#შენ გინდა იგრძნო სიმშვიდე და კომფორტი. #შენ გინდა ილაპარაკო ისე, რომ გაგიგონ. #შენ გსურს შექმნა, ისწავლო და იმუშაო ისე, რომ მიხვდე – #შენ განსაკუთრებული ხარ.
ამ ყველაფრისთვის შენ შეგიძლია შეაღო Impact Hub-ის კარი და გახდე ერთიანი სამუშაო სივრცის ნაწილი, რომელიც 20000-ზე მეტ ადამიანს, მსოფლიოს გარშემო 100-ზე მეტ ჰაბში აერთიანებს.
„Are you a passionate and entrepreneurial mind willing to bring impactful positive change in our world? Then Impact Hub is exactly for you!“ – ეს სიტყვები შეგიძლიათ ვებ საიტზე ამოიკითხოთ, მაგრამ ციფრული სამყაროსთვისაც რთულია გადმოსცეს ის ინსპირაცია, რომელსაც Impact Hub Tbilisi გვთავაზობს თავისი გამორჩეული და ნათელი, მცენარეებით სავსე სივრცით, საგანმანათლებლო ღონისძიებებით, სოციალურ თემებზე აქცენტირებული ლექციებითა და მეწარმეებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამებით.
თუმცა ხშირად, სანამ იდეების ხორცშესხმამდე მივალთ, ჩვენ უბრალოდ უნდა ვისაუბროთ, დავამყაროთ კომუნიკაცია ერთმანეთთან და ზოგჯერ ხმამაღლაც ვიფიქროთ. საკუთარი თავის წარმოჩენისთვისა თუ ამბის საინტერესოდ მოსათხრობად, პროდუქტის გაყიდვისთვის თუ ახალი გამოგონებით შთაბეჭდილების მოსახდენად – ჩვენ უნდა მოვყვეთ. ამბის თხრობა კი “სთორითელინგის” ხერხებზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად კარგად ვფლობთ მას, რამდენად შეგვიძლია სხვისი თვალით დავინახოთ საკუთარი თავი და რა არის ის მნიშვნელოვანი ფორმულა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი სიტყვა ჩვენივე იდენტობის ნაწილი გავხადოთ.
2019 წლის 20-22 ივნისს, Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ს ერთობლივი პროექტი – ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ფაბრიკა უმასპინძლებს.
ამბის თხრობა თავისთავად წარსულიდან კარგად დამახსოვრებულ მომენტებს უკავშირდება, რომელსაც აწმყოში ვაცოცხლებთ და მომავლისთვის ვინახავთ. სწორედ ამიტომ, ფესტივალის სახელიც მინიმალისტური და ყველა მიმართულების მომცველია – ZEG – დღე, რომელიც მომავლიდან უნდა ვისესხოთ, რათა შევძლოთ ფეხი ავუწყოთ სწაფად განვითარებად სამყაროს.
ქეთი ებანოიძე: არ აქვს მნიშვნელობა ხარ მეწარმე, თუ ფოტოგრაფი, ჟურნალისტი თუ კინოინდუსტრიის წარმომადგენელი, მთავარია იცოდე, როგორ მოჰყვე, როგორ გადმოსცე, როგორ მოახდინო საკუთარი თავის, პროდუქტის, თუ ნამუშევრის პოზიციონირება. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ამ ფესტივალის დაარსების იდეა. ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაკეთოთ ისეთი პროექტები, რომლებიც საზოგადოებაზე დიდ გავლენას მოახდენს და დაინტერესებას გამოიწვევს, როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ეს რეგიონში პირველი ამბის თხრობის ფესტივალი იქნება, რომელიც ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენელს დააინტერესებს.
