ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ USAID (Unitet States Agency For International Development)-ის ხელმძღვანელის კანდიდატად სამანტა პაუერს დაასახელებს.
ყოფილი ჟურნალისტი, სამანტა პაუერი, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას თეთრი სახლის უსაფრთხოების თანამშრომელი და 2013-2017 წლებში გაეროში აშშ-ს ელჩიც იყო. იგი ჰარვარდის კენედის სკოლის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის Carr Center-ის დამფუძნებელი, ამჟამად კი ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორია.
ამ პოსტზე პაუერის წარდგენით ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ის ობამას ადმინისტრაციაში მომუშავე პირებს ენდობა. „ელჩი სამანტა პაუერი არის სინდისისა და ზნეობრივი სიწმინდის მსოფლიოში ცნობილი ხმა…“ – წერს ბაიდენი თავის Twitter-ის გვერდზე.
თუ სამანტა პაუერი ამ თანამდებობას დაიკავებს, იგი პასუხისმგებელი გახდება სამთავრობო უწყებაზე, რომელიც მსოფლიოში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებაზე, სოციოეკონომიკურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით საკითხებსა და აშშ-ს ინტერესების გატარებაზეა ორიენტირებული.