ჩუმი ამბოხი ანუ „ალაჰის ქალთა“ რეპრეზენტაცია შირინ ნეშატის ფოტოგრაფიაში

ორიენტალიზმი დასავლეთის მიერ აღმოსავლური სამყაროს ქვეყნების მიმართ სტერეოტიპულ ხედვას გულისხმობს. ევროპა აღმოსავლეთს გაემიჯნა, რითიც ორიენტი განსჯის საგანი გახდა. დასავლური ზეწოლა განსაკუთრებით მუსლიმ ქალებს შეეხოთ, რადგან ევროპის მიერ ისინი რელიგიური და პატრიარქალური წესების მსხვერპლად ითვლებოდნენ. დაჩაგრული და პოლიტიკურად უუფლებო ქალების რეპრეზენტაცია ორიენტალისტური ტროპების გაცოცხლების და ისლამოფობიის მიღწევის კარგ საშუალებად იქცა. ამის დასტურად, ისტორიულმა ფაქტებმა წარმოაჩინა იმ ქალთა როლი, რომლებიც არაერთხელ ყოფილან ისლამის წინააღმდეგ ომის პროპაგანდად ქცეულნი. თითქოს, ევროპამ ისლამოფობიითა და რასიზმით ქალის ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. Აამით კი მუსლიმი ქალი დილემის წინაშე დააყენა – აირჩიოს ბრძოლა სექსიზმის წინააღმდეგ ან დაუპირისპირდეს ისლამოფობიას და რასიზმს.

მუსლიმი ქალების შესახებ ამ პოლიტიკურმა თუ კულტურულმა საკითხებმა მედიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ასპარეზზეც მოახდინა გავლენა და ვიზუალური დისკურსი გააჩინა. შირინ ნეშატი იმ ხელოვანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის შემოქმედებითმა დისკურსმაც დასავლურ-აღმოსავლური, როგორც გეოგრაფიული, ისე კულტურული საზღვრების გადაკვეთა მოახერხა და თვითრეფლექსიის საშუალებით საკუთარი ფოტოგრაფია საკმაოდ რთული თემების კვლევას მოახმარა. მისი ფოტოგრაფიული სერია ცნობილი, როგორც „ალაჰის ქალები“, შუა აღმოსავლეთის ცვალებადი კულტურული ლანდშაფტის ფონზე იკვლევს ქალთა იდენტურობის სირთულეებთან დაკავშირებულ საკითხებს – როგორც მუსლიმ ქალთა შესახებ დასავლურ წარმოდგენათა ობიექტივის, ისე პირადი და რელიგიური რწმენის გაცილებით ინტიმური კავშირის საშუალებით. ხელოვანი ივიწყებს დასავლური ხსნის რიტორიკას  და ამ, ერთი შეხედვით, დაპირისპირებულ იდეათა გაერთიანებით ფოტოგრაფია მიკერძოებულობას თითქმის სრულიად უგულებელყოფს.

ირანელი ფოტოგრაფი, შირინ ნეშატი, 1957 წელს თანამედროვე ოჯახში დაიბადა, რის გამოც საკუთარი ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური პროცესების შესწავლის პარალელურად, დასავლური სამყაროს ისტორიულ თავისებურებებსაც ეცნობოდა. 17 წლის ხელოვანი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, თუმცა 1978 წელს დაწყებული ისლამური რევოლუციის წყალობით, თითქმის ოცი წელი მშობლიურ ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. ამ პერიოდის რევოლუციამ ქვეყნის დიდი ტრანსფორმაცია გამოიწვია, რაც კონსერვატიულ-რელიგიური მთავრობით, დასავლური იდეების დამხობითა და ქალთა უფლებების შეზღუდული რეფორმებით გამოვლინდა. შედეგად, ახალმა ფუნდამენტალისტურმა რეჟიმმა, რომელსაც რუჰოლა ხომეინი ხელმძღვანელობდა, საჯარო და კერძო ქცევათა კონტროლი მკაცრად გააძლიერა. 1990 წელს კი ირანში დაბრუნებულმა ფოტოგრაფმა, ქვეყნის ტრანსფორმაციული მასშტაბების ხილვის შემდგომ გადაწყვიტა, უკეთ შეესწავლა მშობლიური ქვეყნის იდენტობის საკითხი, რომელიც მასში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს იწვევდა. ნეშატს გაუჭირდა საკუთარი ქვეყნის კულტურასთან იდენტიფიცირება და სწორედ ეს ტრამვული მეხსიერება მისთვის ახალი გზის, იდენტობის აღდგენისა და ცხოვრებისეული მოგზაურობის დაწყების მიზეზად იქცა. ამ მოგზაურობამ კი ხელოვანი ფოტოგრაფიულ იდეამდე მიიყვანა, რაც შემდგომში „ალაჰის ქალთა“ ამბად ტრანსფორმირდა. 

