3 ნოემბერს, “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” საქართველოდან და “მოხალისეთა ჰაბი” გოგონებს ექსპო ჯორჯიაში ეპატიჟება.
როგორ მოვიპოვო სტიპენდია ტოპ უნივერსიტეტებში სასწავლებლად? რა პლატფორმებზე მოვიძიო სამუშაო ადგილები სახლიდან გაუსვლელად? სად შემიძლია გავიარო ანაზღაურებადი სტაჟირება? ვინ დამაკავშირებს მასთან, ვისაც მოხალისე სჭირდება?
თუ ეს კითხვები და მათზე პასუხები გაინტერესებთ, თუ გაქვთ სურვილი წახვიდეთ ევროპის ქვეყნებში სასწავლებლად, მოხალისედ, სტაჟიორად თუ სამუშაოდ, მაშინ ეს შეხვედრა თქვენთვისაა.
ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი Volunteer Hub-ია. Volunteer Hub-ი ქართული სოციალური საწარმოა, რომელიც საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის გავრცელებისთვის შეიქმნა. ნებისმიერი ასაკის, შესაძლებლობებისა და გამოცდილების მქონე ადამიანს შეუძლია გახდეს Volunteer Hub-ის მოხალისე. Volunteer Hub-ი მოხალისეებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის და განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს და ეხმარება, გახდეს უფრო პროდიქტიული და მიზანდასახული.
ღონისძიების მიზანია ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, შესაბამისად თქვენ მოუსმენთ სხვადასხვა ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს და გაეცნობით ახალგაზრდა ქალების გამოცდილებას სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ სირთულეებსადა საგანმანათლებლო გამოწვევებზე.
ღონისძიების მიზანია გაამყაროს მოსაზრება, რომ ქალთა შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს და ევროკავშირი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს, იმუშაოს და განვითარდეს.
ღონისძიების მიღმა მდგომ სამიათას ქალიან ჯგუფზე, ორგანიზაციის იდეებსა და სამომავლო გეგმებზე, ღონისძიების ორგანიზატორები, ნატალია ჭამიაშვილი და ნინი თავხელიძე გაგვესაუბრნენ.
ჯგუფი – “Women 4 Women – by Volunteer Hub” – შექმნის ისტორია
ნატალია ჭამიაშვილი: ჯგუფი ძალიან შემთხვევით შეიქმნა. ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, ანონიმურად წერდა გოგო, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, მამის და ძმის მხრიდან. გადავწყვიტე, რომ ამ გოგოს დავხმარებოდი. დავუწერე კომენტარებში და შევთავაზე ერთად მოგვეძებნა რამე გაცვლითი პროგრამა, რომ ცოტა ხნით მოშორებოდა ამ გარემოს. ამის შემდეგ დაახლოებით 30 ადამიანი შემეხმიანა და მაშინ მივხვდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. გადავწყვიტეთ, რომ შეგვეკრიბა ისეთი გოგოები, რომლებსაც მსგავსი ტიპის დახმარება სჭირდებოდათ. იმავე ჯგუფში დავპოსტე, რომ შევხვდებოდით ყველას ვისაც ეს საკითხი აწუხებდა და საბოლოოდ 1800-მდე გოგო შეგროვდა. შემდეგ შევქმენით ჯგუფი და დაახლოებით ერთ კვირაში 3000 გავხდით.
ორგანიზაცია – Volunteer hub
Volunteer hub-ი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, სულ 2 თვეა რაც ვარსებობთ და ძალიან სწრაფად ვვითარდებით. ეს ორგანიზაცია არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მოხალისეებს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებთან. ჩვენ შემთხვევაში ძალიან ბევრ გარეგან სტიმულს ვქმნით, რაც ანდომებს ადამიანს, რომ იყოს მოხალისე. მაგალითად, გვყავს ბევრი პარტნიორი კომპანია, რომელიც სხვადასხვა საჩუქრებს და ფასდაკლებებს უკეთებს ჩვენს მოხალისეებს. ამას გარდა გვაქვს ტრენინგები, მათთვის, ვისაც სურს მოხალისეობა, თუმცა არ აქვს გამოცდილება. გვაქვს მენთორშიფის პროგრამებიც, რაც გულისხმობს ისეთი ადამიანების დაკვალიანებას, ვინც ზუსტად არ არიან ჩამოყალიბებულები თუ რა პროფესიით უნდათ მუშაობა. მენტორი კი მათ ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.
Volunteer hub-ს სიახლეებიც აქვს იმ მოხალისეებისთვის, ვინც კარგ შედეგებს აჩვენებს – მათ ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი გერმანიაში გაუშვებს. საუბარია დაახლოებით 10 მოხალისეზე.
ღონისძიების მიზნები და მოლოდინები
ნინი თავხელიძე: ჯგუფის შექმნის შემდეგ გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც აინტერესებს არა ერთ და ორ ადამიანს, არამედ ბევრს. ჯგუფი არის ძალიან მეგობრული და ადამიანები გულწრფელად ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ. რთავენ ლაივებს, პოსტავენ თავიანთ ისტორიებს. ღონისძიების გაკეთებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველა ვინც ამ საკითხით დაინტერესებული იყო ერთ სივრცეში შეგვეკრიბა, რათა კომპეტენტური ადამიანებისგან მოესმინათ არსებულ კითხვებზე პასუხები. ღონისძიებაზე იქნებიან, როგორც ოფიციალური წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ გოგონების სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, სტაჟირებებში, მოხალისეობაში მონაწილეობას, ასევე ჩვენი ასაკობრივი ჯგუფის გოგონები, რომლებიც მოყვებიან თავიანთ გამოცდილებას და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაგვერთვებიან. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ახალი წიგნის, „მებრძოლი ქალების“ პრეზენტაცია, რომელიც ემთხვევა ჩვენი ღონისძიების ხასიათს. ეს არის ნორვეგიელი ქალების მიერ დაწერილი წიგნი, რომელიც კომიქსის სტილისაა და გვიყვება ისეთი ქალების შესახებ, რომლებზეც ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ მათი. სულაკაურის გამომცემლობა, ჩვენს ივენთზე მოსულ ყველა ადამიანს გადასცემს ერთთვიან ფასდაკლებას ნებისმიერ წიგნზე. ღონისძიება იქნება, უფრო ინფორმაციული ხასიათის, მთავარ კითხვებზე „სად შეიძლება წავიდე“ და „როგორ“ უნდა გვქონდეს პასუხები. ამის შემდეგ კი ვფიქრობთ, ისევ დავაორგანიზოთ პატარ-პატარა შეხვედრები, სპეციფიკური თემატიკით. მაგალითად: როგორ შევადგინო სივი, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის და ა.შ.
სამომავლო გეგმები
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ, გვჭირდება ახალი წევრები რომლებიც ჩვენთან ერთად მოიძიებენ სხვადასხვა პროექტებს. ასევე, ვეძებთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარებიან.