ტრამპი: ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები შობისათვის სახლში უნდა დაბრუნდნენ

FILE PHOTO: An armoured vehicle patrols near the side of an incident where two U.S soldiers were killed a day before in Shirzad district of Nangarhar province, Afghanistan February 9, 2020.REUTERS/Parwiz

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ამერიკელი სამხედრო, რომელიც ავღანეთში მსახურობს, შობისათვის სახლში უნდა იყოს. დონალდ ტრამპმა ეს სიტყვები მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებიდან რამდენიმე საათში გააჟღერა. რობერტ ო’ბრაიანმა ნევადას უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების რიცხვი ავღანეთში 2500 სამხედროთი შემცირდება.

აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვალში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, უცხო ქვეყნის ჯარებმა სახელმწიფოს ტერიტორია 2021 წლის მაისისთვის უნდა დატოვონ. ტრამპმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, ასევე, განაცხადეს, რომ ნოემბრისათვის ავღანეთს 4000-დან 5000-მდე ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ამასთან ერთად, მათ აღნიშნეს, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანა დამოკიდებული იქნება სახელმწიფოში არსებულ სიტუაციასა და თალიბანის მხრიდან შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაზე.

„ავღანელებმა უნდა შეასრულონ სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა. ეს იქნება ნელი და რთული პროცესი, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია მშვიდობისათვის. ამერიკელები სახლში უნდა დაბრუნდნენ.“ – განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

საგულისხმოა, რომ კატარში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, სხვადასხვა მასშტაბის შეტაკებებში ათობით ავღანელი სამხედრო და თალიბანის მეომარი დაიღუპა. გასულ კვირებში თალიბანის თავდასხმებს ასობით მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. ამას გარდა, 2001 წელს აშშ-ს მიერ ავღანეთის ინტერვენციის შემდეგ ავღანეთში გარდაცვლილ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი 2400-ს აღწევს.

წყარო: reuters