ელენე ჟვანია: ეს არის ფესტივალი ყველასთვის. გვინდოდა ისეთი მრავალფეროვანი ყოფილიყო ჩვენი ღონისძიება, რომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს, მისთვის საინტერესო მომხსენებელი, სესია თუ დისკუსია აღმოეჩინა. ჩვენი საერთაშორისო კონტაქტების დამსახურებით, ფესტივალში 30-მდე უცხოელი სპიკერი იღებს მონაწილეობას, სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ისინი ისაუბრებენ ფოტოგრაფიაზე, განათლებაზე, მედიაზე, ლიტერატურაზე, პარფიუმერიაზე… გაგიმხელთ, რამდენიმე სპიკერს: Vogue: 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, საგანმანათლებლო პლატფორმა MasterClass-ის დამფუძნებელი, ასევე, გვესტუმრება Warner & Bros. Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი. ჩვენთან ჩამოვლენ ადამიანები, რომლებიც მოგვიყვებიან, თუ როგორ მოვუყვეთ აუდიტორიას ნებისმიერი ისტორია სხვადასხვა რაკურსით.
როგორი იქნება თვითონ ფესტივალი, რას უნდა ველოდოთ მისგან?
ქეთი ებანოიძე: ფესტივალის განმავლობაში გაიმართება პანელ-დისკუსიები, სესიები, მასტერკლასები, კინოჩვენებები, რომელსაც ძირითადად მოწვეული სპიკერები გაუძღვებიან. თუმცა, რადგან ჩვენი სპიკერების უმრავლესობას, როგორც გითხარით, უცხოელები წარმოადგენენ, გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათაც მოვუყვეთ ჩვენზე და ტრადიციული ქართული ელემენტები სხვა რაკურსით წარმოვაჩინოთ. გვინდა მოვყვეთ თუ საიდან მოვდივართ, რა არის ჩვენი ორიენტირი და საით მივდივართ. სწორედ ამიტომ, ფესტივალის გახსნითი ღონისძიება იქნება ქართული პანელი, ძალიან საინტერესო ქართველი სპიკერებით. ფესტივალის განმავლობაში, სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართება “ვორქშოფები” და მასტერკლასები, რომელსაც გაუძღვებიან CNN-ის, New York Times-ის, BBC-ის, The Guardians-ის და The Ecomonist-ის ჟურნალისტები.
საიდან გაჩნდა ფესტივალის იდეა?
ნატალია ანთელავა: ძალიან ხშირად კარგი ჟურნალისტიკა სწორედ იმის გამო იკარგება, რომ ამბავი კარგად ჩამოყალიბებული და გადმოცემული არ არის. ამის გამო, აუდიტორია – მაყურებელი, მკითხველი და მსმენელი შთაბეჭდილების ქვეშ ვერ ექცევა, შემდეგ კი იკარგება ნდობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამბის სწორად მოყოლაზე ფიქრი, შემდეგ კი ამ იდეის სისრულეში მოყვანა. მიხარია, რომ Coda Story, Impact Hub-თან ერთად ქმნის ღონისძიებას, სადაც შეგვიძლია საზოგადოებას გავუზიაროთ თამაშის ის ახალი წესები, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება, როგორც ჟურნალისტიკაში, ასევე სხვა ინდუსტრიებში.
ამბის მოყოლის ტრადიციული ფორმები თანამედროვე ერაში სახეს იცვლის. რას ფიქრობთ თხრობის ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა მაგალითად ინტერაქტიული “სთორითელინგი?” როგორ ცვლის ეს ნარატივის სტრუქტურას?
ნატალია ანთელავა: ჟურნალისტური გადმოსახედიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, თუ ისტორია კარგადაა მოყოლილი, იქნება ეს ნახატით, სიტყვით, ფილმით თუ ვიდეო თამაშით, ის ყოველთვის საინტერესო იქნება, მაგრამ მთავარი, სწორედ ამბის თხრობის ის ხერხებია, რომლებსაც ვიყენებთ. თანამედროვე სამყარო ამ მრავალფეროვანი ექსპერიმენტებითაა სავსე. VR-ით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული, ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ აუცილებელია ამაზე მუდმივ რეჟიმში ფიქრი, დაკვირვება, თუ რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები ჩვენს აღქმასა და წარმოდგენებზე და აი, ამაზე ფიქრი და კოლექტიური საუბარი ჩვენ უკვე საქართველოშიც დავიწყეთ.
