ქალთა პროტესტი კათოლიკურ ეკლესიაში

12 მაისს, დედის დღეს, ქრისტიანული სამყაროს მრავალ წერტილში წარიმართა ქადაგება ქალთა როლის შესახებ რწმენის საკითხში. მიუნსტერში კი საქმე შედარებით სხვაგვარად იყო. გერმანული კათოლიციზმის ცენტრში ქალები ერთი კვირის მანძილზე „გაიფიცნენ“ ეკლესიის ცხოვრებაში ქალთა როლისა და მონაწილეობის ხარისხის გაზრდისთვის.
 
პროტესტს „მარიამი 2.0“ (Maria 2.0) ეწოდა, ხოლო მათ პლაკატზე გამოსახულია ღვთისმშობელი მარიამი პირზე აკრული წებოვანი ლენტით, რაც მის უსამართლოდ გაჩუმებას გამოხატავს. ორგანიზატორთა თქმით, მათ 100 ქალაქიდან დაუკავშირდნენ მხარდაჭერის გამოსახატად.
 
 
მრავალ მოსაზრებას შორის, კათოლიკეების მთავარი არგუმენტი მდედრობითი სქესის სამღვდელო პირების წინააღმდეგ ის არის, რომ იესო ქრისტეს მხოლოდ მამაკაცი მოციქულები ჰყავდა. ამის საპირისპიროდ, ქალთა მღვდლობის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ზემოთ მოცემული მოსაზრება არასწორია. „მოციქული“ აღნიშნავს მას, ვინც იხილა ქრისტეს აღდგომა და შესაბამისად გაიგზავნა საქადაგებლად. ასეთი კი მარიამ მაგდალინელიცაა, რომელმაც პირველმა ნახა იესოს აღდგომა.
 
გამომსვლელთა მოთხოვნები რადიკალურია და ეხება ქალთა სასულიერო პირად კურთხევის დაშვებას. ეს კი ნიშნავს მღვდლობას, ან დიაკვნობას, რომელიც მღვდელზე ერთი საფეხურით დაბლაა იერარქიაში. აქციის მონაწილეთა აზრით, მღვდლების მიერ დაცული უნდა იყოს მათთვის წაყენებული მოვალეობები, რომლებიც დღეს არ სრულდება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი კი სასულიერო პირების მიერ ძალაუფლების გადამეტებით სარგებლობაა, რაც ისეთ ფაქტებსაც კი მოიცავს, როგორიცაა არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროება და შემდეგ ამის დაფარვა.
 
თეოლოგი თომას ბრემერი ამ თემაზე საუბრისას აღნიშნავს: „პროტესტი საერთო ხასიათის გამოვლინებაა და სასულიერო პირებმა უნდა მოახერხონ მოცემულ პრობლემაზე რეაგირება. ადამიანები, რომლებმაც მოცემულ აქციას მხარი დაუჭირეს, ეკლესიის ყველაზე აქტიური წევრები არიან. ისინი განაპირობებენ საეკლესიო სტრუქტურების მდგრადობას და სიცოცხლისუნარიანობას.“
 
პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მსგავსი რეფორმა კათოლიკურ ეკლესიაში არ გატარდება. გერმანელი კონსერვატორების თქმით, ქრისტიანობის ადრეული წლებიდანვე სასულიერო პირები კაცები იყვნენ და ამ ტრადიციიდან გადახვევა ღვთიური კანონების უგულებელყოფა იქნება. ამაზე პასუხად პაპმა სიკვდილით დასჯის მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ ღვთიურმა წესმა ცვალებად მსოფლიოში შესაძლებელია ახალი ინტერპრეტაცია იპოვოს.
 
პაპის პასუხიდან გამომდინარე გარკვეული იმედები შეიძლება მაინც არსებობდეს გერმანელი მომიტინგეებისთვის. ამას ემატება ქაოსი ეკლესიაში, ზემოთ ხსენებული კანონდარღვევები კი კათოლიციზმის რეპუტაციას ლახავს, რამაც 2017 წელს კათოლიკური ეკლესიის მრევლის რიცხვი 270,000 ადამიანით შეამცირა. გერმანიაში მრავალი განათლებული სამოქალაქო აქტივისტი ქალი კვლავ განაგრძობს ცვლილებისთვის ბრძოლას.
 
1975 წელს ჩამოყალიბდა ქალთა მღვდლად კურთხევის კონფერენცია (Women’s Ordination Conference (WOC) ), ეს უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც ამ კუთხით მუშაობს. გთავაზობთ მის ძირითად ღირებულებებსა და მიზნებს:
 
ქალთა სრული და თანასწორი მონაწილეობა: ეკლესია, სახარების თანახმად, უნდა იყოს ღია ქალთა სრულუფლებიანი მონაწილეობისთვის.
 
ადგილობრივი აქტივიზმი: ჩვენ გვჯერა, რომ რეალური ტრანსფორმაცია კათოლიკურ ეკლესიაში სწორედ ლოკალური გაერთიანებებიდან მოხდება.
 
ლიდერობის და ჩართულობის გაძლიერება: ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი, რომელზეც ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს, უნდა ჩაერთოს მისი მიღების პროცესში. ეკლესიის მომავალი ცოდნაზე, შემოქმედებითობაზე, უნარებზე, ლიდერობასა და ამ ინსტიტუტის ერთიანობაზე დგას.
 
ფემინისტური აზროვნება და ქმედება: იერარქიამ მამაკაცი და ქალი ორ ფენად, ორი როლის წარმომადგენლად არ უნდა დაჰყოს. მან არც ის უნდა განსაზღვროს თუ ვინ არის ღვთის რჩეული და ვის აქვს მისი მადლი.
 
სოციალური სამართალი: განახლებული სამღვდელოება გამოაღვიძებს ეკლესიას და გარდაქმნის უსამართლო სტრუქტურებს მსოფლიო საზოგადოებაში.