ტექნოლოგიის ვექტორი – ანა ავალიანი

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: http://bigtimages.co.uk

თავდაჯერება, მიზანი, საკუთარ თავზე განუწყვეტელი მუშაობა, აქტიური კონტაქტი დადებით ადამიანებთან და ფართო ხედვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იყო დამოკიდებული მხოლოდ წიგნებიდან ამოკითხულ ცოდნაზე ‒ ეს არის ანა ავალიანის მთავარი გაკვეთილები, რაც გამოცდილებამ ასწავლა და დღეს წარმატების იმ ეტაპზეა, როცა Forbes Woman-ის ფურცლებიდან შეუძლია თავისი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს.

ამაში ცოტა ხანში თავად დარწმუნდებით.

ანა დღეს დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის იმ აკადემიის თანამშრომელია, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით და მხოლოდ დიდ კონკურენციაში გამარჯვების შემდეგ არჩევს საკუთარ თანამშრომლებს.

Royal Academy of Engineering-ის მისია ამას ნამდვილად მოითხოვს, რადგან მიზნები და ამოცანები საკმაოდ ამბიციური აქვს: გაერთიანებული სამეფო უნდა გახდეს ლიდერი ქვეყანა საინჟინრო და ინოვაციური გადაწყვეტების სფეროში; საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს საინჟინრო უნარებთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაში; უნდა გაზარდოს ინჟინერიის როლი, მნიშვნელობა და მიმზიდველობა როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის, როგორც ‒ ლოკალურად, ისე ‒ გლობალურად.

ამ ამბიციური მიზნების განხორციელებას Royal Academy of Engineering-ი მხოლოდ 100 თანამშრომელს ანდობს. ანა ავალიანი არა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია, არამედ მას მთელი მიმართულების მართვა აბარია ‒ ეს Enterprise-ის პროგრამაა. 2013-2019 წლების მთავარი რიცხვები ასეთია: 75 მხარდაჭერილი სტარტაპი; 400-ზე მეტი მაღალპროფილური ახალი სამუშაო ადგილი; სტარტაპების მიერ მოზიდული 130 მილიონ დოლარზე მეტი.

„პირველ რიგში, ჩემი ფუნქცია ის არის, რომ აღმოვაჩინო კომპანიები, რომლებიც კონკრეტულად ინჟინერიის და ტექნოლოგიების სფეროში იქმნება და შემდეგ დავეხმარო მათ გაიზარდონ, განვითარდნენ, შექმნან სამუშაო ადგილები და, რაც მთავარია, წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში“, ‒ ამბობს ანა ავალიანი, რომელიც 5-კაციან გუნდთან ერთად, მთელ ბრიტანეთს ფარავს და ახალბედა კომპანიებს ისეთ ადამიანებთან, ისეთ პროფესიონალებთან აკავშირებს, რომელთა ტექნოლოგიურ მიღწევებსაც ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად ვიყენებთ.

არ ვაჭარბებ.

მაგალითად: ანა ავალიანი პირადად იცნობს და იყენებს იმ ადამიანის რჩევებს და ექსპერტიზას, ვინც შექმნა ის მიკროპროცესორები, რომლებიც ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ ჩემს კომპიუტერს ამუშავებს და თქვენსასაც აამუშავებს, როცა ამ სტატიას მათ შორის, Forbes Woman-ის ვებგვერდზეც წაიკითხავთ და გააზიარებთ.

და მაინც, რატომ გააკეთა უცხო ქვეყნის მოქალაქე ანა ავალიანზე არჩევანი აკადემიამ, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულია?

ამ კითხვაზე პასუხის პირველი დიდი ნაწილი თავად ანა ავალიანის პიროვნებაა ‒ დადებითი, უშუალო, გულწრფელი ღიმილით, ზომიერი თავმდაბლობით, დამაჯერებლობით და მთელი მონდომებით, ბოლომდე გაგაგებინოს ის, რისი თქმაც უნდა.

