09.04.1991 | 12:30 საათი | თბილისი

9 აპრილი ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის. ამ დღეს, ალბათ, ყველაზე მეტად ეუფლება ქართველს განცდა ტკივილისა და გამარჯვებისა – თანადროულად. სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ენერგიამ, იდეოლოგიამ, სურვილმა, თავგანწირვამ მიიყვანა ბილიკი 1991 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობამდე.

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – წარმოთქვა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის წაკითხვისას.

9 აპრილის ტრაგედიამ ქართველებს უანდერძა ინსტინქტად ქცეული სურვილი თავისუფლებისა და გააჩინა გამბედაობის, წინააღმდეგობის, თავისუფალი ნების მუხტი, რომელიც დღემდე თან გვდევს და რომელიც ჯანსაღი სახელმწიფოებრივი ატმოსფეროს არსებობის წინაპირობაა.

შეგახსენებთ, დამოუკიდებლობის აღდგენა 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა. შეკითხვას, „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“, მონაწილეთა 98,9 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა. 9 დღეში კი სურვილი და გადაწყვეტილება რეალობად იქცა.