ყარაჯალას მომავლის მცველი

ავტორი: ელენე ცუცქირიძე

ელზა აშიროვა სოფელ ყარაჯალას სკოლის დირექტორია. ყარაჯალა თბილისიდან 94 კილომეტრის მოშორებით, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. აქაური გოგონების ნაწილი ჯერ კიდევ სრულწლოვნებამდე ქორწინდება, შვილებს აჩენს და სწავლას თავს ანებებს, თუმცა სოფელში ბოლო წლების განმავლობაში ნაადრევი ქორწინების რიცხვმა მნიშნვლოვნად იკლო. საქმე ისაა, რომ ელზა აშიროვა მისი მოსწავლეებისათვის დაგეგმილ საქორწინო გარიგებებს შლის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნაადრევი ქორწინება ორი პირის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირია, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც თვრამეტ წელს მიუღწეველია. ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, თუმცა ბავშვის უფლებები ყველა შემთხვევაში ირღვევა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ამ ტიპის ქორწინებები იშვიათობას არ წარმოადგენს. მონაცემების მიხვედით, საქართველოში მცხოვრები 20-დან 24 წლამდე დაქორწინებული ქალების 14 პროცენტი 18 წლამდე ქორწინდება. ეს არასრული მონაცემია, რადგან ნაადრავად შექმნილი ოჯახების დიდი ნაწილი ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის.

©️ UNFPA / დინა ოგანოვა

 

ელზა აშიროვა ჰყვება, რომ ნაადრევ ქორწინებაზე მისი მოსაზრებები მოსწავლეების მშობლებმა კარგად იციან. მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვების და მშობლების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, თუ რამდენად მავნებელია არასრულწლოვანი გოგონების ჯანმრთელობისათვის მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა; რომ ნაადრევად შექმნილი ოჯახები ხშირად ინგრევა და ამით მათ შვილებს ბავშვობის წლებსა და მომავალს უკარგავენ. ადრეულ ასაკში ქორწინება გოგონების მიერ სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ახლად შეძენილი საოჯახო ვალდებულებების გამო, ისინი ხშირად იძულებულნი არიან, სკოლაში იშვიათად იარონ ან სწავლას სულაც თავი დაანებონ. ელზა მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანისათვის აუცილებელია განათლების მიღება, რადგან შესაბამისი ცოდნისა და უნარჩვევების გარეშე იგი თავს სრულფასოვან მოქალაქედ ვერ იგრძნობს. ,,აუცილებელი არ არის, ყველამ დაამთავროს უნივერსიტეტი, მაგრამ საშუალო სკოლა ყველამ უნდა დაასრულოს.“

ქორწინებების ჩაშლა დიდწილად მშობლებთან საუბარს და მათ გადარწმუნებას გულისხმობს. ,,რა თქმა უნდა, ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძოდ, პოლიციასაც ვრთავ. იყო ასეთი შემთხვევა: როდესაც დავრწმუნდი, რომ ქორწილი დაინიშნა, მშობლებს შევხვდი. სახლში ვეწვიე, მარტო დედა დამხვდა. ავუხსენი, რომ დროულად თუ არ შეცვლიდნენ გადაწყვეტილებას, მერე გვიანი იქნებოდა. შემდეგ მამას შევხვდი, საათნახევრის განმავლობაში ვუხსნიდი, თუ როგორ შემტკიოდა გული მისი შვილის გამო და რომ ამ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვებოდა სათანადო ორგანოების შეტყობინება. საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს: გოგონას მეცხრე კლასის დასრულების და სამკერვალო სპეციალობის შესწავლის შესაძლებლობა მისცეს.“

სკოლის დირექტორი ჰყვება, რომ მისი დანიშვნის პირველ წლებში სკოლაში ოცდაათზე მეტი გოგონა იყო დაქორწინებული. იხსენებს ორ ტრაგიკულ შემთხვევასაც, როდესაც იძულებითი ქორწინებისადმი პროტესტის გამო, ორმა მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები აღარ ხდება და ნაადრევი ქორწინების სტატისტიკა, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, მის სოფელში განუხრელად იკლებს.

ყარაჯალის სკოლის აბიტურიენტებს შორის გოგონები ჭარბობენ. წინა წლებთან შედარებით მათი რაოდენობის გაზრდა ენობრივი ბარიერის ეტაპობრივად აღმოფხვრამ განაპირობა. ,,ჩვენი სკოლის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ნაადრევი ქორწინების ტრადიცია იმასაც გულისხმობდა, რომ გოგონებს სწავლა მაინცდამაინც არ სჭირდებათ. ჩემი გადმოსახედიდან, დღეისათვის ეს პრობლემა გარკვეულწილად გადავლახეთ. როდესაც დირექტორად დავიწყე მუშაობა, სკოლას არცერთი აბიტურიენტი არ ჰყავდა, მომდევნო წლებში მათი რიცხვი ძალიან დაბალი – ორი-სამი იყო, მოგვიანებით თანდათან გაიზარდა და ახლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს თელავის და თბილისის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში შეხვდებით. ეს მიგვანიშნებს, რომ დასახულ მიზანს ეტაპობრივად ვაღწევთ. ამისათვის ენობრივი ბარიერის დაძლევა და სახელმწოფო ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიმაჩნდა, რომ ეს სიყვარულით და ინტერესის გაღვივებით უნდა მომხდარიყო და არა იძულებით და ვალდებულებით. ამ მიზნის მისაღწევად, ბავშვებს ვაცნობდი და ვაყვარებდი ჩვენი ქვეყნის ხელოვნებას და კულტურას არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ სხვა გარემოშიც. ჩამოვაყალიბეთ ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის წრეეები და ანსამბლი „ლალე“. გარდა ამისა, სპორტით დავაინტერესეთ ბავშვები. ყარაჯალის სკოლის ისტორიაში პირველად კალათბურთელი ან ფრენბურთელი გოგონების გუნდები შევქმენით და დღეს ისინი სხვა სკოლებს ეჯიბრებიან, კონსკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობენ და იმარჯვებენ, რაც ძალიან მახარებს.“

