ავტორი: სოფო ბალავაძე
ფოტო: Shutterstock
სიახლე არ არის, რომ ქალები დღესაც იბრძვიან კაცებთან თანასწორობისთვის არაერთი მიმართულებით, მათ შორის დასაქმების სფეროში. ხშირად გვესმის და ვკითხულობთ, რომ: ქალისა და კაცის ანაზღაურება ერთსა და იმავე პოზიციაზე ერთნაირი არ არის; ქალს არ ეძლევა იგივე შესაძლებლობა კარიერული წინსვლის მისაღწევად, როგორც კაცს; ქალი ხშირად არ ინიშნება მაღალ თანამდებობაზე სქესობრივი ნიშნით. რა თქმა უნდა, ხსენებული არ ეხება მხოლოდ კერძო სექტორს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კარგად განვითარებული დასავლური ქვეყნების პრობლემაცაა. არც აქ ჩამოთვლილი საკითხების სია არის ამომწურავი და, ამასთან, თითოეული და ცალკე აღებული – რთული პრობლემებია. სწორედ ამიტომაც, მინდა ვისაუბრო აქედან ერთზე, მწვავე და ხმამაღლა ნაკლებად განხილულ საკითხზე. იმაზე, თუ რა უშლის ხელს ქალების დაწინაურებას საკვანძო პოზიციებზე.
წარმოიდგინეთ, რომ უკვე რამდენიმე წელია მუშაობთ წარმატებულ ორგანიზაციაში. კარგი განათლება და გამოცდილება გაქვთ და მოცემული მომენტისთვის იმყოფებით საკმაოდ მაღალ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე. გაქვთ კოლეგების აღიარება, ნდობა და პატივისცემა. შრომისმოყვარეც ხართ და პასუხისმგებლობის გრძნობაც მაღალი გაქვთ. ერთი სიტყვით, კარიერაზე ფოკუსირებული ქალი ხართ – თავს არ არიდებთ არც ზედმეტ სამუშაოს და არც სამსახურისთვის დიდი დროის დათმობას და წარმოგიდგენიათ, რომ თავის დროზე დამსახურებულად დაგაწინაურებენ. დგება კიდევაც მომენტი, როდესაც თქვენი ზემდგომის ადგილი თავისუფლდება. ელოდებით, რომ თქვენს კანდიდატურას განიხილავენ.
სხვათა შორის – რაც აქამდე მიწერია, უცნაური ხომ არაფერია? მომყვებით? ძალიან კარგი, ასეც ვიფიქრე.
დრო გადის, თუმცა ვერ ატყობთ, რომ რაიმე „მოძრაობას“ ჰქონდეს ადგილი თქვენს წინ წაწევასთან დაკავშირებით და იღებთ გადაწყვეტილებას დაელაპარაკოთ ორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირს. უთხრათ, რომ მოვიდა თქვენი კანდიდატურის განხილვის დრო. აქ კი იწყება ყველაზე საინტერესო. საუბრისას, ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან გესმით: „ძალიან კმაყოფილი ვართ შენი მუშაობით, რამდენი რამ გააკეთე ამ დაწესებულებისთვის. თანაც, დროის განმავლობაში გაიზარდე, ახალი უნარები და გამოცდილება შეიძინე. მაგრამ რაშია საქმე იცი? შენ თვითონაც ხვდები, ალბათ – გაგიჭირდება ამ ადამიანებთან მუშაობა. აი, ყველა ამ კაცთან ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენია, რა ენაზე? ყველას მათივე მეთოდებით უნდა ელაპარაკო, არ მიგიღებენ უბრალოდ სხვანაირად, ვერ აღგიქვამენ. რომ დაგაწინაუროთ ამ პოზიციაზე, საერთოდ ვერ გაიგებენ ამ გადაწყვეტილებას და შენც ძალიან გაგიჭირდება… სწორად გამიგე”…
ასეთი ისტორია არაერთია. იდენტურად ვითარდება და პასუხიც ერთნაირია – არა, განა უკმაყოფილო არიან ამ ქალის მუშაობით, მაგრამ კაცებთან ურთიერთობას და მათთან გვერდიგვერდ მუშაობას ვერ „გაქაჩავს“. ერთი სიტყვით, „მამაკაცთა კლუბში“ ეს უცხო სხეული არ უნდათ.
