შოტლანდიის დამოუკიდებლობას რესპოდენტების 58% უჭერს მხარს

Ipsos MORI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 58%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფას. გამოკითხვაში მონაწილეობა 1045-მა შოტლანდიელმა მიიღო.

Photo Credits: Getty Images

Ipsos MORI-ს ახალი გამოკითხვის თანახმად, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომელთა ასაკი არ აღემატება 24 წელს.

ეს არის ივნისის  შემდეგ ჩატარებული რიგით მეცხრე გამოკითხვა, რომელშიც შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რაოდენობა აღემატება მის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის მხარდამჭერთა რიცხვს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები თავს იკავებენ მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებისგან.

2014 წელს შოტლანდიის სტატუსის გადასაწყვეტად ჩატარებულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა 44%-მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას.

გამოკითხულთა 72% დადებითად აფასებს პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის, საქმიანობას. სტარჯონი ქვეყნის ისტორიაში  პირველი ქალი ლიდერია და იმავე პოპულარობით სარგებლობს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ პანდემია და ბრექსიტი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთაც გავლენა იქონიეს მოსახლეობაზე. ამომრჩეველთა ნაწილმა, რომელმაც 2014 წლის რეფერენდუმში ხმა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას მისცა, ბრექსიტის შემდეგ აზრი შეიცვალა.

საპარლამენტო არჩევნები შოტლანდიაში შემდეგი წლის მაისშია დაგეგმილი. თუკი არჩევნებში ნიკოლა სტრაჯონის პარტია გაიმარჯვებს, ექსპერტები არ გამორიცხავენ მნიშვნელოვან ცვლილებებს რეგიონში.