ჩინეთის მთავრობის დასტურის გარეშე „ტიკტოკი“ ვერ გასხვისდება

Photo Credits to REUTERS

ჩინეთის მთავრობის დასტურის გარეშე ByteDance „ტიკტოკის“ ამერიკულ ოპერაციებს ვერავის მიყიდის, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. ამის მიზეზად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიღებული ახალი კანონი ითვლება, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა.

საექსპორტო შეზღუდვების პაკეტს ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ისეთი ტექნოლოგიები დაემატა, როგორებიცაა ხმისა და ტექსტის ამოცნობა და პერსონალური რეკომენდაციების შემდგენი ალგორითმები. ამ შეზღუდვებს, ჩინეთის მთავრობა ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვისათვის აწესებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ByteDance-მა ამერიკული ოპერაციების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, განაცხადა, რომ კომპანია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრიდა. კომპანიის შესყიდვით დაინტერესებულია Microsoft და Oracle.