ავტორი: ნათია მსხილაძე
მართალია ღვინის დაყენების 8000 წლიან ტრადიციას ვითვლით, მაგრამ გენდერული როლების მკაცრმა წესებმა ღვინის წარმოების პროცესიდან ქალი გამორიცხა, თუმცა, დროსთან ერთად ფემინიზაცია ღვინოსაც შეეხო.
დღეს გვინდა, რომ ქალის როლი საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ნაწილში გაიზარდოს. მთავარი სიკეთე, რასაც ქალის ჩართულობას ღვინის დაყენებაში მოაქვს, თანასწორობასთან ერთად, ეკონომიკური დოვლათის შექმნაა, რაც თავისთავად აისახება სიღარიბის დონის შემცირებაზეც. თუკი აქამდე ქალი მეღვინეების ჩამონათვალი ათეულს არ ცდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად შეიცვალა და ეს რიცხვი მზარდია, თუმცა ქალ მეწარმეთა მთავარ გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, დასავლეთ საქართველოში ქალების ეკონომუკური გაძლიერებისთვის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ქალი მეწარმეები ტექნიკური და თეორიული ცოდნით აღიჭურვებიან. მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი საქმიანობა გააფართოვონ. გარდა ტექნიკური მხარისა, პროექტი მეწარმეებს ფინანსურადაც დაეხმარება. პროექტის მიზანია ამ ადამიანებმა ბიზნესის ზედა რგოლში გადაინაცვლონ.
ქეთო ნინიძე პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მეღვინე ქალია, რომელმაც მარტვილში გადაშენების პირას მყოფი მეგრული და აფხაზური ჯიშის ვაზი გააშენა. ქეთო მარტვილში საცხოვრებლად 2016 წელს ოჯახთან ერთად დაბრუნდა და ძველ მეგრულ ოდას ფერები შემატა. მის მიერ დაყენებული ღვინო იყიდება როგორც თბილისის, ქუთაისის და ბათუმის, ისე აშშ-ის რამდენიმე ბუტიკური ღვინის ბარში. ასევე შეკვეთებს იღებს ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკვე იაპონიიდანაც. პროექტის მხარდაჭერით, ქეთო უნარჩენო წარმოებას დაიწყებს და ღვინოსთან ერთად მომხმარებელს არაყს შესთავაზებს.
თამარ ღვალაძე იმერეთში, სოფელ ოფჩაში შვილებთან, ბაია და გვანცა აბულაძეებთან ერთად, მეღვინეობის სფეროშია ჩართული. მას ათვისებული აქვს ადგილობრივი ბაზარი და პროდუქტის პოპულარიზაციას საზღვარგარეთაც ეწევა. საექსპორტოდ ღვინო გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთსა და ამერიკაში გააქვს. თამარი პროექტიდან მიღებულ სარგებელს აგროტურიზმის განვითარებას მოახმარს და ტურისტებს სოფელ ოფჩაში განთავსებულ მარანში მრავალფეროვან მომსახურებას შეთავაზებს.
90-იანი წლების დასაწყისში, ქალის მიერ ღვინის დაყენება უცხო ხილი იყო, თუმცა ინდირა ჯაფარიძემ არსებული სტერეოტიპი დაანგრია და სწორედ ამ დროს აჭარაში საოჯახო მარნის მართვას ჩაუდგა სათავეში. ღვინის წარმოება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას მოარგო და ჩხავერისა და ცოლიკოურის დაყენება დაიწყო. იმისთვის, რომ მისი წარმოებული ღვინო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ცნობილი, შვილთან ერთად (რომელმაც მეღვინეობა შეისწავლა), ახლა ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინზე მუშაობს. ამდენად, პარტნიორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, ღვინის ბაზარზე მალე ინდირას ბრენდირებული ღვინო გამოჩნდება.
