შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალი მეწარმეების ბუმია.
ქალთა საკუთრებაში არსებული ბიზნესის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც American express-ის ინიციატივით მომზადდა, კარგად ჩანს რომ აშშ-ში 2017-დან 2018 წლამდე ქალები, დღეში, საშუალოდ, 1821 ახალ კომპანიას აფუძნებდნენ, რაც 1972 წლიდან დღემდე 3000%-იან ზრდას აჩვენებს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს, ქალების მიერ დაარსებული საწარმოების 1.7 % -ს დაახლოებით 1 მილიონი დოლარის გაყიდვები ჰქონდა.
გთავაზობთ ყველაზე პოპულარული სფეროების ათეულს, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად ირჩევენ თავიანთი იდეების განსახორციელებლად.
1. პროფესიონალური მომსახურება
ეს არის დარგი, რომელიც ცოდნაზეა დაფუძნებული. ქალები იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ატარებენ ტრენინგებს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ეს, ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა ქალებისთვის, თავად ქალი მეწარმეები ქმნიან ამგვარ კომპანიებს და სხვა ქალებს ეხმარებიან. მაგალითად, ფელენა ჰანსონმა ამერიკაში დაარსა ორგანიზაცია “HERA HUB”, რომელიც მისი თქმით, პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ქალზეა ორიენტირებული და ეხმარება სხვა ქალებს ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების პროცესში, აძლევს ბიზნეს რჩევებს. ფელენა 7 ახალი ლოკაციის დამატებასაც გეგმავს.
2. ჯანდაცვა/თავის მოვლა/ ფიტნესი
ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ბევრი ქალის ინტერესის სფეროა. მარია იზაბელასა და ანიტა რაოს აზრით, ქალებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექციონ ჯანმრთელობას, კონკრეტულად კი ნაყოფიერების უნარის გაუმჯობესებას, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ კომპანია, სადაც ქალები იზრუნებდნენ ერთმანეთზე და არაეფექტურ, ხარვეზიან ჯანდაცვის სისტემაში კლიენტებს შესთავაზებდნენ ისეთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც მისაღები იქნებოდა მათთვის.
ქეით რაიდერმა კი დააფუძნა კომპანია, რომელიც მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს ქალებს სამედიცინო მომსახურებას.
3. ტანსაცმელი და აქსესუარები
ქალები ქმნიან ტანსაცმლის ისეთ ბრენდებს, რომელიც კომფორტულიცაა და ყველაზე უკეთაც გამოხატავს ინდივიდუალიზმს. რებეკა სმიტის აზრით, ქალებს აუცილებლად სჭირდებათ დახვეწილი, მაღალი დონის საძილე სამოსი და შექმნა ბრენდი RECLINER. რომი დევაკი კი შეეცადა სხვებისთვის მწუხარება შეემსუბუქებინა და საყვარელი ადამიანების ხელნაწერებით სუვენირების შექმნა გადაწყვიტა. მის მაღაზიაში უამრავი ნივთია, რომლებიც მომხმარებლების მიერ მოწოდებული ხელნაწერებით არის გაფორმებული.
4. სამომხმარებლო საქონელი
მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებით მწარმოებელს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია მომხმარებელზე მორგებული გახადოს. ამის მაგალითია კომპანია LOVE TRAVELERS, რომელმაც შექმნა სივრცე, სადაც მეწარმეები მთელი მსოფლიოდან თავიანთ პროდუქტს ყიდიან. იანა სეიდი თავის მაღაზია SUNDAY MORNING-ში თანამედროვე ოჯახებისთვის საოჯახო ნივთების რეალიზაციას ცდილობს. კორდელია სმიტმა კი ხელნაკეთი აქსესუარების გაყიდვით წამოიწყო ბიზნესი და მალევე შეძლო მისი გაფართოება, ისეთ ბრენდებთან ურთიერთობით, როგორებიცაა „ანთროპოლოგი“ და „ნორდსტრომი“.
