ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ, ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენია ნომინირებული.
ამერიკის საპრეზიდენტო დებატების წინა დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, ქრის ბრაიანტმა, ჯო ბაიდენის კანდიდატურა დააყენა.
ქრის ბრაინტის მოსაზრებით, ჯო ბაიდენი იმსახურებს ნომინირებას, რადგან ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ დებატებსა და არგუმენტირებულ მსჯელობას. მისი განცხადებით, თუ სხვებისთვის გამოსავალი ძალადობაა, ბაიდენისთვის ყველაზე ძლიერი იარაღი ძლიერი არგუმენტია.
ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტი უკვე ფლობს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში. მათ შორისაა ბარაკ ობამა, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ბაიდენი იყო. პროცედურულად, პრემიაზე ნომინირების უფლება აქვთ ეროვნული ანსამბლეებისა და სუვერენული სახელმწიფოების მთავრობათა ლიდერებს. ამასთანავე, ისტორიის, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, თეოლოგიისა და რელიგიის პროფესორებს. განსაზღვრული არ არის, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი.
წელს მშვიდობის დარგში 211 ადამიანი და 107 ორგანიზაციაა ნომინირებული. კანდიდატების ოფიციალური სია 50 წლის შემდეგ გამოქვეყნდება. ნობელის პრემიის ლაურეატებიკი ოქტომბერში დაჯილდოვდებიან.