მეორე დიდი ნაწილი მისი განათლებაა. განათლებით ჟურნალისტია ‒ ამბობს, რომ თავიდანვე გენური ინჟინერია აინტერესებდა, მაგრამ ისეთ პერიოდში მოუწია ცხოვრება, როცა მეცნიერულ ცნობისმოყვარეობას, სხვა ‒ უფრო სოციალურ-პოლიტიკურმა ცნობისმოყვარეობებმა სძლია. „როგორც ხედავთ, დღეს არც გენეტიკოსი ვარ და არც ჟურნალისტი“, ‒ ღიმილით მეუბნება და ამით კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, რამდენად კომფორტულად და რეალიზებულად გრძნობს თავს იქ, სადაც დღეს არის.

ჩივნინგის დაფინანსების მიღების შემდეგ, ანამ სწავლა კემბრიჯში გააგრძელა ‒ სწორედ იქ ისწავლა, როგორ შეიძლება საკუთარი ტექნიკური უნარებით ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ სტარტაპებს განვითარების რეალური შანსი მისცე ‒ ამ ცოდნას დღემდე წარმატებით იყენებს.

კემბრიჯამდე ანა ავალიანი უკვე მუშაობდა იმ დროისთვის საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სტარტაპში ‒ მაგთიკომში. როცა ანას კონკურენტულობას ვაფასებთ, მესამე დიდი ნაწილი სწორედ მისი გამოცდილებაა, რომელშიც ძალიან წარმატებით თარგმნა ის ცოდნები და უნარები, რაც მისმა პიროვნებამ და განათლებამ განაპირობა. „საინტერესო სკოლა იყო ჩემთვის. მაგთიკომში დაახლოებით 10 წელი ვმუშაობდი. ასე დაიწყო ჩემი და ტექნოლოგიების ურთიერთობა“ ‒ მიყვება ანა და დეტალურად იხსენებს იმ გამოწვევებს, რაც მაშინ იდგა დღის წესრიგში მის წინაშე ‒ მაგალითად, 90-იანების თაობას ე.წ. ვოისმეილი და ფრიფეიდ ბარათები რომ გვიხაროდა, ამაში ანა ავალიანის ხელიც ურევია; ან მობილურში გაგონილი ხმა: „მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“ თუ გახსოვთ ‒ დიახ, ეს ანა ავალიანის ხმაა.

Forbes Georgia-ს „საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგში“ მაგთიკომი დღეს მეხუთეა. ის საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ამ კომპანიის შემოსავალი 2017 წელს 477 მილიონ ლარზე მეტი იყო.

კემბრიჯში ტექნოლოგიებისადმი ინტერესის კონკრეტულ უნარებად ქცევამ ანა ავალიანი ლონდონის მერიამდეც მიიყვანა. „ჩემი ფუნქცია იყო ინოვაციების ხელშეწყობა და უცხოელ ინვესტორებთან მუშაობა, უცხოელი ინვესტორების ლონდონში მოზიდვა“ ‒ ამბობს ანა და დეტალურად განმარტავს: „ყველა პირობა უნდა შეგვექმნა მათთვის, რომ არ წასულიყვნენ ბრიტანეთიდან, ლონდონიდან, სწორედ აქ გაზრდილიყვნენ და განვითარებულიყვნენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნისთვის“.

და კიდევ უფრო მეტად ‒ ლონდონისთვის. ამაზე ამ ქალაქის მცხოვრებთა ბრექსიტისადმი დამოკიდებულებაც მიუთითებს: ლონდონში 2 მილიონ 260 ათას მოქალაქემ ხმა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას მისცა.

