ხელისუფლება უნგრეთში კორონავირუსის გამო შემოღებულ გადაადგილების შეზღუდვებს უვადოდ ახანგრძლივებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ხუთშაბათს განაცხადა.
უნგრეთში გადაადგილების პირველი შეზღუდვები ორი კვირის წინ დაწესდა – ადამიანებს აუცილებელი საჭიროების ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გარდა სხვა მიზეზით სახლის დატოვება ეკრძალებათ. გასულ თვეს დაწესებული აკრძალვები 11 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო.
ორბანის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ეპიდემიოლოგებსა და მეცნიერებთან გაიარეს. მთავრობა დარწმუნებულია, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემოღებულმა შეზღუდვებმა ეფექტურად იმუშავა და ვირუსის გავრცელება შეაფერხა.
პრემიერმინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან მთავრობის მოთხოვნები, თავი აარიდონ შეკრებებსა და შეინარჩუნონ უსაფრთხოების დისტანცია. ორბანის განცხადების თანახმად, მთავრობა რეგულაციების შედეგებს ყოველკვირეულად გადახედავს, ვიდრე მათი მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ მერებს განსაკუთრებული უფლებამოსილებაც ენიჭებათ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებში დამატებითი აკრძალვები შემოიღონ.