ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. კოვიდ-რეალობამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ონლაინ სივრცეში გადაიტანა და ამით ბავშვების ფსიქიკას სერიოზული საფრთხეც შეუქმნა. ლოგიკურია, რომ საზოგადოების წევრები დაგროვილ შეკითხვებზე ადეკვატურ პასუხებს კვალიფიციური პროფესიონალისგან ელიან.
ფსიქოლოგი და ავტორი, Life Intelligence Hub-ის დამფუძნებელი თამარ თანდაშვილი 13 მაისს, 22:00 საათზე ფეისბუქ ლაივში „ფსიქიკური პანდემია ქართველ ბავშვებში“ დაწვრილებით ისაუბრებს, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ონლაინ გაკვეთილებსა და სახლში გამოკეტვით კოვიდისგან დაცვას ბავშვების ფსიქიკისთვის და როგორაა შესაძლებელი საზაფხულო არდადეგების გამოყენება მათი რეაბილიტაციისთვის.
აღნიშნული ვებინარი დააინტერესებთ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ბავშვთა კეთილდღეობაზე მზრუნველ ყველა ადამიანს.
Forbes Woman Georgia რამდენიმე შეკითხვით თამარ თანდაშვილს დაუკავშირდა.
კოვიდ-19-მა და მის გამო ცხოვრების ონლაინ რეჟიმმა გავლენა თითოეულ ჩვენგანზე იქონია, როგორ აისახა ის ბავშვების ფსიქიკაზე?
ონლაინ სწავლამ და სახლში გამოკეტვამ ბავშვების ფსიქე ძალიან დააზიანა. ისინი აპათიურები და დეპრესიულები გახნდნენ. ბევრ მათგანს შფოთვა იმდენად მაღალი აქვს, რომ ბავშვურ სილაღესა და ხალისიანობას ადგილს აღარ უტოვებს… აღარ უნდათ სახლიდან გასვლა და ფხიზლად ყოფნის უმეტეს დროს ვირტუალურ სივცეში ატარებენ. მოაკლდათ ძილი, რადგან ცხოვრების ერთფეროვანების გამო ეტანებიან ადიქტურ გასართობებს და ღამეებს აზრს მოკლებულსა და დამაზიანებელ თამაშებში ატარებენ.
Kelly Sikkema
ონლაინ სწავლებისას, როგორ შეუძლია მშობელს, ბავშვის ფსიქიკაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს?
პირველ რიგში, ბავშვები უნდა დავაბრუნოთ ფიზიკურ სივცეში. დღეში 1 საათი მაინც გავიყვანოთ სახლიდან გაჯეტების თანხლების გარეშე. ასეთი გასვლებით უნდა ვასწავლოთ, რომ ფიზიკური სამყაროც საინტერესოა, თუკი მის კვლევას ისწავლი. ასეთ განიავებას, შეგვიძლია, თამაშის სახე მივცეთ. შაბათ-კვირას ქალაქში მცოხვრები ბავშვები ქალაქგარეთ, ბუნებაში, ტყეში, სოფელში უნდა გავასეირნოთ. გარემოც ცვლა განწყობაზე მოქმედებს და ბავშვის ცხოვრების გამრავალფეროვნება რამდენიმე საათით ადგილის გამოცვლითაც შეიძლება მოხდეს.
Thomas Park
მეორე სიკეთე, რომლითაც ბავშვებს კოვიდის პერიოდის გადატანაში დავეხმარებით, მათი საგანამანათლებლო სტანდარტებისადმი ლმობიერი დამოკიდებულებაა. ჩვენი ცხოვრების ტემპი და ხარისხი კატაკლიზმურმა მოვლენამ რადიკალურად შეცვალა, ამიტომ დროა, ჩვენი აკადემიური მოთხოვნები ბავშვების მიმართ უფრო ლმობიერი გავხადოთ. ბავშვებს დღეს ძალიან უჭირთ და ხშირად ამაზე არ ლაპარაკობენ. შევეცადოთ, რომ სკოლაში აკადემიური მოსწრებით გამოწვეულ შფოთვას ხელი კი არ შევუწყოთ, არამედ მათ საკუთარი თავისადმი სიყვარული და თვითმიმღებლობა ვასწავლოთ.
მესამე და მთავარი: ბავშვისთვის თამაში არა მხოლოდ ემოციური ჯანმრთელობის ხელშემწყობი, არამედ მისი განმავითარებელი აუცილებელი პირობაა. მშობლებს, რომლებსაც შვილის მომავლისკენ გვაქვს მიპყრობილი მზერა, ეს ბანალური ჭეშმარიტება ადვილად გვავიწყდება; ჩვენ მათ ვთხოვთ, რომ იყვნენ ბეჯითი, პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები და იცხოვრონ მომავლით და არა დღევანდელი დღით. ამიტომ, ბევრი თინეიჯერისთვის „გაცდენილი დროის“ გამო დანაშაულის განცდა ყოველდღიურობის ნაწილია. ეს ყველაზე უარესია, რაც კი შვილს შეგვიძლია, რომ გავუკეთოთ.
Ben White
ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ სინანულის გარეშე ჩაერთონ და გაერთონ თამაშით, რომელიც ფიზიკურ სამყაროში სხვა ბავშვებს ან ოჯახის წევრებს დააახლოებს. ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ თავდავიწყების, სილაღისა და სპონტანურობის უფლება, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობა წარმატებაზე უფრო ღირებული ფენომენია. მერმწუნებთ, დედამიწაზე დღეს თავბრუდამხვევი კარიერის მქონე ბევრი უბედური ახალგაზრდა დააბიჯებს. იმედია, ჩვენი შვილები მათ რიცხვში არ მოხვდებიან.