ავტორი: მაკა ცხვედიანი
მირა ცნობილი ტელევარსკვლავია, რომელსაც ყოველკვირეული პოლიტიკურ-გასართობი ლაივ-შოუ “საწოლში მირასთან” მიჰყავს. გადაცემის სტუმრები მხოლოდ პოლიტიკოსები არიან. მირა მათ საწოლში იწვევს და ასეთ გარემოში ცდილობს ინტიმურ საუბრებს. სპექტაკლზე დამსწრე მაყურებელი გადაცემის ლაივ-შოუს ჩაწერაზე მყოფი აუდიტორია ხდება და იმ დადგმაში ერთვება, რომელიც ჩვენ თვალწინ გათამაშდება.
სპექტაკლი კი სულ მალე გათამაშდება “თეატრი ათონელზე”-ს სცენაზე. გათამაშდება დრამა თანამედროვეობის ყველაზე მტკივნეულ პრობლემებზე დაფიქრების გარანტიით. რეალობის უბოდიშო მხილებით, ირონიისა და სევდის კომბინაციით.
მიზანსცენა ბევრჯერ იცვლება და რამდენჯერაც იცვლება, უცვლელი ერთადერთი რჩება – მოულოდნელობის ეფექტი. სიუჟეტის არაპროგნოზირებადი გაგრძელება. გაოცება, რომელიც არ გტოვებს. კიდევ კითხვები: ვინ არის ეს მირა, სატელევიზიო გრიმის მიღმა საკუთარ ასაკსა და ნამდვილ სახეს რომ მალავს? ვინ არის ნამდვილი მსხვერპლი ამ თამაშში? თვითონ მირა თუ მაყურებლების დარბაზიდან მოულოდნელად გამოჩენილი რევოლვერიანი ბიჭი? ან იქნებ საზოგადოება, რომელიც დარბაზში თუ ტელეეკრანებთან ზის? ვინ მართავს ამ პროცესს? როგორ განვითარდება მოვლენები? ერთი ადამიანის სიცოცხლე პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ? ერთი ადამიანის სიცოცხლე რეიტინგის ფასად?
შიში, იმედგაცრუება, სევდა, ტყუილი, ღალატი, გაუცხოება – წარმოდგენა ამ და სხვა ადამიანურ ტკივილებს ხდის ფარდას და პასუხებიც იქვეა. ჩვენსავე აღქმაში, ასოციაციებში, ემოციებში. იმ ყველაფერში, რასაც სპექტაკლიდან წამოვიღებთ, ფარდა რომ დაეშვება.
ან, უფრო ზუსტად, რაც წამოგვყვება.
სოფო ქელბაქიანი/რეჟისორი
„ზოგადად, როცა რაღაც მასალას სამუშაოდ იღებ, თუ ის ძალიან მნიშვნელოვანი არაა შენთვის, რაღაც შინაგან მუხტს არ გაძლევს,- სასურველ განწყობას ვერც მაყურებელს გადასდებ და ვერც იმ გუნდს, ვისთანაც მუშაობ. პირველ რიგში, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ საოცარი გუნდი შეიკრა. რაც შეეხება მასალას, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ქმნის სათქმელს, რაზე საუბარიც სცენიდან მინდა. ეს არის ერთადერთი სამეტყველო ენა, რითიც მე შემიძლია საკუთარი სათქმელი გადმოვცე. შესაბამისად, მე და მაკას დიდხანს გვქონდა დიალოგი იმაზე, თუ რა გვქონდა სათქმელი, რაზე გვინდოდა გველაპარაკა. იქიდან გამომდინარე, რომ სპექტაკლში მოქმედება ტელევიზიაში ხდება, ამოცანა იყო თეატრი ტელევიზიის პავილიონად გადაგვექცია, რომელშიც პიესის მთელი სიუჟეტი განვითარდებოდა. ამისთვის დაგვჭირდა იმიტირებული საეთერო, იმიტირებული სტუდია და ის დეტალები, რითიც ტელევიზია იქმნება. თუმცა სპექტაკლი არაა მხოლოდ ტელევიზიაზე. მედია