2018 წლის 8 აგვისტოს, ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს აქამდე ჩატარებული ყველაზე მსხვილი კვლევა ქალისა და კაცის ტვინის სტრუქტურის სხვაობაზე, შეისწავლეს რა 5,216 ზრდასრული ადამიანის ტვინი. იმის მიუხედავად, რომ კვლევა ადასტურებს სტრუქტურული და ფუნქციური სხვაობის არსებობას ქალისა და კაცის ტვინებს შორის, ის თუ როგორ ითარგმნება ეს განსხვავება ქცევაში, ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გამოკვლეული. თუმცა, ჩვენი სტატიის მიზნებისთვის მოცემული კვლევის (და მსგავსი კვლევების) მონაცემები მაინც საგულისხმოა. ქალისა და კაცის ტვინებს შორის სხვაობის არსებობა დღესდღეობით განხილვის საგანია და სექსიზმის თაობაზე დებატების ნაწილია. შესაბამისი ტერმინიც კი გაჩნდა – ნეიროსექსიზმი. თუ თქვენც ცოტა აღელდით, რაც ბუნებრივია, აქვე გეტყვით, ამავე კვლევაზე დაყრდნობით, ამ ორ ტვინს შორის მსგავსება გაცილებით უფრო დიდი გამოდგა, ვიდრე განსხვავება.
ქალისა და კაცის ტვინს შორის სტრუქტურული სხვაობის განხილვას, რა თქმა უნდა, შესაბამისი განათლება სჭირდება, მე კი ნამდვილად არ ვარ ნეირომეცნიერი. შესაბამისად, მხოლოდ საილუსტრაციოდ მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, ისევ გამოქვეყნებული მასალებიდან, თუ, როგორც წესი, რაში აისახება ხსენებული სხვაობა.
ასე, მაგალითად, იმის გამო, რომ ქალის ტვინში ნაწილი სახელად ჰიპოკამპუსი, რომელიც ჩართულია მოგონებების შექმნაში და ასევე კავშირშია სწავლასთან და ემოციებთან, უფრო დიდია, ვიდრე კაცებში. ქალებს, ზოგადად, კარგი მეხსიერება აქვთ. მათ შეუძლიათ რამდენიმე წლის წინანდელი საუბრის სულ მცირე დეტალებიც გაიხსენონ. კიდევ ერთი მაგალითი – ქალი უფრო ხშირად ხელმძღვანელობს ემოციებით, მაშინ როდესაც კაცი უფრო მეტად ლოგიკას ეყრდნობა. ქალი და კაცი პრობლემების გადაწყვეტასაც შეიძლება განსხვავებულად მიუდგეს: კაცი ხშირად ახდენს პრობლემის მკაცრ დეფინიციას და მაშინვე გადადის საკითხის გადაჭრაზე, ქალი კი პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს და ფაქტორების მთელ წყებას სწავლობს, სანამ გადაწყვეტაზე გადადის. კონფლიქტსაც სხვადასხვანაირად აგვარებენ, როგორც წესი, კაცები ახდენენ პრობლემის დეპერსონიფიკაციას და ხშირად იზოლაციაში ფიქრობენ გადაჭრის გზაზე. მაშინ როდესაც ქალი პირიქით, პრობლემის პერსონიფიკაციას ახდენს და არჩევს, რომ ჯერ ისაუბროს ამ საკითხზე მისი გადაჭრის მიზნით.
რა თქმა უნდა, ეს განსხვავებები არამც და არამც არ აძლევენ უპირატესობას და არც აკნინებენ არც ქალს და არც კაცს. თუმცა მასკულინურ გარემოში ჩამოყალიბებულია ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, რომლებიც, სავარაუდოდ, უშლიან კიდეც ხელს ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობაზე ქალების აყვანას. ეს სტერეოტიპი იმდენად ჩამოყალიბებულია, რომ მას მივესალმებით კიდეც. მაგალითად, არცთუ იშვიათად გვესმის ნიშნის მოგებით ნათქვამი, რომ ქალს, რომელმაც წარმატებას მიაღწია, „კაცივით ტვინი“ ჰქონია. მაშ, გამოდის, რომ თუ ქალებისა და კაცების ქცევას შორის სხვაობა მართლაც არსებობს, ამას ქალების წინააღმდეგ იყენებენ. რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ დავანგრიოთ სტერეოტიპი: „კაცური ტვინი“ წარმატების მიღწევის ერთადერთი გზაა? აქვე ვიტყვი, რომ ვეწინააღმდეგები სავალდებულო კვოტების შემოღებას, რის თანახმადაც, მაგალითად, დირექტორთა საბჭოში გარკვეული ნაწილი ქალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. თუ საუბარი გვაქვს თანასწორობაზე და ამისკენ ვიღწვით, უნდა ვიღწვოდეთ კიდეც. კაცსა და ქალს შორის ყველა თვალსაზრისით თანასწორობა უნდა იყოს და პრივილეგია არცერთს არ უნდა ენიჭებოდეს. პრივილეგიაა და არა თანასწორობა, როდესაც მეუბნებიან, რომ სქესობრივი ნიშნით მოვხვდები, მაგალითად, მმართველ საბჭოში.
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ „კაცის ტვინის“ უპირატესობა არ არის სიმართლე. როგორც კომპანიების, ისე პოლიტიკური პარტიებისა თუ მთავრობების სიძლიერე, სწორედ მრავალფეროვნებასა და ბალანსშია. ეს კიდევ ერთხელ შემახსენა გამოჩენილი ინდოელის, რაბინდრანატ ტაგორის ციტატის ნახვამ სულ რამდენიმე დღის წინ: „ტვინი, რომელიც მხოლოდ ლოგიკურად ფიქრობს, ჰგავს დანას, რომელიც ორივე მხრიდან ბასრია. ის ასისხლიანებს იმ ხელს, რომელიც მას იყენებს“.
მეორე – ჩვენი მისწრაფება არ უნდა იყოს დამსგავსება. ქალები გვინდა მიგვიღონ ზუსტად იმისთვის, რასაც წარმოვადგენთ. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრისა და კოლეგის, ნიკა გუჯეჯიანის გამოსვლა: „ერთიანობა და არა ერთნაირობა“, რომელშიც მან ისაუბრა მსგავსებაზე, რომლისკენაც საბჭოთა კავშირში მოგვიწოდებდნენ.
მესამე – ხმამაღლა, ხშირად და პირდაპირ უნდა ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე. გვახსოვდეს, რომ ხშირად ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია და ეს ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის მიხედვით, სიმართლის მიღება გადის სამ ფაზას: პირველ ეტაპზე მას დასცინიან, მეორეზე ეწინააღმდეგებიან, მესამეზე კი მას იღებენ როგორც თავისთავად ცხადს. ვფიქრობ, საქართველოში მეტწილად მეორე ფაზაში ვიმყოფებით და ჩვენი დაუღალავი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ მესამე ფაზას მივაღწიოთ.
ასე რომ, კი, ქალები შეიძლება განვსხვავდებით და სწორედ ეს არის ჩვენი სიძლიერე. ზუსტად ეს განსხვავება ხომ არ არის ის, რაც კაცებს აშინებთ? და ხომ არ უნდა იყოს ამ სტატიის სათაური: “ნუ გეშინიათ ჩვენი!”. წინსვლა და პროგრესი მხოლოდ ჩვენი განსხვავებების ერთობით მიიღწევა.