ფრანგული ცხოვრების სტილის ელჩი საქართველოში

 

ინტერვიუ დევიდ ჰოლდერთან.

ავტორი: თამარა კაჭახიძე

პარიზული ღამეების მიწურულს, განთიადის შემოპარვისას, ხშირად ერთ რამეზე ფიქრობ – ესაა ოცნება, სადაც ლიმიტი არ არსებობს. ამის შთაგონებას ფრანგული კულტურული ღირსშესანიშნაობები გაძლევს, რომლის ერთ-ერთ ნაწილი მოვარდისფრო, ზღაპრული ელემენტებით გაჯერებული Ladurée-ა. ის ცნობილია თავისი უნიკალური პროდუქტით – მაკარონით. Ladurée-მ ფრანგული ცხოვრების სტილის ახალი ხაზი შექმნა, რომელიც ლოკალური სამზარეულოს აღქმასა და მასზე კულტურული წარმოდგენის ჩამოყალიბებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

“როცა გაქვს შანსი შექმნა რაღაც უნიკალური, არ უნდა დანებდე” – ასეთია Ladurée-ს პრეზიდენტის დევიდ ჰოლდერის რჩევა. ადამიანის, რომელიც Ladurée-ს გუნდთან ერთად რეალურ ცხოვრებაში ქმნის იდეალურ და ინოვაციურ ფრანგული ცხოვრების სტილს.

რა არის Ladurée თქვენთვის?

Ladurée ჩემი ცხოვრებაა. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა, ის ჩემს მიერ შექმნილი საოცნებო სამყაროა. ჩემი თავდაპირველი მიზანიც სწორედ ამ საოცნებო სამყაროს გაზიარება იყო, ჩვენი ბრენდის წმინდა ორიგინალურობის გატანა პარიზიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენი სურვილია Ladurée-ს მომხმარებლებს, მსოფლიოს მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიგრძნონ უნიკალური ფრანგული ცხოვრების სტილი. ჩვენ გვსურს კომპანიამ შემოიაროს მსოფლიო და შეინარჩუნოს ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაც Ladurée-ს დაარსებიდან, 1862 წლიდან მოჰყვება. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც ახალ ლოკაციებს ვარჩევთ. მაგალითად, საქართველოში ჩამოსვლისას, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო გაგვეთვალისწინებინა თქვენი გამორჩეული კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო. მიზნად დავისახეთ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გაცნობა, რადგან სწორედ ეს ყველაფერი განსაზღვრავს თუ რამდენად წარმატებული იქნება Ladurée.

ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე, ჩემი გუნდია. ნამდვილად დიდი პატივია მყავდეს საოცნებო გუნდი, რომელთან ერთადაც მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ. ეს მაბედნიერებს. საკონდიტრო ნაწარმის და ჩვენი უნიკალური პროდუქციის შემქმნელი შეფების არსებობა, ჩემთვის თავისუფალს და კომფორტულს ხდის კომპანიის ზრდას და საზღვრებს გარეთ გატანას. იდეა მხოლოდ კომპანიის ზრდა არ არის, ეს საოჯახო ბიზნესია, შესაბამისად ფინანსური საჭიროებებისგან გამოწვეული ზრდა მთავარი ფაქტორი არაა. მინდა მეამაყებოდეს თითოეული მაკარონი, რომელსაც Ladurée თავის მომხმარებელს სთავაზობს. მსურს ყველამ, ვინც Ladurée -ში შემოაბიჯებს, ცოტა ხნით მაინც იცხოვროს იმ საოცნებო სამყაროში, რომელიც ჩემთვის ყოველდღიურობაა. მთავარი გამოწვევა კი იმის უზრუნველყოფაა, რომ თითოეული პროდუქტი, რასაც მომხმარებელს ვაწვდით იდეალური იყოს. ყოველდღიურად ვაშენებთ ახალ გუნდებს ახალი ქვეყნებისთვის. თითოეულ ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყება გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ერთმანეთის კულტურული ფესვები და დნმ შევიცნოთ. ე.ი. უნდა გავხდე ცოტათი ქართველი, თქვენ ცოტათი ფრანგი, სწორედ ასე დგება ჰარმონიული თანამშრომლობა – კულტურული იდენტობების გაზიარებით.