ამ შემთხვევაში ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სხვა პრობლემებზეც ვსაუბრობთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ შევძლოთ თუნდაც ერთ მაყურებელს, რომელიც დარბაზში იჯდება, გადავდოთ ის პრობლემა თუ სატკივარი, რომელზეც ვსაუბრობთ. და თუ ერთ ადამიანს მაინც მტკივნეულად შეეხო ჩვენი ნამუშევარი, ესე იგი, სპექტაკლი შედგა და მიზანი მიღწეულია. ამ სპექტაკლზე მუშაობისას ისეთ მსახიობებთან მიწევს თანამშრომლობა, რომ თვითონაც დიდ გამოცდილებას ვიღებ. შეიძლება ითქვას, გაცვლითი ფორმა აქვს ჩვენს რეპეტიციებს, იმიტომ, რომ რას გავცემ და რას ვიღებ მათგან, ამის ზღვარი დაკარგული მაქვს. საოცრად საინტერესო, ქარიშხალივით თავბრუდამხვევი პროცესია, რასაც სწორი გამკლავება სჭირდება, სწორი გააზრება, მიღება და გადმოცემა.“
მაკა კუკულავა/პიესის ავტორი
„ამ პიესაზე მუშაობა მე და სოფომ სამი წლის წინ დავიწყეთ. იმის მიხედვით ვწერდით, რა გვაწუხებდა იმ მომენტში, რა სათქმელი გვქონდა. ასე გამოიკვეთა ისტორია, პერსონაჟები და ა. შ. თუმცა მაშინ გავჩერდით და ახლა გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ის, რაც ორივეს ძალიან გვინდოდა სცენაზე გვენახა. მგონია, რომ თავისი ცხოვრება აქვს ამ პიესას- სამი წლის განმავლობაში რაღაც რეალობა შექმნა და ჩვენც ხან ვართ იმ რეალობაში, ხან – არა. მერე უკვე მსახიობები შემოემატნენ ამ რეალობას, ახალი დეტალები გაჩნდა. იმდენად მინდოდა ეს პიესა დადგმულიყო, დღესაც რომ მოვდივარ და დეკორაციას ვხედავ, მაინც ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერამდე სულ ცოტაა დარჩენილი. მინდა იმ მაყურებელმა, ვინც მოვა, თავადაც გაიაროს ერთ-ერთი გმირის გზა, რომელსაც ჩიხიდან გამოსვლა უნდა და ვერ გამოდის. თან აქ ისეა, რომ სპექტაკლზე მოსული მაყურებელი თვითონ ხდება დადგმის მონაწილე: სატელევიზიო შოუს ჩაწერაა, ვითომ პირდაპირ ეთერში გადაიცემა და თეატრში მოსული მაყურებელი გადაცემის ჩაწერაზე დამსწრე აუდიტორიის როლშია. აქედან გამომდინარე, ეს ზღვარი სპექტაკლსა და რეალობას შორის ძალიან მძაფრი უნდა იყოს და, წესით, ემოციაც უნდა გამოიწვიოს. კამერული სპექტაკლია და კამერულ თეატრში იდგმება, რაც ძალიან მახარებს. სპექტაკლის დასაწყისი ყალბ, საჯარო, არაჯანსაღ გარემოში გათამაშდება, შემდეგ კი მოქმედება ინტიმურ გარემოში გადაინაცვლებს. თუ შევძლებთ და მაყურებელი ბოლომდე შევა ამ ისტორიაში, ძალიან მაგარი იქნება! შეიძლება ზოგს ზედმეტად პლაკატური მოეჩვენოს სანახაობა,- არის ამის საფრთხე,- მაგრამ ეს გამიზნული ჩანაფიქრია. ტელევიზიის თემა ავიღეთ, სადაც ყველაფერი საჯაროა და ყველაფერი, რასაც ლაპარაკობენ, როგორც წესი, ყალბია. სინამდვილეში ამ სიყალბეს შეჩვეულები ვართ, რადგან ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, მაგრამ საინტერესოა თეატრის სცენიდან როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი. შეიძლება მეტი პროტესტის გრძნობა გაჩნდეს. ბევრი თემაა ისეთი, რაზეც თამამად ვლაპარაკობთ. ეს სითამამე რა რეაქციას გამოიწვევს მაყურებელში, წინასწარ რთული სათქმელია და ესეც გამოწვევაა. ვფიქრობ, ნებისმიერი თაობის მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს სპექტაკლი. უფროსი თაობისთვის შეიძლება რაღაცები მიუღებელიც აღმოჩნდეს. ამ წლების განმავლობაში, სანამ დაიდგმებოდა, პიესა მუდმივად ივსებოდა იმ ამბებით, რაც ხდებოდა, გარკვეული თემები შემოიჭრა, რაღაც უფრო გამძაფრდა. სამი წლის წინანდელი ვარიანტი უფრო რომანტიკული და, გარკვეულწილად, გულუბრყვილო იყო, საბოლოო ვერსია კი, ვფიქრობ, უფრო სასტიკია. სამ წელიწადში ეტყობა ჩვენც გავიზარდეთ. ამ სპექტაკლში ძნელია სიმართლის პოვნა. ვიღაცას მიენდობი და უცებ ტყუილში გამოიჭერ. მთელი პიესა რაღაც სახიფათო თამაშია, რომელშიც მაყურებელი უნდა ჩაითრიო.“
ნინო კასრაძე/მსახიობი
„ჩვენ გვინდა, რომ თანაგრძნობა, ემპათია გამოიწვიოს ამ სპექტაკლმა, თუნდაც სიბრაზე. გვინდა, რომ აუღელვებელი არ დატოვოს არავინ, გაუბრაზებელიც არ დატოვოს არავინ და აქედან გასულმა მაყურებელმა არ თქვას, რომ დრო დაკარგა. რატომ დავთანხმდი როლს? სოფოს ნამუშევრები რომ ვნახე, აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო რეჟისორი,-ახალგაზრდა ადამიანი ძიების პროცესში და მაკას პიესა რომ წავიკითხე, ერთმნიშვნელოვნად მივხდი, რომ ეს კარგი პროექტია, რომელიც მხარდაჭერას ითხოვს და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და სასარგებლოა.
ამ სპექტაკლისთვის ჩვენ არაფრის მოგონება არ დაგვიწყია, პიესაც ძალიან დოკუმენტურია, ვცდილობთ აღვწეროთ ის, რაშიც ვართ, რაშიც ვცხოვრობთ. ჩემი გმირიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ჩვენ გვერდითაა ამ გარემოში. თავის პირად დრამას განიცდის და საკუთარ თავს ახლიდან აღმოაჩენს როგორც კიდევ უფრო ძლიერ ადამიანს. რის ხარჯზე, ეს მეორე საკითხია. მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის ულევი შესაძლებლობების ძიების გზა. ერთგვარი რეგენერაციაა,- აი, რომ გგონია ყველაფერი დამთავრდა და რაღაც კიდევ შეგძლებია. შეგიძლია მოინელო ეს სიტუაცია და იქიდან კიდევ უფრო გამონსტრებული, გავეშებული გამოხვიდე. ან არა. მაგრამ ძალებს პოულობ. ჩემი პერსონაჟის მიმართ სიბრალულის განცდა მაქვს. საერთოდაც, საჯარო პიროვნებები მეცოდებიან, იმიტომ, რომ თავიანთ თავს ისე გააშიშვლებენ და ისე მიუგდებენ ხოლმე საჯიჯგნად საზოგადოებას, მერე უკვირთ ხელმოცარულები რომ რჩებიან. არადა, ადამიანები არიან. ძალიან ცოდოა, ზოგადად, ადამიანი.