იმერული ღვინო ქარვისფერი, შინაარსიანი, ჰარმონიული და ხალისიანია. თუკი ბაღდადის მუნიციპალიტეტში მოხვდებით, სოფელ დიმში უნდა შეიაროთ და ღვინო „ნაგუთნები“ დააჭაშნიკოთ. ამ ბრენდის უკან ქალი მეღვინე და პროექტის მონაწილე სალომე აბაშიძე დგას, რომელსაც წლიურად ყურძნის მოსავალი დაახლოებით 10-12 ტონა აქვს. სალომე პროექტიდან შეძენილი ტექნიკური ცოდნითა და გამოცდილებით ღვინის წარმოებაში თავისი წვლილის შეტანას გეგმავს.
მევენახეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ღვინის ექსპორტი 54%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. ჩვენმა ქვეყანამ 53 ქვეყანაში 76,7 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გაიტანა ექსპორტზე, თუმცა ამ სფეროში ქალების წილი ჯერ კიდევ მცირეა. პარტნიორმა ორგანიზაციებმა ამ მდგომარეობის შესაცვლელად და მეღვინეობისა და აგროტურიზმის განსავითარებლად თხუთმეტი მეწარმე ქალისთვის იტალიაში სასწავლო ტურიც მოაწყო, სადაც მის თანაორგანიზატორს – Agristudio SRL, თანამასპინძელს კი, იტალიის ქალ მეღვინეთა ეროვნული ასოციაცია Donne del Vino წარმოადგენდა.
ტოსკანაში ვიზიტისას ქალმა მეწარმეებმა, იტალიელი კოლეგების მიერ ღვინის მარნების, ფერმებისა და საოჯახო სასტუმროების მართვის გამოცდილება გაიზიარეს. ასევე, შეხვდნენ ადგილობრივ ექსპერტებს, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, გაყიდვების, სასტუმროს მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და სერტიფიცირების სფეროში საქმიანობენ. „მზარდი მტკიცბულებები ადასტურებს, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან მდგრადი ცვლილებისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, მათ შორის სამთავრობო დაწესებულებებთან, კერძო სექტორის კომპანიებთან, გაეროს სააგენტოებთან, განვითარების სხვა პარტნიორებთან, პროფკავშირებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან. მეწარმე ქალებთან მუშაობაც ამ საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან მეღვინეობა ერთ-ერთი სწრაფად მზარდი, თუმცა, ამავდროულად, უმეტესად კაცების მიერ მართული დარგია საქართველოში. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით გადაწყვიტა ამ სფეროში დასაქმებულ ქალი მეწარმეების მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროგრამის, მცირე გრანტების სქემისა და სასწავლო ტურის უზრუნველყოფით ევროპული მეღვინეობის ქვეყანაში – იტალიაში. მხარდაჭერა გაგრძელდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს ამ ქალებს დაუკავშირდნენ საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებს, მათი პროდუქტის რეალიზაციის სხვადასხვა შესაძლებლობების შექმნის, სავაჭრო ბაზრობებსა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების გზით. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთ საქართველო არ არის ტრადიციული მეღვინეობის ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამ ნაწილში წარმოებული ღვინო უნიკალურია, თუმცა, ამასთან, ქმნის დამატებით გამოწვევებს მეწარმეებისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში მტკიცედ გვწამს, რომ მეღვინე ქალებს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვთ და ეს რამდენიმე წელიწადში თვალსაჩინო გახდება.“ – აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარაჭერით ხორციელდება, 25-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის გაფართოებისთვის ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო. ამას გარდა, პროექტი მათ მსხვილ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაშიც დაეხმარება. „რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის მსგავსი პროექტები დიდი სტიმულია, რომელიც ხელს შეგვიწყობს ჩვენი საქმიანობის გაფართოებაში. მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დიდ კომპანიებთან დავამყაროთ კავშირი და გაგვიზიარონ მათი გამოცდილება. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ პროექტის ფარგლებში შევძლებთ შევიძნოთ ახალი ცოდნა და უნარები. მეტი ქალი უნდა იყოს ბიზნესში.“ – განაცხადა პროექტის მონაწილემ სალომე ღამბაშიძემ.
ბიზნესში ქალების მიერ შეტანილი წვლილი და ეკონომიკური დოვლათი ახალ ისტორიას შექმნის.