რატომ საქართველო? რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დათანხმდით Ladurée-ს საქართველოში ჩამოტანას?

თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო Ladurée -ს ნიუ-იორკში, ლონდონსა და ტოკიოში გატანა, ეს სამი ქალაქი მარტივი და ცხადი არჩევანია. მსოფლიოს სხვადასხვა ადგილი უფრო და უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ხდება, შესაბამისად, საქართველოც ავირჩიეთ. ჩემს ოცნებებში ლიმიტი არ არსებობს. ერთხელ ჩემი გუნდის ერთ-ერთი წევრი მოვიდა და მკითხა, – მთვარეზე როდის გავდივართო? Ladurée -ში ასე ვხუმრობთ ხოლმე. როცა სწორ ადამიანებს შევხვდით, რომლებმაც ძირითადი კონცეფციისა და იდეის აღქმა შეძლეს, ვიკითხეთ – რატომ არა საქართველო? ჩვენ ყოველთვის ვმოგზაურობთ, ვხვდებით ახალ ადამიანებს, შევიგრძნობთ ახალ-ახალ გარემოს, რომელიც ინოვატორული იდეებისთვის გვაძლევს შთაგონებას. შესაბამისად, როცა ვიპოვეთ პარტნიორი, რომელიც მზად იყო ამ ყოველივეს საქართველოს ბაზარზე სისრულეში მოყვანისთვის, ვთქვი – მოდით შევისწავლოთ ეს ქვეყანა, ვნახოთ თავად ქვეყანა არის თუ არა მზად იმისთვის, რომ Ladurée -სნაირ ბრენდს უმასპინძლოს, რომელიც ფრანგული ცხოვრების სტილის ასეთი მკაფიო წარმომჩენია. შემდეგ შეთანხმება შედგა, კულტურული ელემენტებიც შეირწყა და ახლა აქ ვართ. საქართველო მზად აღმოჩნდა ემასპინძლა Ladurée -სთვის.

Ladurée-ში თქვენი 26 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, რა მთავარ რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდა ანტერპრენერებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს?

პირველ რიგში ვურჩევდი იოცნებონ ბევრი, იფიქრონ ბევრი, ხშირად და ფართო მასშტაბებზე (“dream big”) და შექმნან ძლიერი გუნდი. მოიგებთ, დამარცხდებით – დამარცხდებით, მოიგებთ, ეს ყოველივე ცხოვრების ნაწილია. ვიცი, რომ ბევრი ახალგაზრდა ანტერპრენერი ამას ერიდება, რადგან კონტროლის შენარჩუნება უნდათ იმ ერთ შანსზე, რომელიც აქვთ და ამიტომ გარისკვის ეშინიათ. Ladurée-ს ოჯახთან ერთად ოცწლეულზე მეტია ვმუშაობ. თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ, რომ პარიზის გარეთ ვერ შევძლებდით ისეთი ფილიალების გახსნას, რომელიც ხარისხის თავდაპირველ სტანდარტს შეინარჩუნებდა. მათ საწინააღმდეგო დავუმტკიცე. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ანტერპრენერებმა შეძლონ ფუნქციური სამუშაო ჯგუფის შექმნა.

რატომ გვიყვარს Ladurée? იმიტომ, რომ პირველივე დღიდან Ladurée მთავარი მოთამაშე გახდა ფრანგულ საკონდიტრო წარმოებაში. Ladurée-მ უნიკალური პროდუქტი – მაკარონი შექმნა. მეხუთე თაობის მცხობელი ვარ ჩემს ოჯახში, „საკონდიტროს კაცი“ ვარ, მაგრამ Ladurée -ში მისვლის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ეს არაა საკმარისი. მინდოდა შემექმნა ის საოცნებო სამყარო, რომელსაც Ladurée დღეს წარმოადგენს. შესაბამისად, დავიწყე პროდუქტების შეფუთვაზე ზრუნვა, თითოეული ფილიალის დიზაინზე მუშაობა და საკონდიტრო პროდუქტების კოლექციების შექმნა. ასევე, ჩემს გუნდთან ერთად, აქტიურად ვაკონტროლებდი ადამიანურ ურთიერთობებს, მაგალითად იმას, თუ როგორ ესალმებოდნენ ჩვენი თანამშრომლები მომხმარებლებს, რადგან სწორედ ასე იწყება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ნდობის შენება.

