ქალის სიმამაცე – კეტრინ გრემის ისტორია

ავტორი: აკა ზარქუა

Editorial credit: Shutterstock.com

გენდერული თანასწორობის მიმართულებით, თავისუფალი სამყაროს სახელმწიფოებში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მსოფლიო, ამ კუთხით, არაერთი მწვავე გამოწვევის წინაშე დგას. გენდერული თანასწორობის საკითხი აქტუალურია თანამედროვე ჟურნალისტიკაშიც. სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემებში, ტელევიზიებსა და რადიოებში, ჯერაც გავრცელებულია სხვადასხვა სახის გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული მიდგომები.

ჟურნალისტიკა როგორც საქმიანობის სფერო ვერ იქნება თავისუფალი იმ ნაკლოვანებებისგან რაც, ზოგადად, საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. ჟურნალისტიკაში, ისე როგორც სხვა პროფესიულ სივრცეში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება ქალების როლის დაკნინება, მათი საქმიანობის განსაზღვრა ტრადიციული გენდერული წარმოდგენებიდან გამომდინარე. თანამედროვე მედიაში, ქალები ხშირად ხდებიან არასათანადო და უსამართლო მოპყრობის მსხვერპლნი.

არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად, დღეს ქალებისთვის ჟურნალისტიკაში გზის გაკვლევა და კარიერის გაკეთება საგრძნობლად უფრო მარტივია, ვიდრე მათი ქალი კოლეგებისთვის წინა ათწლეულებში. ადამიანის საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში ქალების როლი უდიდესია, თუმცა ჟურნალისტიკის განვითარების მიმართულებით ეს წვლილი შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სხვა სფეროებში.

ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიული საქმიანობის სფეროს ჩამოყალიბებაში, ქალების როლი, მართლაც, განუსაზღვრელია. მედიის განვითარების, სიტყვის თავისუფლებისა თუ უფრო მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მიმართულებით, ქალებმა არაერთხელ ითამაშეს გადამწყვეტი როლი.

თუნდაც, მცირე და კერძო კომპანიის სათავეში ქალის ყოფნა მაშინ ძალიან უცნობი და საზოგადოებისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. 1963 წელსაც და შემდგომი რამდენიმე წლის მანძილზე, ჩემი კარიერული ცხოვრება, მნიშვნელოვანწილად, უნიკალურ მოცემულობას წარმოადგენდა”,— ეს სიტყვები მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის Washington Post-ის ყოფილ ხელმძღვანელსა და მთავარ რედაქტორს, კეტრინ გრემს ეკუთვნის.

კეტრინ გრემი 1917 წელს, ნიუორკის ერთერთ ყველაზე მდიდარ და ცნობილ ოჯახში დაიბადა. კეტრინის მამა, ეუგენ მეიერი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საჯარო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იგი იყო მსოფლიო ბანკის პირველი პრეზიდენტი და ამერიკის ფედერალური რეზერვის საბჭოს თავმჯდომარეც. 1933 წელს კეტრინის მამამ გაკოტრების პირას მყოფი გამოცემის Washington Post-ის შეძენა გადაწყვიტა; კრახის პირას მყოფ კომპანიაში მაშინ მეიერმა 900 ათასი დოლარი გადაიხადა.

კეტრინის ოჯახი აქტიურად იყო ჩართული ამერიკის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში; მშობლების ინტერესების პარალელურად, იზრდებოდა კეტრინ გრემის ინტერესიც ჟურნალისტიკის მიმართ. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კეტრინ გრემმა San Francisco news-ის რეპორტიორად დაიწყო მუშაობა, სადაც შრომით საკითხებს აშუქებდა. აქ გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, მამის თხოვნით, კეტრინი ვაშინგტონში დაბრუნდა და Post-ის თანამშრომელი გახდა. ამ პერიოდში, გაზეთის მთავარი რედაქტორის პოზიციას ფილ გრემი იკავებდა. პოსტში სამუშაოდ გადმოსულ კეტრინსა და ფილ გრემს შორის მალევე გრძნობები გაჩნდა და წყვილი მალევე დაქორწინდა.

მოგვიანებით, კეტრინ გრემი თავის მემუარებში როგორც იხსენებს, ფილ გრემზე დაქორწინებიდან მალევე, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, მეუღლის ხელშეწყობისთვის, საკუთარ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი ეთქვა და საკუთარი თავი ოჯახისთვის მიეძღვნა. რომ არა, ფილ გრემის სუიციდი, კეტრინ გრემის ეს გადაწყვეტილება, ალბათ აღსრულდებოდა და მეტიც, მისი სახელი დღეს ახლობლების გარდა არავის ემახსოვრებოდა, ხოლო ჟურნალისტიკა კი ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მამაც რედაქტორს დაკარგავდა.

ყველაფერი 1963 წელს შეიცვალა, როცა დაქვრივებული კეტრინ გრემი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორი გახდა. ამ პერიოდში გამოცემისთვის რთული პერიოდი იდგა, Washington Post ჯერ კიდევ წამგებიან ბიზნესად რჩებოდა, კონკურენტები კი post-ის ჟურნალისტების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები.