მაგრამ ისევ ანას რომ დავუბრუნდეთ: შემდეგი დიდი ნაბიჯი მის კარიერაში საკონსულტაციო კომპანია PA Consulting Group-ი იყო. აქაც ანამ ისეთი სამსახური იპოვა, სადაც მხოლოდ ტრადიციული მიდგომებით ფონს ვერავინ გავა: ეს ჯგუფი სხვებზე ადრე მიხვდა, რომ 5-წლიანმა განვითარების სტრატეგიებმა და 10-წლიანმა IT პროგრამებმა საკუთარი თავი ამოწურეს. ინოვაციისა და ციფრულობის ამ ეტაპზე, ეს უკვე გუშინდელი დღეა. დღეს ახალ, კიდევ უფრო კომპლექსურ, მაგრამ მოქნილ მიდგომაზეა მოთხოვნა და ეს მიდგომა თავის თავში უნდა აერთიანებდეს ინოვაციას, რომელიც კომერციულად მომგებიანია, ტექნიკურად ხელმისაწვდომია და მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს. სწორედ ამიტომ, ამ ჯგუფში ანა ავალიანის მთავარი საქმე მომხმარებლებისთვის ინოვაციური, ციფრული გადაწყვეტების შეთავაზება და ისეთი ტრანსფორმაციული უნარების განვითარებაში დახმარება იყო, რაც 21-ე საუკუნეში მათ სწრაფი და ეფექტიანი ცვლილების შესაძლებლობას მისცემდა.

ყველაზე კრიტიკული მიზანი კი, ანას საქმიანობის ამ ეტაპზეც, არსებული პოტენციალის აღმოჩენა და მაქსიმალური გაღვიძება იყო, ვიდრე მხოლოდ მშრალი რიცხვები.„ბევრ სამთავრობო პროექტზეც ვიმუშავე. ეს დღემდე გასაიდუმლოებული პროექტებია და, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია იქ აღარ ვმუშაობ, ჩემს პროექტებზე ბოლომდე ღიად საუბარი არც ახლა შემიძლია“ ‒ მითხრა ანა ავალიანმა, თუმცა ჩემთვის საკვანძო სიტყვა „ბოლომდე“ აღმოჩნდა.

რომ აღარ მოვეშვი, ეს გამიზიარა: „ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც იქ ვაკეთებდი ბეირუთში, ლიბანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ბრიტანეთისა და ლიბანის ტექნოლოგიური ცენტრი ‒ ასე ერქვა პროექტს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ‒ ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომ მსოფლიო ბაზარზე ამ ქვეყნის სამეწარმეო ბაზისთვის გზა უფრო ადვილად გახსნილიყო“ ‒ მოკლედ ყვება ანა ავალიანი.

რასაც არ გვეტყვის ანა, გვეტყვის Google. ამ დროისთვის UK Lebanon Tech Hub-ს მხარდაჭერილი ჰყავს 81 სტარტაპი; მოზიდული აქვს 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია; გენერირებული აქვს 52 მილიონი დოლარის შემოსავალი; შექმნილი აქვს 2000 სამუშაო ადგილი და მისი პორტფოლიოს ღირებულება ამ დროისთვის უტოლდება 224 მილიონ ამერიკულ დოლარს.

უკვე დავინახეთ, რომ ყველა კომპანია, რომელშიც ანა ავალიანმა იმუშავა, საბოლოოდ გაიზარდა და დღეს, ბევრად უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე მაშინ, როცა ანა იქ კარიერას იწყებდა.

სულ მალე ისიც გამოჩნდება, რომ ყველა ის უნარი, რომელიც ანა ავალიანმა თავისი კარიერის სხვადასხვა საფეხურზე შეიძინა, შეძლო და გააერთიანა, ცალკეული გამოცდილებები ერთ დიდ ინტეგრირებულ გამოცდილებად აქცია და ამ ყველაფერს ერთი მთავარი გასაღებიც მოარგო ‒ რა? ამაზე ოდნავ მოგვიანებით, როცა 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარებზე დავსვამ კითხვას.

მანადე ‒ ანა ავალიანის წარმატების მდგენელი მეოთხე დიდი ნაწილი ოჯახი და აღზრდაა, რომელსაც თავად ანა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:„მე დედის სახით ძალიან კარგი მაგალითი მყავდა, რომ დამენახა რა მოაქვს შრომას, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალი იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს პროფესია და უყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებს“.