რა კრიტერიუმებით ხდება სპიკერების შერჩევა?
ნატალია ანთელავა: მთავარი კრიტერიუმი არის გააკეთო რაღაც ისე, როგორც ამას სხვები არ აკეთებენ, იყო საუკეთესო შენს სფეროში და შეცვალო საზოგადოების ნარატივი. აი, მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი სპიკერია GEZA SCHÖN, რომელიც წარადგენს ყველასთვის ცნობილ სუნამოს – მოლეკულას, აბსოლუტურად განსხვავებულს თავისი არსით. ასევე, ჩვენ ვუმასპინძლებთ Warner Brothers-ის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც JOE SABIA-სთან ერთად მოგვიყვება, თუ როგორ ვითარდება და რა სიურპრიზებს გვიმზადებს გასართობი ინდუსტრია.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, რომ ფესტივალი არ ყოფილიყო ერთჯერადი და ის ჩამოყალიბებულიყო როგორც “ნეთვორქინგ” სესიებისა და “ვორქშოპების” გრძელვადიანი პროექტი?
ნატალია ანთელავა: ჩვენ გვინდა შევქმნათ საუბარი, დისკუსია, რომელიც ამ ფესტივალის მიღმაც გაგრძელდება. გვინდა, ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე, რაზეც მათ აქამდე არ უფიქრიათ. “ნეთვორქინგი” ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს დამსწრეებსა და სპიკერებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა სწორედ იმ გრძელვადიანი გეგმების დასაწყისი იქნება, რომელიც “სთორითელინგის” ფესტივალის მთავარი იდეაა. წელს ZEG მხოლოდ 250 ადამიანს უმასპინძლებს, მომავალ წელს კი ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.
ფესტივალის იდეისა და მიზნების გარდა წარმატებული პროექტის უკან ყოველთვის დგანან პარტნიორი კომპანიები. მოგვიყევით მათზე.
მორაგ ბარნეტი: Impuct Hub-ის და Coda Story-ს კოლაბორაციის წარმატებაზე ვსაუბრობთ? მაშინ აქ აუცილებლად არის TBC Status, რომელიც უმოკლეს დროში თავს უყრის ყველა მნიშვნელოვან დეტალს, შედეგად კი ვიღებთ ხორცშესხმულ პროექტსა და ყოველდღიურად მეტ დაინტერესებულ ადამიანს. ჩვენს გვერდით არის Adjara Group-ი და Windfor’s-იც. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა პარტნიორ კომპანიებში.
თქვენთან ტრადიციები ნამდვილად ხვდებიან თანამედროვეობას. როგორია ამ კომბინაციის შედეგი?
მორაგ ბარნეტი: ვფიქრობ, ეს ფესტივალი შანსია, აღმოვაჩინოთ იმ მექანიზმების მნიშვნელობა, რომლებიც დღეს, არა მხოლოდ ამბის გადმოცემის სტრუქტურას, არამედ მიმდინარე მოვლენების სახეცვლილ ფორმაზე აისახება. ჩვენ უკვე ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი უკვე აწმყო გახდა. ამაზე სასაუბრო ნამდვილად ბევრია.
როგორ მოვყვეთ ამბავს ისე, როგორც ჯერ არავის მოუყოლია?
ივნისში ამაზე ნამდვილად ბევრს შევიტყობთ.
მაისის თვის ინსპირაციის დოზა კი TBC-ის Facebook გვერდმა შეასრულა ერთ წინადადებაში დატეული ამბით – #შენ ხარ იქ, სადაც შენი გონებაა.
აი, ამბის თხრობაც ასე უნდა.