გამოცემის წინაშე არსებული გამოწვევების გარდა, კეტრინ გრემს უნდა დაენგრია დამკვიდრებული გენდერული წარმოდგენები. შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლის მანძილზე გრემი პირველი და ერთადერთი მთავარი რედაქტორი ქალი იყო. საწყის ეტაპზე გრემმა საკუთარი გუნდი შემოიკრიბა და მიზნად დაისახა Washington Post ქვეყნის ერთერთ მოწინავე გამოცემად ექცია. კომპანიას ახალი ინვესტიციები სჭირდებოდა, რისთვის აუცილებელი იყო, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე გამოცემის აქციების განთავსება.

შეთანხმება თითქმის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა. Washington Post-ის აქციების განთავსება ბირჟაზე ამერიკული პრესის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა. იმ კვირაში, როდესაც Washington post-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ე.. პენტაგონის ქაღალდები. post-ის ერთერთმა ყველაზე დიდმა კონკურენტმა, The New York Times-მა საკუთარი წყაროსგან მოპოვებული, აშშს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მომზადებული, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა ვიეტნამის ომს ეხებოდა. მასში ნათქვამი იყო, რომ 1961 წლიდან აშშს სახელმწიფო სტრუქტურებისა და პრეზიდენტებისთვის ცნობილი იყო, რომ ვიეტნამში გამარჯვება შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამ დასკვნისა, დამარცხების აღიარების შიშით, ყველა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება გაეგრძელებინა სამხედრო ოპერაცია.

ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ნიქსონის ადმინისტრაციამ საოლქო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, New York Times-ისთვის აეკრძალათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გამოქვეყნება. მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. იმავე კვირაში, საიდუმლო მასალები Washington Post-მაც მოიპოვა და დადგა საკითხი, გამოექვეყნებინათ თუ არა ეს მასალა. ამ დროს, საფონდო ბირჟაზე აქციები სულ რამდენიმე დღის განთავსებული იყო და შეთანხმება ინვესტორებსა და გამოცემას შორის ჯერ კიდევ არ იყო დახურული.

ჯერ კიდევ ღია შეთანხმების პროცესში მყოფი გამოცემისთვის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სკანდალური დოკუმენტის გამოქვეყნება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იდენტურ შემთხვევაზე სასამართლომ ამკრძალავი განაჩენი გამოიტანა, უკიდურესად სარისკო ნაბიჯი იყო. ეს შეთანხმების ჩაშლის და ინვესტორების უკმაყოფილების რისკს ქმნიდა, რაც კომპანიისთვის დამანგრეველი ფინანსური ზარალის მომტანი იქნებოდა. როგორც, კეტრინ გრემი საკუთარ მემუარებში იხსენებს, კომპანიიის ფინანსისტებიცა და იურისტებიც მასალის გამოქვეყნებისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. ამ ურთულეს მომენტში მასალის გამოქვეყნებას მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი და აღმასრულებელი რედაქტორი ბენ ბრედლი მოითხოვდნენ.

1971 წლის 30 ივნისს, კეტრინ გრემმა, სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო. უდიდესი შიდა და საზოგადოებრივი წნეხის წინაშე კეტრინ გრემმა ფსონად მთელი გამოცემა დადო. გრემის ფსონმა გაამართლა, აშშს უმაღლესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პუბლიკაციის აკრძალვა. კეტრინ გრემის გადაწყვეტილება, გამოექვეყნებინა პენტაგონის ქაღალდები მრავალი წლის შემდეგაც, რედაქტორული და ჟურნალისტური სიმამაცის ერთერთ ბრწყინვალე მაგალითად რჩება.

კეტრინ გრემის ცხოვრებაში პენტაგონის ქაღალდების გარდა, ასევე იყო ვოთერგეიტის სკანდალი, რომელიც პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტით დასრულდა. ეს იყო იმპიჩმენტის ერთადერთი შემთხვევა აშშს ისტორიაში. ვოთერგეითის ამბის გამოძიებით კი სწორედ, post-ის ორი ჟურნალისტი, ბობ ვუდვარდი და კარლ ბერნშტეინი იყვნენ დაკავებულები. სწორედ ამ ორი ადამიანის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედაგად გახდა შესაძლებელი პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტი. ვუდვარდისა და ბერნშტეინის გამოძიებაში კეტრინ გრემის წვლილი უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად დიდი რეპუტაციული და ადმინისტრაციასთან დაპირისპირების მაღალი ალბათობისა, კეტრინ გრემი, როგორც კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი რედაქტორი, საკუთარი ჟურნალისტების მხარეს დადგა. კეტრინ გრემმა სარედაქციო და სიტყვის თავისუფლების მიზეზით, კიდევ ერთხელ გარისკა ყველაზე ძვირფასით. ფსონმა მეორედაც გაამართლა.

1998 წელს კეტრინ გრემის ჟურნალისტური მოღვაწეობა პულიცერის პრიზით დაგვირგვინდა, რომელიც საკუთარი მემუარებისთვის მიიღო. კეტრინ გრემმა, მცირე, წამგებიანი საოჯახო ბიზნესი, მრავალმილიონიან, წარმატებულ ბიზნესად და, რაც მთავარია, მსოფლიოს ერთერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან გამოცემად აქცია. გრემი და Washington post-ი სამუდამოდ შევიდა ამერიკული ჟურნალისტიკის ისტორიაში. კეტრინ გრემი გამოცემას 1963-1997 წლებში ხელმძღვანელობდა.