სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებები მიმდინარეობს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დღეს დილით უკიდურესად დაიძაბა. სომხური და აზერბაიჯანული მედია წყაროები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

Photo via BBC news

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეტაკება დღეს, დილის რვა საათსა და ათ წუთზე დაიწყო, ჩამოგდებულია ორი ვერტმფრენი და სამი დრონი, განადგურებულია სამი ტანკი და სომხური მხარის საჰაერო თავდაცვის თორმეტი სისტემა

„ჩვენი პასუხი მოვლენების პროპორციული იქნება, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად პასუხისმგებელია შექმნილ სიტუაციაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

პრესსპიკერ შუშან სტეპანიანის თქმით, კონფლიქტს სტეპანაკერტის მოქალაქე დედა-შვილი ემსხვერპლა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სომხეთის მიმართ ცეცხლის გასახსნელად აზერბაიჯანულ მხარეს სამხედრო მიზეზები და ინტერესი არ გააჩნია, ამიტომ სომხეთმა დაწყებული შეტაკება უნდა შეწყვიტოს.

ნაგორნო-ყარაბაღის რეგიონში სომხურმა მხარემ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მამაკაცებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა. სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, განცხადების მიხედვით, საარტილერიო და საჰაერო თავდასხმა აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო, ხოლო აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეტევა სომხური მხარის მიერ ყარაბაღის აზერბაიჯანული მოსახლეობით დაკომპლექტებულ სოფლებზე საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის გახსნით იყო პროვოცირებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და სიტუაციის გასანაიტრალებლად მოლაპარაკებების წარმოებაში ჩაება.

წყარო – BBC