რით გამოირჩევა Ladurée-ს მაკარონი და რატომაა ის ასეთი განსხვავებული თავისი ხარისხით და გემოთი?

ჩვენ პატივს ვცემთ მაკარონის თავდაპირველ რეცეპტს და არ ვცვლით ამ რეცეპტის ფესვებს, რომელიც ამ პროდუქტის უნიკალურობის გასაღებია. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადსხვა არომატები მუდმივად ემატება და ადაპტაციას განიცდის, ორიგინალი რეცეპტი იგივე რჩება. ახალი არომატის შექმნა ყოველდღე შეგვიძლია. მეტიც, იქნებ თბილისიდან გაგვყვეს რამე უნიკალური იდეა და შთაგონება, რომელსაც მაკარონად ვაქცევთ. მთავარი აზრი ისაა, რომ გვაქვს ერთი ურყევი რეცეპტი, რომელიც არასდროს შეიცვლება. ასევე, ჩვენი მაკარონის განსხვავებულობა განპირობებულია ჩვენი შეფების თავდაუზოგავი შრომით და მათ მიერ გამოხატული პატივისცემით ორიგინალი რეცეპტის მიმართ. მთავარი შეფები პირველი დღიდან მომყვებიან. ზოგიერთი მათგანი Ladurée-ს მთავარ შეფთან მუშაობდა და იმ ადამიანისგან სწავლობდა, რომელიც 34 წელი მუშაობდა ჩვენი ბრენდისთვის. ის ადამიანები Ladurée-ს დნმ არიან.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გავლენიანი ბრენდები, როგორიც Ladurée-ა გარკვეულ სოციალურ საკითხებთან მიმართებით იღებდნენ პასუხისმგებლობას?

ორი კვირის წინ წარვადგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი ახალი ინიციატივა, რომელსაც „მწვანე ლაბორატორია“ ჰქვია. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის სასურველი ინგრედიენტებით დავამზადოთ ჩვენი პროდუქტები და მთავარ რეცეპტზე აგებული გემოს ვარიაციები შევთავაზოთ საზოგადოებას. გვინდა ყველა მაკარონის შემადგენლობა იყოს ბუნებრივი და სანდო. შემდეგ ივნისში ვეგანური საკვების ახალი ხაზი გამოვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კლასიკური, ტრადიციული პროდუქტები შემცირდება ან ჩანაცვლდება. ჩვენი მოვალეობაა ტრადიციული ფრანგული პროდუქტის შენარჩუნება, მაგრამ მომხმარებლისთვის სხვადასხვა არჩევანის შეთავაზებას წინ არაფერი უდგას. მე თვითონ 20 წელიწადზე მეტია ვეგეტარიანელი ვარ, შესაბამისად ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია პროდუქტების წარმომავლობის კვლევა. Ladurée-ს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის მიზანია, მომუშავე გუნდის და მომხმარებლების ახალი თაობა გაზარდოს იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რაზე დაყრდნობითაც შეიქმნა Ladurée. ჩვენმა წინაპრებმა, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეშიც კი ნატურალური, ორგანული ინგრედიენტებით მუშაობდნენ, დატოვეს ღირებულება, რომელსაც გვინდა ბოლომდე მივჰყვეთ. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ვიმუშავოთ ადგილობრივ მცირე ზომის ფერმებთან და ჩვენი მენიუ გავამდიდროთ ვეგანური, გლუტეინგარეშე და სხვა პროდუქტებით. ეს ყოველივე მომავალია. Ladurée გრძნობს პასუხისმგებლობას იზრუნოს ყველა მომხმარებლის დიეტურ პრეფერენციაზე და პატივი სცეს გარემოს დაცვას.