სიმღერამ Baby Shark YouTube-ზე ახალი რეკორდი დაამყარა

PINKFONG / YOUTUBE

სიმღერამ Baby Shark YouTube-ზე ახალი რეკორდი დაამყარა. ვიდეოკლიპს 7.04 მილიარდი ნახვა აქვს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მომღერალ ლუის ფონსის ლათინურ პოპს Despacito, რომელსაც აქამდე ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა. სიმღერა Baby Shark სამხრეთ კორეული კომპანიის Pinkfong მიერ 2015 წელს ჩაიწერა. ამ წელსვე ვიდეო YouTube-ზეც აიტვირთა. ოთხი წლის განმავლობაში სიმღერა ტოპ 100-ეულში დაასახელეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მას ბევრად უფრო დიდი ისტორია აქვს.

ვარაუდობენ, რომ 1970-იან წლებში აშშ-ის საზაფხულო ბანაკებში Baby Shark-ის მელოდია დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შეგახსენებთ, რომ 1975 წელს ამერიკელი რეჟისორის, სტივენ სპილბერგის, ახალი ფილმი „ყბა“ გამოვიდა. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით ადამიანები კინოეკრანებთან მიაჯაჭვა. გამომდინარე აქედან, მუსიკალური ვარიაცებიც, შესაძლოა, აღნიშნული პერიოდიდან მოდიოდეს.

კომპანია Pinkfong–მა მხოლოდ YouTube–ის ნახვებით $ 5,2 მილიონი გამოიმუშავა. წლების განმავლობაში მუსიკალური კლიპი გამოწვევადაც გადაიქცა (#BabySharkChallenge) და მსოფლიო მასშტაბით ადამიანები ვიდეოში არსებულ ცეკვის მოძრაობებს იმეორებდნენ. Pinkfong-ის მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, კომპანიის სიმღერები ძირითადად ნელი და მშვიდი იყო. „Baby Shark“-ის დინამიური მელოდიით კი, კომპანია ისეთივე დიდების მოპოვებას გეგმავს, როგორიც „Twinkle Twinkle Little Star”-ს აქვს.