2019 წლის დადგომისთანავე ჟურნალ New York Times-მა გამოაქვეყნა სია 52 ქალაქისა, რომლებსაც გვირჩევენ, რომ ვესტუმროთ წლის განმავლობაში. სიაში ერთ-ერთი ბათუმიცაა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ესტუმრა New York Times-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი, სებასტიან მოდაკი და ახლახანს თავის სტატიაში შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
6-დღიანი მოგზაურობის აღწერა თბილისი-ბათუმის გზით იწყება, სადაც პირველივე დაბრკოლება იჩენს თავს. ეს დაბრკოლება ბათუმის ყველა სტუმრისთვის, მათ შორის ქართველი დამსვვენებლებისათვის, ყველაზე საწყენი დეტალია – გადაუღებელი წვიმა. ბუნებრივია სებასტიანი დაინტერესდა გასართობებითა და აქტივობებით, რომლებითაც ასეთ ამინდში შეიძლება დაკავდეს ტურისტი და კაზინოების მეტი ვერაფერი აღმოაჩინა. ამ დისკომფორტზე, მეც პირველად დავფიქრდი. არასეზონურ პერიოდში უამინდობისას ბათუმში მხოლოდ კვების ობიექტებითა და აზარტული თამაშებით თუ შეუძლია ტურისტს დრო გაიყვანოს. ტურისტული ნაბიჯების წინ გადასადგმელად კი, არ გვაწყენდა ამ ჩამონათვალის გამრავალფეროვნება.
წვიმით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად სებასტიანმა მოგზაურობის მასშტაბები გაზარდა, გასცდა ბათუმს და აჭარის ისეთ ადგილებს ესტუმრა, ყველა ქართველისთვისაც რომ არაა ცნობილი. მათ შორის მტირალას ეროვნულ პარკს, სოფელ ბეშუმსა და მირვეთს.
სტუმარმა 6 დღეში დატოვა ბათუმი, მაგრამ მოგვიმზადა ქართული სუფრის ტრადიციებით გაკვირვებული, აჭარის მრავალფეროვანი ლანდშაფტით გაოცებული და ბათუმის არქიტექტურით მოხიბლული ემოციებით სავსე სტატია New York Times-ში.
წყარო: NYT