ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი აშშ-ს პოლიტიკაში არსებულ ბარიერებს არღვევს. სავარაუდოა, რომ ჯო ბაიდენი მიშელ ფლურნოის პენტაგონის ხელმძღვანელად აირჩევს. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პენტაგონის „ვეტერანი“ აღნიშნულ დეპარტამენტში მისი გამოცდილების მიხედვით მთავარ კანდიდატად დაასახელეს.
მიშელ ფლურნოი პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას დროს თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე მსახურობდა. 2009 წელს ფლურნოი პენტაგონის ყველაზე მაღალი რანგის ქალი იყო დეპარტამენტის ისტორიაში. 2009 წლიდან 2012 წლამდე აშშ-ს თავდაცვის მდივანთა მთავარი მრჩეველი იყო. დემოკრატები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ქალის კანდიდატურის წამოყენებას აღნიშნულ დეპარტამენტში. 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში მიშელ ფლურნოი პენტაგონის მმართველის პოსტის კანდიდატურაზე ივარაუდებოდა.
მიშელ ფლურნოის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით ბაიდენი ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს, ვინაიდან დეპარტამენტის სათავეში ქალი აქამდე არ ყოფილა. აღნიშნულით ბაიდენი ამერიკელების წინაშე დადებულ პირობასაც შეასრულებს და მრავალფეროვანი კაბინეტით იქნება წარმოდგენილი: „მე ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის.“
თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების შემთხვევაში ფლურნოის კორონავირუსის ვაქცინის გასანაწილებლად სამხედროების გადამზადება ეფექტურ მდგომარეობაში მოყვანა მოუწევს.
მარტში გამართულ კონფერენციაზე მიშელ ფლურნოიმ განაცხადა, რომ საჭიროა აშშ-ის საერთაშორისო რეპუტაციის აღდეგენა. აშშ-ის მნიშვნელოვან გამოწვევად ფლურნოი ჩინეთს განიხილავს, ვინაიდან შეერთებული შტატები სამხედრო ტექნოლოგიურ უპირატესობას კონკურტენთან შედარებით კარგავს. ახლო აღმოსავლეთის საკითხთან მიმართებაში მიშელი აშშ-ის ძალების რეგიონში ყოფნას მხარს უჭერს, თუმცა სახელმწიფოს შეზღუდული როლი ექნება.
მისი განცხადებით, აშშ ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა კონკრეტული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ აღმშენებლობაზე.