ანა ავალიანის თვითგანვითარების გზა, რომელიც მე თქვენთვის მნიშვნელოვან ნაწილებად დავყავი,ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც, მის კონკურენტულობას განსაზღვრავს. კონკურენცია კი იმ ბაზარზე, რომელზეც ანამ შეძლო თავის დამკვიდრება, ძალიან მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები შრომის ბაზრის თითქმის ნახევარს შეადგენენ, ე.წ. STEM სფეროში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ქალების მხოლოდ 28%-ია დასაქმებული.თუმცა ქალისთვის ამ სფეროში დასაქმება ერთია და პოზიციის თუ კარიერის ამავე სფეროში შენარჩუნება ‒ მეორე. ამ ტიპის სამსახურს ქალები უფრო ხშირად ტოვებენ, ვიდრე კაცები. ფაქტორებს შორისაა, იზოლაცია, მტრული სამუშაო გარემო და არასაკმარისი უკუკავშირი.

შესაბამისად, კონკურენციის გადასალახად, ქალებს უწევთ არა მხოლოდ STEM უნარების სხვაზე უკეთ გამოვლენა, არამედ იმ გამოწვევებთან გამკლავებაც, რაც მათ სამუშაო გარემოს ახლავს თან ‒ ამდენად, მათთვის კომუნიკაციის უნარს, პრაქტიკულად, გადამწყვეტი წონა ენიჭება.

აქ მივადექით უკვე ჩემს კითხვას ‒ რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში კონკურენტულობა შევინარჩუნოთ? ანა ავალიანის გასაღებს რამდენიმე კბილი აქვს: „ემპათია ძალიან მნიშვნელოვანია ‒უნდა შეგეძლოს ადამიანის მდგომარეობა გაიზიარო; მნიშვნელოვანია თანამშრომლებმა შენში ლიდერი დაინახონ, რადგან სხვაგვარად არ გამოგყვებიან, მაგრამ, ამავდროულად, შენ გუნდი უნდა შეკრა, გუნდურად უნდა იმუშაო; როგორც ლიდერმა უნდა შეძლო, რომ შენი ღირებულებები შენმა გუნდმა გაიზიაროს; ბოლო-ბოლო სხვებთან ურთიერთობა უნდა შეგეძლოს, მათზე დადებითი გავლენა უნდა მოახდინო და განვითარების ვექტორი ასე უნდა განსაზღვრო“.

ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ მის კარიერულ წარმატებას ისიც განსაზღვრავს, თუ როგორ ზუსტად აქვს გააზრებული უწყვეტი თვითგანვითარების აუცილებლობა. „დღეს, ამ ტექნოლოგიურ ბუმში, ცოდნა ისეთი რამ არის, რომ თუ სწავლა გინდა, აუცილებლად შეძლებ. მაგრამ დამოკიდებულება ‒ სულ სხვა რამაა. ჩემი აზრით, ის გაცილებით ბევრ რამეს წყვეტს. მგონია, რომ ადამიანების დამოკიდებულება ძალიან იშვიათად იცვლება, ამიტომ მის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის“ ‒ ამბობს ანა ავალიანი.

ერთმანეთს ლონდონის საფონდო ბირჟის ოფისში ვხვდებით ‒ იქ, სადაც მსოფლიო ფინანსური ბაზრები დუღს და გადმოდის; იქ, სადაც მხოლოდ კონკურენცია განსაზღვრავს დიდ წარმატებასაც და დიდ მარცხსაც; იქ, სადაც მსოფლიოს ფინანსური განვითარების პულსი ყველაზე ჩქარა ცემს და ყველაზე გარკვევით ისმის…

იქნებ ამ რიტმში ანას გამოცდილებაც გამოგვადგეს. ბოლო-ბოლო, თუ გამოგონებაზე ვხარჯავთ დროს, ხომ არ ვცადოთ, რომ დამოკიდებულება შევცვალოთ და ჩვენი ველოსიპედი უფრო თანამედროვე ტექნოლოგიით აღვჭურვოთ.