საქსტატი: 2019 წელს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

(© stock.adobe.com)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებულ ანგარიშს  აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს რეალური მშპ-ის ზრდამ 5% შეადგინა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მშპ-ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის თანახმად, მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით საბითუმო და საცალო ვაჭრობა გამოირჩევა. ,,ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი)’’, – აღნიშნულია ანგარიშში.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცალკეული დარგების მიხედვით კი, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის მიმართ დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.3 პროცენტი),
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (18.5 პროცენტი),
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება (22.1 პროცენტი),
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.4 პროცენტი),
  • ტრანსპორტი და დასაწყობება (8.4 პროცენტი),
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.1 პროცენტი).

ხოლო, კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-7.5 პროცენტი),
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.6 პროცენტი),
  • სხვა სახის მომსახურება (-12.3 პროცენტი).