„ჩემი მთავარი მიდგომა ყოველთვის კონცეპტუალური დიალოგის შექმნა გახლდათ, რომელიც ვიზუალური გამომსახველობით შეისწავლის მუსლიმ ქალთა შესახებ ნეგატიურ და სტერეოტიპულ იდეებს“

მოცემულ ფოტოსერიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს ოთხ მთავარ სიმბოლურ კომპონენტზე – მზერაზე, სპარსულ წარწერებზე, საბურველსა და იარაღზე. მიუხედავად იმისა, რომ ირანელი ქალები წლების განმავლობაში პოლიტიკური თუ სოციალური კუთხით ხშირად იჩაგრებოდნენ, მოცემული სიმბოლური კომპონენტების წყალობით, მთავარი გმირები საკმაოდ რევოლუციურ და ჰეროიკულ ხასიათს ირგებენ. პერსონაჟთა გამომეტყველება წარმოადგენს მზაობის დადასტურებას საკუთარი სივრცის და გამოხატვის თავისუფლების მიღწევის მიმართ. კამერის ობიექტივის წყალობით კი „ალაჰის ქალთა“ სახეებს ფოტოგრაფი ახლო ხედით გვაცნობს, რითიც ხაზს უსვამს პერსონაჟთა დამოუკიდებელ და ძლიერ მხარეებს. ამ ფორმით იგი უპირისპირდება მსოფლიო მოლოდინს, რომ მუსლიმ ქალს მხოლოდ დუმილის უფლება აქვს. ქალის გამომეტყველების ფართო სპექტრი – სითავხედე, სიბრაზე, სილამაზე, ფლირტი, გონებამახვილობა –  ერთიანად ქმნის ფემინურ გრძნობათა გობელენს, რითიც პროტესტს უცხადებს კოლონიური თვალით დანახულ მუსლიმ ქალთა ერთგვაროვან ბუნებას.

ფოტოგრაფი საკუთარ შემოქმედებაში იყენებს ირანული ლიტერატურიდან აღებულ ფემინისტურ ტექსტებს, რითიც აღმოსავლურ იდენტობაში ლიტერატურას და პოეზიას იდეოლოგიური ბრძოლის და განთავისუფლების გამომხატველ საშუალებად აქცევს. ფრაგმენტებად წარმოდგენილი თითოეული სტრიქონი კულტურათშორის არსებულ კომუნიკაციის წარუმატებლობას განასახიერებს, რადგან წარწერა უცხოელი აუდიტორიისთვის ენის არცოდნის და საბურველით დაფარულობის გამო ხშირად გაუგებარი ხდება. დამთვალიერებელი, შესაძლოა, აღფრთოვანდეს ნაწერის სილამაზით, მაგრამ ტექსტის შინაარსი და „ალაჰის ქალთა“ სათქმელი ბუნდოვანი რჩება, რის გამოც წარმოიქმნება ფსიქოლოგიური სიშორე აუდიტორიასა და ფოტოგრაფიულ სუბიექტს შორის.

ემოციათა ფართო სპექტრი კიდევ უფრო აძლიერებს ურთიერთსაწინააღმდეგო კონცეფციების გაერთიანებით გამოხატულ სხვაობებს, რითიც ცხადი ხდება, რომ პოეზია, იარაღი, მზერა და საბურველი შინაგანი განხეთქილების და ფსიქიკური ფრაგმენტაციის შედეგს წარმოადგენს, რაც ქალის ამბოხებული სიჩუმის რეპრეზენტაციასთან ერთად, ამავდროულად, სამი კონცეფციის გამაერთიანებელიც ხდება – რელიგიისადმი მორჩილება, ძალადობა და გამოხატვის თავისუფლება. ხოლო იმის გადაწყვეტა, თუ ამ სამი კონცეფციიდან რომელი შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი „ალაჰის ქალისთვის“, თითოეული ჩვენგანის ზნეობრივ პრინციპებზე და შინაგან ინტუიციაზეა დამოკიდებული. ასე რომ, სუბიექტური იდეალიზმის კომპლექსურობის გამო სისწორის განსაზღვრა თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალურადაა მინდობილი.

Photo Credits: www.thenationalnews.com; www.artsy.net