უეფას ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია სფფ-ის XXXI ყრილობაზე გაიმართა. ის შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს და მათგან თითოეული თანაბრად მნიშვნელოვანია.
დოკუმენტის ელ. ვერსიაში მიმოხილულია არსებული კონტექსტი, სტრატეგიული ხედვა, მისია, ღირებულებები, ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთისა და მუშახელის განვითარება და ინფრასტრუქტურა. ასევე ხაზგასმულია შემოსავლებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. დოკუმენტში წამოჭრილია საქართველოსთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ქალების როლის ზრდას ისახავს მიზნად:
,,გარდა სპორტული მიღწევებისა, სფფ აცნობიერებს ქალთა გაძლიერების უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის ზოგად განვითარებაში. გვჯერა, რომ ფეხბურთს შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ მიზნის მიღწევას და უფრო ძლიერი, ერთიანი ერის ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, სფფ–მ შეიმუშავა საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია.“
,,უნდა დავამსხვრიოთ ბარიერები და ტრადიციული ცრუ წარმოდგენები, რათა ყველა გოგონას თავდაჯერებით შეეძლოს ფეხბურთში მონაწილეობა. პოზიტიური ცნობისმოყვარეობა ვაქციოთ პოზიტიურ ჩართულობად. ფეხბურთის პოპულარიზაცია შთამაგონებელი მეთოდებით, რომლებიც გააადვილებს ჩართულობას. ქალთა და გოგონათა ფეხბურთის პროფილის ამაღლება სოციალური და სამაუწყებლო არხების მეშვეობით. საუკეთესო მოთამაშეების მხარდაჭერა, რათა ისინი გახდნენ მაგალითები და ელჩები.“
შემუშავებული დოკუმენტის შესახებ კომენტარი გააკეთა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა:
,,ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ შევძლოთ ქალთა ფეხბურთის სრული პოტენციალის გამოყენება. სტრატეგიის შემუშავება საქართველოში ქალთა ფეხბურთისთვის ისტორიულ მომენტს წარმოადგენს და სრულიად შეესაბამება იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს დასახული.“
კომენტარი, ასევე, გააკეთა ნიკოლოზ ჯღარკავამაც, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა:
„ხუთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ფეხბურთის განვითარების გრძელ და რთულ გზას დაადგა. თავისი ჰოლისტური მიდგომით ფედერაციამ მომდევნო სტრატეგიული პერიოდისთვის მყარი საფუძველი ჩამოაყალიბა. აღნიშნული გზის დასაწყისში, ჩვენი ქალი ფეხბურთელებისთვის კონკურენტუნარიან მატჩებში მონაწილეობის ერთადერთ პლატფორმას წარმოადგენდა საერთაშორისო ტურნირების შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობდა ქალთა ეროვნული ლიგა ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრი. სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების წამყვანი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ მნიშვნელოვნად გარდავქმენით ზემოაღნიშნული გარემო.
სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ძლიერი დამხმარე სტრუქტურის შექმნა საზოგადოებრივ ადგილებსა და კლუბებში, რაც მწვრთნელებს, მსაჯებსა და მოხალისეებს პროფესიულ ზრდაში დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გრძელვადიანი წარმატების საწინდრად მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ქალთა ფეხბურთის პოზიტიური და ინსპირაციული იმიჯის შექმნასა და უსაფრთხო, მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას ყველა გოგონასა და ქალისთვის, ვისაც თამაში სურს.