შრომისმოყვარეობა – ქვეყნის მნიშვნელოვანი რესურსი

ავტორი: თამარ ბაღდავაძე

ფოტო: www.shutterstock.com

ქვეყნის შრომისმოყვარე მოსახლეობა ისეთივე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, როგორც ნავთობი, ქვანახშირი და სხვა ნებისმიერი წიაღისეული. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში შრომისმოყვარე ადამიანები უკონკურენტო სამუშაო ძალად ითვლება. ჩემი კომპანიის მაგალითს თუ განვიხილავთ, გამუდმებით გვიწევს თანამშრომლების გადამზადება, ძალიან დიდ დროსა და რესურსს ვხარჯავთ, რათა გავზარდოთ ან თუნდაც შევინარჩუნოთ ხარისხი. ჩვენ, არა მარტო კონკრეტული სამუშაოს ათვისებაში ვეხმარებით პერსონალს, ასევე გამუდმებით გვიწევს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლიც. შრომისმოყვარე ადამიანმა იცის საკუთარი ვალდებულებები და მონდომებით, ბეჯითად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ ასეთ თანამშრომელს ეძლევა წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

შრომისმოყვარე სამუშაო ძალა დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობის გაზრდის პროცესში. განვითარებულმა ქვეყნებმა შეძლეს და საკუთარი მოსახლეობის დიდი ნაწილი მომსახურების სფეროში დაასაქმეს, სადაც ადამიანები იყენებენ საკუთარ ცოდნასა და დროს, რათა განავითარონ მომსახურება. განვითარებულ ქვეყნების ეკონომიკის მოცულობაში შეინიშნება მომსახურების სექტორის მოცულობის ზრდა. მაგ. სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონი სამუშაო კვირის 68 საათიდან 52 საათამდე შემცირების შესახებ, რომელიც 6 დღიანი სამუშაო კვირის 5 დღემდე შემცირებას გულისხმობდა, თუმცა არ გაამრთლა, რადგან სამხრეთ კორეელები მაინც დადიოდნენ სამსახურში. არა იმიტომ, რომ ამას დამსაქმებლები ითხოვდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ და „გენეტიკურად“ აქვთ სისხლში გამჯდარი. აქვე მინდა მოვიყვანო რადიკალურად განსხვავებული მენტალობისა და სამუშაო კულტურის მქონე ქვეყნების ‒ საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის მაგალითი, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის შრომისმოყვარე. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ნათლად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე. მოდით, დავუბრუნდეთ სამხრეთ კორეას, რომელმაც ძალიან მოკლე პერიოდში, მიუხედავად მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, მოახერხა და საკუთარი ეკონომიკა გარდაქმნა აზიისა და მთლიანად მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ მოდელად. სისტემურმა რეფორმებმა, ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ შედეგი გამოიღო. თუმცა, ეს შედეგი ასეთი ეფექტური არ იქნებოდა, რომ არა შრომისმოყვარე კორეელები, რომლებმაც საკუთარი მაღალი სამუშაო ეთიკისა და შრომისმოყვარეობით მალევე აუღეს ალღო ახალ ეკონომიკურ წყობას. ანალოგიური წარმატება გაიზიარა სინგაპურმაც, სადაც კეთილსინდისიერი, დაუღალავი შრომა წარმოადგენს მოსახლეობის თვითმიზანს და რასაც მათ მაღალ კულტურას მივაწერ.

რაც შეეხება საბერძნეთს, რომელიც მუდმივად სუბსიდირდება ევროკავშირისგან, იქ, მუდმივად, ცდილობენ დანერგონ ახალი რეფორმები თუმცა, ქვეყანა კვლავ მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რაც ჩემი აზრით, ქვეყნის მოსახლეობის არაშრომისმოყვარეობას უნდა დავაბრალოთ.

თუ განვხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საშუალო სტატისტიკური ამერიკელი დაახლოებით 26%-ით მეტს მუშაობს, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ევროპელი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჯერ კიდევ ახალ ცივილიზაციად ითვლება, ამ ერმა უმოკლეს დროში საკუთარი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით, დღეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის შექმნა მოახერხა. ევროპის სხვა ქვეყნებს თუ გავიხსენებთ, მაგალითად, გერმანია, რომლის ეკონომიკა მსოფლიო ომებმა თითქმის შეიწირა და შემცირდა სამრეწველო წარმოების შედეგები, შრომისუნარიანი გერმანელი მამაკაცების დიდი უმრავლესობა კი ომში დაიხოცა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ დასავლეთ გერმანია აშშ-სთვის ტვირთად გადაიქცეოდა, მაგრამ ომის დასრულებიდან 10 წელზე ნაკლებ დროში ხალხი გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე ალაპარაკდა. რასაც ვერ ვიტყვით იტალიასა და საბერძნეთზე.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ალბათ, ყველას გვსმენია გამოთქმა „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, სწორედ ამ ფრაზაში ჩანს საუკეთესოდ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენ, მართლაც მრავალფეროვანი კულტურა გვაქვს, მაგრამ ჩვენი სიზარმაცის გამო, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ქვეყანას გააჩნია ბიუჯეტი, სკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, თუმცა აკლია ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ‒ ხარისხიანი სამუშაო ძალა. საერთო ჯამში, იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ გამოირჩევა შრომისადმი დიდი სიყვარულით, არსებობს ჭარბი სამუშაო ძალა და მთავარი პრობლემა არის არასათანადო კვალიფიკაცია, სწორედ ამიტომ, ვერ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებსა და ხარისხს, რასაც თანამედროვე მსოფლიო ბაზარი აწესებს.

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ინტენსიურად ცდილობენ საკუთარი მოსახლეობა გადაიყვანონ მომსახურების სფეროში, რადგან ეკონომიკურად აღნიშული სფერო ყველაზე მომგებიანია, თუმცა ეს სექტორი გამუდმებით მაღალ ხარისხსა და შრომისმოყვარეობას მოითხოვს.

რა არის გამოსავალი? რთულია ვისაუბროთ კონკრეტულ საშუალებებზე, თუმცა ვფიქრობ, მთავრობამ, კერძო სექტორმა და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიწყოთ საკუთარი თავისა და ერთმანეთის განვითარებაზე ზრუნვა. ალბათ, თაობები დასჭირდება იმის მიღწევას, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ისე შეუყვარდეს შრომა, როგორც ეს კორეელებს, იაპონიელებსა და გერმანელებს უყვართ, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საერთო კეთილდღეობა, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვიბრძვით, დაუღალავი, კეთილსინდისიერი, ბეჯითი შრომის შედეგად მიიღწევა. შრომის სიყვარული უნდა ისწავლებოდეს სკოლის ასაკიდან, რადგან მოზარდებმა გაათვითცნობიერონ შრომის მნიშვნელობა. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა შევძლოთ და გარდავქმნათ ამ ქვეყნის სამუშაო ძალა ყველაზე მძლავრ და ღირებულ ბუნებრივ რესურსად, იმ სასარგებლო წიაღისეულად, რომელიც დღეს ყველაზე ძვირადღირებულია მთელ მსოფლიოში.