ქეთი მელუა სამწლიანი მუშაობის შემდეგ მსმენელს ახალი ალბომით დაუბრუნდა. სიახლის შესახებ მომღერალმა გულშემატკივრებს ჯერ კიდევ ივნისის დასასრულს აუწყა. მომღერლის Facebook გვერდზე დაანონსდა, რომ 2020 წლის 16 ოქტომბერს 10 ახალი სიმღერისგან შემდგარი ალბომი სრულად ჩაეშვება გაყიდვაში.
ალბომიდან პირველი სიმღერის პრემიერა 30 ივნისს BBC Radio 2-ზე შედგა. მოგვიანებით კი Youtube-ზე ვიდეორგოლიც განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომიდან ორი კომპოზიციის ვიდეორგოლი საქართველოში, აჭარაშია გადაღებული. როგორც მომღერალმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, სიმღერების შინაარსი, ძირითადად, სიყვარულთან და განშორებით მინიჭებულ პიროვნულ თავისუფლებასთანაა დაკავშირებული. ვიდეორგოლების რეჟისორი ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, მარიამ სიჭინავაა, რომელთანაც ქეთი მელუა დიდი ხანია თანამშრომლობს. დიზაინერი კი, ასევე, ქართველი შემოქმედი – თაკო მექვაბიძე.
შეგახსენებთ, რომ ეს მომღერლისთვის მერვე ალბომია. მუსიკალური კლიპების ძირითადი იდეა კი ის გარემოა, სადაც ადამიანი თავისუფლებასა და შთაგონების წყაროს პოულობს.