ჩვენ ამბებს ვყვებით, ჩვენივე დანახულ ამბებს. შენ უნდა შეგეძლოს ამბის მოყოლა. ისე მოყოლა, რომ სხვაზე იმოქმედოს. ამისთვის კი ჩვენ თავადვე ვიცვლებით, თუ შინაგანი ცვლილება არ ხდება, ვერც მაყურებელზე მოახდენ გავლენას. არადა, რა აღაფრთოვანებს მაყურებელს? – ის, თუ როგორ გადმოედინება აზრი, შეგრძნება.
არხები გათავისუფლებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ზუსტად მიაწვდინო სათქმელი ადრესატს. თამაში – ესაა შენი ღიაობა, რომ ყველაფერს მოჰყვე. თუ შენ არ შეგიძლია მოჰყვე, არ შეგიძლია გეტკინოს, თუ არ შეგიძლია ამ პროცესში შეხვიდე,- ცუდში კარგში,- თუ შენ არ ხარ განფენილი და გაშლილი როგორც ერთი უბრალო ამბის მთხრობელი, არაფერი გამოვა. ჩვენ მარტივად დავარქვით ამ ამბავს ის, რომ თანაუგრძნობ საკუთარ გმირს. სინამდვილეში შეიძლება სულაც არ თანაუგრძნობ, მაგრამ ამბავს ჰყვები.”
ელისაბედ ჭიჭინაძე/სცენოგრაფი
„თანაშრომლობის შეთავაზება რომ მივიღე და პიესა წავიკითხე, ძალიან მომეწონა! მრავალწახნაგიანია და იდეალურად ერგება იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩემი და სოფოს შეხედულებებიც იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, ისე ერთნაირად ვხედავთ ბევრ რამეს, რომ მუშაობის პროცესი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის. მგონია, რომ როცა მაყურებელი ამ მუშაობის შედეგს ნახავს, ძალიან ბევრი ემოცია წამოვა. იქნება, ალბათ, აგრესიაც, აღტაცებაც…ეს სპექტაკლი ძალიან კარგად ასახავს თანამედროვეობას, საოცრად საინტერესოა ამით. მე, პირადად, მგონია, რომ ბევრ მტკივნეულ თემას დავინახავთ უფრო ნათლად- სოციალურ გასაჭირს, ტყუილს, მორალურ, პოლიტიკურ პრობლემებს, ურთიერთობის ყველანაირ პრობლემას; ასევე, იმას, რომ, სამწუხაროდ, დღეს ადამიანები სათანადოდ არ უდგანან ერთმანეთს გვერდით. თითქოს ჩვენი ყველა ტკივილი ამ პატარა პიესაშია ასახული.“
თიკა სალუქვაძე/თეატრის მმართველი, სპექტაკლის პროდიუსერი
“თეატრი ათონელზე” უკვე რამდენიმე წელია იწვევს თანამედროვე, ახალგაზრდა რეჟისორებს, დრამატურგებს და საშუალებას აძლევს მათ, მაყურებელს თავიანთი შემოქმედება წარუდგინონ. რეჟისორ სოფო ქელბაქიანთან თეატრი უკვე წარმატებით თანამშრომლობს და ერთობლივად არაერთი პროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას. ვფიქრობ, სპექტაკლი “საწოლში მირასთან“ საინტერესო ნამუშევარია. თანამედროვე და აქტუალურ საკითხებზე რეფლექსირებს. რეჟისორის გადაწყვეტა ინოვაციურია,- ის აქტიურად იყენებს თანამედროვე რეჟისურის ხერხებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს. მსახიობებისა და შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობა, ასევე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი, გვაძლევს იმედს, რომ სპექტაკლი “საწოლში მირასთან“ დადებით გამოხმაურებას მოიპოვებს მაყურებელში.“