ცხოველების ვიდეოების ყურება ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა | ლიდსის უნივერსიტეტის კვლევა

ინგლისის ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველების ვიდეოების ყურება ადამიანებს სტრესის დონის შემცირებაში ეხმარებათ. კვლევის მიხედვით, ცხოველების რეალურ ცხოვრებაში ნახვა სულაც არ არის საჭირო, რათა ამ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედოს.

Infomastern, CC license

ლიდსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ცხოველებს აქვთ ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური გავლენა სტუდენტებსა და კოლეჯის თანამშრომლებზე. მათი განცხადებით, კვლევისათვის შეირჩა 19 მოხალისე, რომელთაც 30 წუთის განმავლობაში უჩვენებდნენ სხვადასხვა ცხოველის ფოტოებსა და ვიდეომასალებს.

მონაწილეთაგან 15 მათგანს ექსპერიმენტიდან 90 წუთში გამოცდა უნდა ჩაებარებინა, ხოლო დანარჩენი 4 ადმინისტრაციის თანამშრომელი გახლდათ.

ექსპერიმენტის შემდეგ მონაწილეთა გულის ცემა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო მათი სისხლის წნევა საშუალოდ 136/88-დან 115/71-მდე დაეცა, რაც წნევის იდეალური მაჩვენებელია. კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდუალურად სტრესის მაჩვენებელი თითქმის 50%-ით შემცირდა.

ექსპერიმენტის ფარგლებში, მთლიანობაში, 8 სესია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო, იგი დროებით გადაიდო. ლიდსის უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი, პროფესორი ანდრეა უტლი, კვლევის გაგრძელებას ონლაინრეჟიმში გეგმავს.