©️ UNFPA / დინა ოგანოვა

 

იგი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა დაოჯახების აკრძალვა გამონაკლისების გარეშე წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც კანონი ვერ ახერხებს ნაადრევი ქორწინებების დარეგულირებას. ელზა იხსენებს, რომ ერთხელ დაგეგმილ ქორწინებამდე ორი კვირით ადრე პოლიცია გამოიძახა, თუმცა დაკითხვის დროს მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებდნენ შვილის გათხოვებას და არც ქორწილის გამართვას. მდგომარეობას ასევე ართულებს ნაადრევი ქორწინებების არაოფიციალური ხასიათი. სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ეფექტურია. თუმცა, ელზა სახელმწიფო ორგანოების ჩართვის გარდა მსგავს შემთხვევებთან გამკლავების სხვა, უფრო სიღრმისეულ და გრძელვადიან გზებზეც საუბრობს. ,,დღეს მოსწავლეები საკუთარ უფლებებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ეცნობიან, არაერთ ტრენინგსაც ესწრებიან, მათ შორის, თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგებს, რომელიც UNFPA-ს მხარდაჭერით ტარდება, გარკვეულ ინფორმაციას ოჯახშიც იღებენ. მშობლებთან შეხვედრისას დამატებით ვსაუბრობთ ამ საკითხებზე. ამასთან, საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, სკოლების პრესტიჟი ამაღლდა, განსაკუთრებით სოფლებში. 90-იანი წლების და დღევანდელი სკოლების შედარებაც არ შეიძლება. მშობლები ამ ყველაფერს ხედავენ და აფასებენ.“ – ამბობს იგი. ელზა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს მისი სკოლის მოსწავლე გოგონებს, რომ ისინი მიზანდასახულ და აქტიურ მოქალაქეებად აღიზარდონ. სკოლაში ასეთი ტრადიციაც დანერგა: წელიწადში ერთხელ პროექტის- ,,მე ვარ ჩემი სკოლის დირექტორი“ -ფარგლებში მეთორმეტეკლასელებს საკუთარ თანამდებობას აბარებს. მოსწავლეები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ და ორგანიზაციულ საკითხებს განაგებენ. მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ მოსწავლეები, განსაკუთრებით გოგონები. ამბობს, რომ ეს პროექტი მათ წასახალისებლად და გასამხნევებლად მოიფიქრა.

ელზა მშობლიური სოფლის ქალებისა და ბავშვების უკეთესი მომავლისთვის იღწვის. ,,აზერბაიჯანული თემში, მისი ტრადიციებიდან და რელიგიიდან გამომდინარე, ქალთა უფლებები განსხვავებულად აღიქმება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქე გავხდი, სულ საარჩევნო პროცესებში ვარ ჩაბმული. კარგად მახსოვს, წინა წლებში რამდენად ცოტა ქალი იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. სტატისტიკას ამ ჭრილში თუ შევხედავთ, ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. მიხარია, როდესაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები და სკოლის მოსწავლეები ამაყად მოდიან საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად. ზუსტად ეს არის ჩემი მიზანი, რომ ჩემს თემში ქალთა უფლებები წინ წამოვწიო, ჩაკეტილობას თავი დავაღწიოთ, გენდერული თანასწორობა დავიცვათ და ჩვენი ქალები საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიან წევრებად ვაქციოთ, როგორებიც სხვა ქვეყნის და თუნდაც ჩემი ქვეყნის სხვა ქალები არიან. ასე მესახება ქალი ჩემს თემში.“

©️ UNFPA / დინა ოგანოვა

ელზა აშიროვამ კარგად იცის, რომ ყარაჯალას თემი გამონაკლისი არ არის და არასრულწლოვანი გოგონები არა მხოლოდ საქართველოს სხვა რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც კი ქორწინდებიან. იმაშიც დარწმუნებულია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და სააგენტოების შექმნის გარდა, გოგონების „გამოხსნაში“ მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ გაბედულ ადამიანებს შეაქვთ. ელზა აშიროვა თავადაც ყარაჯალაში გაიზარდა და იმავე სკოლის კურსდამთავრებულია. თელავისა და თბილისის უნივერსიტეტებში განათლების მიღების შემდეგ, ყველა სხვა შესაძლებლობას ყარაჯალასა და მშობლიურ სკოლაში დაბრუნება არჩია. ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი მოგვიანებით დირექტორად დანიშნეს. მას შემდეგ საკუთარ თემში ქალთა უფლებებისათვის იბრძვის და წლების განმავლობაში არაერთი გოგონას ცხოვრება შეცვალა.