5. პერსონალური მომსახურება
პერსონალური სერვისების ინდუსტრია მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან მსურველებს მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება. ნორინ ჰილი არის ქალი, რომელიც ეხმარება უსახლკაროდ დარჩენილ ქალებს. წლების განმავლობაში ის დარწმუნდა, რომ კომპანიები, რომლებიც ვალდებულები იყვნენ დაზარალებულ ქალებს დახმარებოდნენ, არ მუშაობდნენ ეფექტურად, ამიტომაც ჰილმა საკუთარი კერძო კომპანია დააარსა. „ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში 300 ქალს დავეხმარეთ. ეს არ არის ბევრი, თუმცა ეს ქალები ჩვენ სტიმულს გვაძლევენ და გვაერთიანებენ,“ – განაცხადა ნორინმა.
6. პიარი და მარკეტინგი
სოციალურ მედიაში სარეკლამო კამპანიის მართვა, როგორც ჩანს, ბევრი კრეატიული ქალისთვის ტრენდად იქცა. ჯესიკა როველომ შექმნა კომპანია ARKADIUM , რომელიც ეხმარება ონლაინ საგამომცემლო კომპანიებს მოიზიდოს უფრო მეტი მყიდველი.
7. მედია და გამომცემლობები
უამრავი ქალი სწორედ მედიით ცდილობს საკუთარი ხმა მიაწვდინოს მსოფლიოს. ქალები აარსებენ პლათფორმებს, სადაც საუბრობენ ფემინიზმზე, იმიჯზე, ახალ გამოწვევებზე. რაც ყველაზე მთავარია, ეს მათთვის შემოსავლის წყაროდაც კი იქცა.
8. სწავლება/ ტრენინგი
ქალებს ესმით, რომ განათლება მნიშვნელოვნად ცვლის მათ ცხოვრებას, ცოდნის გაღრმავებით მათ ეძლევათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ სოციალური პირობები. აშშ-ში ქალები თავიანთი გამოცდილების გათვალისწინებით, აარსებენ ორგანიზაციებს, სადაც სხვებს ასწავლიან ემოციების კონტროლს, პრობლემების აღმოფხვრის მეთოდებს, წარმატების მიღწევის საიდუმლოს, რაც მეცნიერული დაკვირვებებით ამცირებს ადამიანებში ძალადობრივი ქცევების რისკებს.
9. ხელოვნება და გართობა
ქალები სულ უფრო მეტ ისეთ კომპანიებს ქმნიან, რომლებშიც ცდილობენ სხვა ქალებს მიანიჭონ სიამოვნება და უკეთ დაანახონ, რაში მდგომარეობს სილამაზის საიდუმლო. ასეთებია: ცეკვის სტუდიები , სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი ბანაკები და სხვა.
10. F&B
ვის არ უყვარს გემრიელი საჭმელი?! ქალები ამ ბიზნესშიც აქტიურად არიან ჩართული. ზოგს გაუმართლა და მათ მიერ შექმნილი სადღესასწაულო ტორტებისა და ნამცხვრების საცხობები მსოფლიო დონის ბრენდებად იქცნენ.
არიან ისეთებიც, რომლებიც საიდუმლო რეცეპტებით იმკვიდრებენ ადგილს ბაზარზე. მთავარია იცოდეთ, რა სურთ მომხმარებლებს და არ ჩამორჩეთ მსოფლიო ტენდენციებს. გახსოვდეთ, აუცილებელია თვითშეფასების, საკუთარი შესაძლობლობების რწმენის მნიშვნელოვანი ამაღლება. მართალია რთულია გამოწვევები, რომელიც სტერეოტიპებისა და მანკიერი ტრადიციული დამოკიდებულებების აღმოფხვრას უკავშირდება, მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელშია.
ავტორი: Charissa Enns
თარგმანი: თამთა ბარძემიშვილი
წყარო: thestoryexchange