ქალები, გრძნობენ თავდაჯერებულობას, როდესაც ისინი საუკეთესოდ არიან ჩაცმულნი. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა ქალი ტექ-სფეროში, რომელიც 2017 წელს IPO-ს ხელმძღვანელობდა. ლეიქის შემოქმედებითმა მიდგომამ ადამიანის სტილისტებისა და მონაცემების შერწყმისადმი მოუპოვა აღიარება, როგორც მას, ისევე მის კომპანიას და მთელს მსოფლიოში მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა.
ქრისტინ ლაგარდი – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი
ქრისტინ ლაგარდმა მთელი თავისი კარიერა საბანკო საქმეში სტერეოტიპების მსხვრევაში გაატარა. ის იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის პირველი ქალი შემსრულებელი, ასევე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველი ქალი მმართველი დირექტორი და ახლა უკვე ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტია. ამჟამინდელი როლის შესრულებისას, მას უწევს პანდემიის პირობებში დაზარალებული ევროზონის საბანკო სისტემის დასტაბილურება. 2019 წელს ლაგარდი დასახელდა მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერ ქალად. ლაგარდი არის გენდერული ინკლუზიურობის ჩემპიონი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სექსიზმს ეჩეხებოდა, ის მაინც არღვევს ბარიერებს მომავალი ქალი ლიდერებისათვის.
სონია სინგალი – Gap-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
სონია სინგალმა Gap-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიკავა, შედეგად, მას კომპანიის მართვა საცალო ვაჭრობისთვის საკმაოდ მძიმე დროს მოუწია. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა და თავისი გუნდი მიიყვანა პივოტურ მდგომარეობამდე და გააფართოვა კიდეც ამ გაურკვეველ დროში. როგორც Gap-ის ლიდერი, სონია სინგალი არის Fortune 500-ის მცირე რაოდენობის აღმასრულებელ ქალთაგან ერთ-ერთი და, ამავდროულად, ყველაზე მაღალი რანგის ინდოელ-ამერიკელი აღმასრულებელი დირექტორი. სანამ Gap-ის გენერალური დირექტორი გახდებოდა, სინგალი ხელმძღვანელობდა Old Navy-ს, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას მოახერხა კომპანიამ ხელფასის თანასწორობის პრაქტიკის დანერგვა. სინგალი ცნობილია იმითაც, რომ არის ძალიან ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული, ამასთან აქტიურად მუშაობს გლობალური ინიციატივების გაფართოებაზე. მათ შორისაა Gap’s PACE (პირადი წინსვლა და კარიერის გაღრმავება) პროგრამა, რომელიც სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კლასებს ქსოვილზე მომუშავე ქალებს.