ინტერვიუ ეთერ ჭკადუასთან
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო: ანა ბოკო
ვიზაჟი: მარიკა ტარასაშვილი
ხელოვნების თანამედროვე ბაზარს თავისი თამაშის წესები აქვს: ამ ბიზნესს დღეს დილერები განაგებენ. ამას აჩვენებს გლობალური რიცხვები და ასე ფიქრობს ბევრი ხელოვანი. მაგრამ არა – ეთერ ჭკადუა. ის – სხვანაირია.
ეთერ ჭკადუას ‘სხვანაირობა’ ყველაფერში იგრძნობა: ფერად ნაქსოვ სამოსში; ცალ მხარზე გადმოგდებულ გრძელ ნაწნავში; გამჭოლი და თავდაჯერებული მზერით შეიარაღებულ მუქ შავ თვალებში, რომლებიც ჩემთან ინტერვიუმდე ხან Forbes Woman Georgia-ს ფოტოკამერის ობიექტივის პირისპირ სწორდებიან, ხანაც მის მიღმა გახედვას ცდილობენ.
ეთერ ჭკადუას თბილისური ბინაც, სადაც იშვიათად, მაგრამ ზუსტად მაშინ ჩამოდის, როცა ნოსტალგია გაუსაძლისი ხდება, მას გამოხატავს – ბევრი სივრცით, დღის სინათლით, სიმშვიდისა და ეიფორიის ნაზავით, ძველი და ახალი ნახატების შემოქმედებითი აურზაურით და კვერცხის გულივით ყვითელი ფარდებით, რომელიც, გული მიგრძნობს, ჟურნალის ფოტოზეც მოხვდება.
ნოსტალგია, როგორც წესი, მისგან დამოუკიდებელ, სხვა შთაბეჭდილებებსაც აძლიერებს. ეთერ ჭკადუას კი ასეთი თვისება აქვს: ცხოვრების გზაზე არცერთი გამოცდილება არ ეფანტება, ყველას ერთად კრებს და ახალ იდეად, შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნის.
„ეხლა გამოვიგონე ასეთი რამ“ – ისე ამბობს, ამ გამოგონებებს დიდი ხანია მიჩვეულია: „უცხო პლანეტა – Alien Bloom–ი, სადაც დიდი ფერადი ყვავილები იზრდება. პატარაობიდან ჩარჩენილ ემოციებს, ჩემი ცხოვრების დრამატულ სიტუაციებს, ფენომენებს, რომლებიც ვერ ამოვხსენი – ყველაფერს ამ პლანეტაზე ვაცოცხლებ. მაგალითად, წაწლობა დავხატე – სულ ვფიქრობდი, ვინ მოიგონა, თითქოს ბრძნულია, თან არაბუნებრივი. ეს პლანეტა ასეთი შთაბეჭდილებების საწყობია. ყველაფერი აქ დავყარე“.
დიდი ფერადი ყვავილებიც ჯერ კიდევ ახალი პროექტია. ამ პროექტში ეთერ ჭკადუა თავის ძმასთან, გოჩა ჭკადუასთან თანამშრომლობს. გადაყრილი პლასტმასის ბოთლები მოაგროვეს და ძმამ სულ ხელით იმუშავა იმისთვის, რომ სახელოსნო ერთ დიდ ფსიქოდელიურ ბაღად ქცეულიყო. ეს ყვავილები ჯერ ეთერ ჭკადუას ნახატებში აყვავილდნენ, ახლა – უცხო პლანეტაზე გადარგვასაც ელოდებიან: „ამ პლანეტაზე პლასტმასის ყვავილები, ძველი ფოტოები, ქართული წარწერები, ნახატების ილუსტრაციებივით გაფორმებული მოკლე ფილმი, რომელსაც მე გადავიღებ – ყველაფერი ერთად იქნება. Alien Bloom-ი დაიტევს ყველაფერს, რაც მახსოვს, რაც ხატვის ამ 30 წლის განმავლობაში, თავს გადამხდენია“.
პლასტმასის ბოთლების შეგროვება განაცხადია. ისევე როგორც თავის დროზე ქალების თუ ლგბტ თემის მხარდაჭერა, რუსეთის ოკუპაციაზე ცნობიერების ამაღლება ან კოლექცია, რომელიც მშობლიურ ოტობაიას ეძღვნება: „ეს კოლექცია ქართული მოკლე ტექსტებით არის გაფორმებული. ეს იმისთვის მჭირდება, რომ დამთვალიერებელმა მხოლოდ იარაღი კი არ აღიქვას ჩემს ნახატში, არამედ ის ემოცია იგრძნოს, რომელიც თან კონკრეტული იარაღის კონკრეტულ ადგილას გასროლას მოჰყვება. ყველა იარაღს თავისი ისტორია აქვს. მე მინდა, მოვყვე ოტობაიას ისტორია“.
თბილისში ჩამოსულმა გაიგო, რომ განათლების კანონიდან სიტყვა ლიბერალური ამოიღეს – ახლა ვერ ისვენებს, ამ შთაბეჭდილების ტილოზე თარგმნა უნდა. „ხელოვანმა უნდა გამოხატოს რაღაც პროტესტი“ – მტკიცედ ამბობს და ამატებს: „ხელოვანებს მეტი თავისუფლება გვაქვს. სამსახურიდან ვერავინ გაგვიშვებს. ამიტომაც – ნაკლებ კომპრომისზე გვიწევს ცხოვრებაში წასვლა“.
შინაგან პროტესტს ამერიკაშიც ღიად გამოხატავს. შარშან ნიუ -იორკელ უსახლკაროებს მთელი წელი ხატავდა – მდიდრების უბანში, სადაც მისმა მეგობარმა დროებით ბინა დაუთმო. „სწორედ იქ მომინდა უსახლკაროების დახატვა“ – ამბობს და ეღიმება.